ქსოვილის სახეები: არქეტიპები და ხალხური მეხსიერება

ქსოვილის სახეები: არქეტიპები და ხალხური მეხსიერება

საქართველოში ქსოვილის წარმოებას უძველესი დროიდან მისდევდნენ. შესაბამისად, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა როგორც ქსოვილის დამზადების და დამუშავების ტექნოლოგიები, ისე მათი ორნამენტული გაფორმების მეთოდები და ტიპური სახეები.

ქალებისთვის ხელსაქმეში დაოსტატება ბავშვობიდან მატყლის, სელის, კანაფის თუ აბრეშუმის დამუშავებითა და სამზითვე ქსოვილების დამზადებით იწყებოდა. სამზითვე დანიშნულება ხშირად განსაზღვრავდა კიდეც ქსოვილების მორთულობის მოტივებს, რომელიც თავის მხრივ, გამრავლების, ნაყოფიერების და ოჯახის კეთილდღეობის თემას უკავშირდებოდა.

აჭარული დაროშკა, ნეფე პატარძლის გამოსახულებით/ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი ბორჯღალო, ბათუმი

ქსოვილების სახეების მიღმა არსებულ სიმბოლურ კონტექსტზე მსჯელობის საფუძველს  ზეპირსიტყვიერ ტრადიციებში შემონახული რწმენა-წარმოდგენები და სხვადასხვა დარგებიდან  მოხმობილი  პარალელები გვაძლევს.  მათი ფესვები  ხშირად ბრინჯაოს და კიდევ უფრო ადრეული ხანის არტეფაქტებშია საძიებელი.

ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძალზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს  სიცოცხლის ხე, რომელიც ხალიჩა-ფარდაგებში, დაჩითულ ლურჯ სუფრებში თუ ნაქარობის ნიმუშებში უმეტესად მარადმწვანე კვიპაროსის სტილიზებული მოტივის ე.წ. „მანის“, გატოტვილი ხის ან ვაზის სახით წარმოგვიდგება. მარადმწვანე მცენარის ნაყოფი  – გირჩი, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო, ასევე ხშირად ჩნდება ქსოვილების გაფორმაში.

სიცოცხლის ხე – ზეცის, მიწისა და ქვესკნელის გამაერთიანებელ სამყაროს ღერძი, ერთი მხრივ, მსოფლიოში გავრცელებული, თუმცა ამადვროულად ძლიერად ფესვგადგმული ადგილობრივი არქეტიპია. მოგვიანებით ქრისტიანულ ხელოვნებაში, სიცოცხლის ხის ექვივალენტი სახე ვაზი, ხოლო მისი ნაყოფის მკენკავი ჩიტები თუ ირმები, ზიარების სიმბოლური გამოხატულება ხდება.  

ქსოვილებში სიცოცხლის ხის გაშლილ ტოტებს ხშირად დეკორატიული ვარდული ცვლის, რომელიც ისევე როგორც  ბორჯღალი, სპირალი, სვასტიკა თუ კონცეტრული წრეები ცხოველმყოფელი ციური სხეულის – მზის უნივერსალურ სიმბოლოს უკავშირდება.

სოლარულ კულტთანვე ასოცირდება ქართული ქსოვილების კიდევ  ერთი პოპულარული სახე – ლომი, რომელიც მრისხანე მცველის ფუნქციით ხშირად გვხვდება სიცოცხლის ხესთან ჯაჭვით დაბმული. ამ მოტივს ვხვდებით ლურჯი სუფრის ორნამენტიკაში, რასაც თავის მხრივ პარალელი მოეპოვება ანანურის ტაძრის სამხრეთ ფასადის ცნობილი რელიეფის სახით.

ფარდაგი ლომების გამოსახულებით 

ხალხური რწმენა-წარმოდგენებით, სიცოცხლის ხის არქეტიპთანაა ასოცირებული სხვა ზოომორფული სახეებიც – მაგალითად, ხის გაშლილი ტოტებში ფრინველები, ღეროსთან ჩლიქოსნები (ირმები, ცხენები, და ა.შ), ხოლო ფესვებთან: თევზები, გველები და სხვა ხტონური არსებები ბინადრობენ.

ამავდროულად, ხალიჩა-ფარდაგების, ლურჯი დაჩითული სუფრებისა და ხალხური ნაქარგობებისთვის (მაგ. აჭარული „დაროშკების“) დამახასიათებელია ჩიტების, მამალების, ფარშევანგების გამოსახულებები.  როგორც სამყაროს ღერძის უმაღლეს წერტილში მობინადრე არსება, ფრინველი, სააქაოსა და საიქიოს დამაკავშირებელი მედიატორია, მაშინ როდესაც უკვდავების, მარადიულობის სიმბოლოა ფარშევანგი (ფანკუნჯი, ფენიქსი), რომელიც გაზაფხულობით ბუმბულს იახლებს, ხოლო მისი გაშლილი კუდი სიცოცხლის ხესთან გაიგივებული მოტივია.  

სხვადასხვა სკნელთა შემაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს ქსოვილების ორნამენტიკის და ზოგადად ქართულ ხელოვნებაში ალბათ ყველაზე პოპულარული ზოომორფული არქტიპი –  ირემიც, რომელიც თავისი გატოტვილი რქებით სიცოცხლის ხის ექვივალენტი სახეა. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს ქართული ზღაპრებიდან, სადაც ხშირია ირმის სახე, რომელსაც რქებით ცის კაბადონი უჭირავს. საინტერესოა, რომ ლურჯ სუფრებზე ირმების სხეულზე მოცემული ასტრალური ნიშნები პირდაპირ ასოცირდება ბრინჯაოს ხანის ცულების, სარტყლებისა და ბალთების პირველსახეებთან.

ფარდაგი ირმების წყვილის გამოსახულებით
ვერცხლის სურა, დეტალი ირმების წყვილის გამოსახულებით, ქუთაისის ისტორიის მუზეუმი

როგორც წყალთან დაკავშირებული სახე, ნაყოფიერების და გამრავლების თემას უშუალოდ უკავშრდება თევზის არქეტიპი, რომელიც მოგვიანებით როგორც ქრისტეს სიმბოლო, ზიარებასთან ასოცირებული მოტივი ხდება. ამავე ევქარისტიული კონტექსტით უნდა ხდებოდეს ჯვარდასმული თევზების მოტივების გამოსახვა ლურჯ სუფრაზე.

ლურჯი სუფრა თევზებისა და ირმების გამოსახულებით, XIX ს-ის ვერცხლის აზარფეშა ირმის გამოსახულებით, სანქტ პეტერბურგი, რუსეთის ეთნოგრაფიის მუზეუმის ექსპოზიცია 

ცნობილია, რომ ზოომორფული ხალიჩა-ფარდაგების უმეტესობა ე.წ. საპნის  (შესაფუთი ილუსტრაციებით) ორნამენტებით სარგებლობს, თუმცა ამ სახეების განსაკუთრებული პოპულარობა კოლექტიურ მეხსიერებაში ათასწლეულების განმავლობაში დაშრევებულ არქეტიპებთან თანხვედრას უნდა გამოეწვია. ამ მხრივ საინტერესოა ხალხურ ხელოვნებაში საბჭოთა ვარსკვლავისა და ნამგალისა და უროს მოტივის განსაკუთრებული გავრცელებაც. თუკი გავითვალისწინებთ, რომ  ვარსკვლავი – ასტრალურ სიმბოლოთა რიგშია, ხოლო ნამგალი და ურო – შრომის იარაღებია, რომლებიც თავის მხრივ, საახალწლო ბასილას/ბედის პურების (სხვადასხვა ფორმის სარიტუალო კვერების) მწკრივის ნაწილია, მათი  ამგვარი პოპულარობაც (ნაქარგობა, ჭვირული აივნები)  არ ჩანს გასაკვირი.

საქართველოში ქსოვილების მორთულობასა და ხალხური ხელოვნების სხვა დარგებში (ხეზე კვეთილი ორნამენტი, ჭვირული აივნები, კერამიკული თუ ვერცხლის ჭურჭელი, საფლავის ქვების მორთულობა და ა.შ) გავრცელებული მოტივების სიცოცხლისუნარიანობა, ისევე როგორც დღემდე თვითნასწავლი მხატვრებისა და ოსტატების შემოქმედებაში ამ სახეთა უწყვეტი პოპულარობა, ინტუიტიური კავშირები სიძლიერეზე და არექტიპული ხალხური მეხსიერების მრავალპლასტიან ერთიანობაზე უნდა  მეტყველებდეს. 

ჭვირული აივანი, სოფ. სალხინო 

ავტორი: ანა შანშიაშვილი

ტექსტი არის ონლაინ პროგრამის „რას გვიყვება ქსოვილი?“ ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენების ადაპტირებული ვერსია. პროგრამას ახორციელებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.