“ძალაუფლების ტაქსონომიები: ფოტოამბები აბრეშუმის მუზეუმიდან” მუზეუმის უნიკალურ კოლექციას – მე-20 საუკუნის ადრეული პერიოდის მიკროსკოპული ფოტოების მინის ნეგატივებს წარმოადგენს, რომელიც 2022 წელს გაციფრულდა. აბრეშუმხვევიას ბიოლოგიის ამსახველ ფოტო-ნიმუშებში მჟღავნდება თუ როგორ ავითარებდა საბჭოთა იმპერია თავის გავლენებს მოლეკულურ დონეზე. ემპირიული ცოდნის შესაქმნელად მეცნიერული კვლევები ხშირად ეყრდნობოდა დოკუმენტურ-ფაქტობრივ მტკიცებულებებს. დღეს უფრო მეტად მიღებულია მოსაზრება, რომ ჭეშმარიტება კი არ უნდა აღმოვაჩინოთ, არამედ შევქმნათ; ხოლო ცოდნა გახვეულია მრავალფეროვან გავლენათა ქსელში, რომელიც კულტურასაც მოიცავს.
კურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი და მარიამ შერგელაშვილი
გამოფენა 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნა მიშკინის გალერეაში და 2024 წლის ოქტომბერში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში.
2025 წლის გაზაფხულის საგამოფენო ჯგუფის სტაჟირების ფარგლებში აღნიშნული გამოფენის დახურვის ღონისძიებაზე პერფორმატიული კითხვა გაიმართა, გამოფენის თანაკურატორის, მარიამ შერგელაშვილის ინიციატივით. სტაჟირების პერიოდში მონაწილეებმა შემოქმედებითი წერის პრაქტიკის ფარგლებში გამოფენის კონცეფციის და თემატიკის ინსპირაციით კოლექტიური ტექსტი შეიმუშავეს.
კითხვის პერფორმანსი მოიცავდა გამოფენის პარალელურად გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნიდან მარიამ შერგელაშვილის პოეტურ ამონარიდებს, ასევე გამოფენის შესახებ მონაწილე სტაჟიორების ახალ ტექსტებსა და მხატვრულ ინტერპრეტაციებს.
***
დაუსახლებელი ქალაქი აბორიგენი მოსახლეობით
უსულო და სულიერი საგნებით ივსება
ლაბირინთივით ოთახების სივრცე ჰაეროვნებამ მოიცვა,
შავ-თეთრი ამბავი
დაუსრულებელი ციკლი
ჰაერში განფენილი და უსულო
ცოცხალ სხეულებთან ყველაზე მეტად დაახლოებული.
ერთი მეორეს მიყოლებული სურათი,
თვალის დახამხამების სინქრონში ფორმას იცვლის
ისტორიის წამები,
ნაწამები
თითო წამი
თითო სიტყვა
თვალის დახამხამებაში გასული დრო
ეპითეტი
ჩქარი ცხოვრების ტემპი
ქრონოლოგიური ჰარმონია
აბრეშუმის ქალაქი
შავ-თეთრი ამბავი
ოდნავ რეალური
ოდნავ უფრო ხელშესახები
***
განსაზღვრავ იდენტობას ერთი კადრით?,
ხედვა რომელიც აკავშირებს და გარდაქმნის.
მოლოდინი – ცნობიერების სათვალე.
ტელესკოპი – იარაღი.
აბრეშუმის ჭია – კოსმიური ორგანიზმი,
მცირე სხეულის ცვლადი ქმედებები ….
ძალაუფლების საზღვრები –
არჩევანი თუ დომინაცია?
რეალობა დაინგრა და თავიდან შეიკრა
სამყარო დაკვირვების ობიექტია, სადაც ძალაუფლება მასშტაბის განმსაზღვრელს უჭირავს.
“იყურე – იქ სადაც მე მიგითითებ,
ეძებე აქ –
რეალობის შლადი ნარჩენი
“ნაჩვენები”
ტოტალური ხილვადობის ილუზია, რომლის ძალაუფლებაც სინამდვილეში დაბრმავებაა.
ნება – ხედვის შერჩეული მიმართულება
დახუჭე თვალები და ჰკითხე საკუთარ თავს –
რა გვიბიძგებს აღმოვაჩინოთ ცოდნის ახალი საფეხურები, ზედაპირები და სიღრმეები?
ცნობისმოყვარეობა — ცხელი, იისფერი, თითქმის გაფერმკრთალებული, უხილავი მრუდი…
შეგვიძლია აღვნიშნოთ ახალი შეცნობის წერტილი როგორც ჩვენი საწყისი წერტილი, 1 მილიმეტრისმანძილზე ჩვენსა და უცნობის სხეულს შორის? ვინ ვართ ჩვენ? ვინ არის უცხო? ვინ არის უცნობი?
ამ მომენტიდან აბრეშუმის ჭია აღარ მოძრაობს თავის რიტმში
ერთი მწერის ათასგვარი მეტაფორა სიცოცხლე-პროცესია, რომელიც იშიფრება, იშლება და აიგებათავიდან.
***
სიმართლე რომ გაგიმხილოთ, მეტამორფოზი
დიდხანს ნეგატიური მოვლენა მეგონა
საკუთარი თავის დაკარგვასა და უარყოფასთან ასოცირებული.
არადა გარდასახვა – უხილავი ძალაა,
სიცოცხლის სრულ მთლიანობასთან ნაზიარები
იმაზე უფრო რეალური ვიდრე გრეგორ ზამზას სამყარო,
მამოძრავებელი ძალა, რომელიც ტოლფასობის ნიშანს სვამს
მწერსა და ადამიანს შორის ….
მეტამორფოზის 4 ფაზა იერსახეს ქმნის.
თანაარსებობს
იმაზე უფრო სრულყოფილად
იმაზე უფრო დიდი სიმძაფრით,
ვიდრე ეს შეუიარაღებელი თვალით
ადამიანებს წარმოგვიდგენია.
***
სამყარო, როგორც ცოცხალი არსება, მუდმივ უარყოფად გადაიქცა; ვიგრძენი კი ის, რაც შენ გააკეთე? შეეხე კი იმას, რაც მე ვიხილე? სიტყვების ფორმირება, ნიშნების შექმნა, ნიშნების გარდაქმნა, სტრუქტურების წარმართვა.
სიჩქარე — დასასრულამდე, ბრუნვა შიგნით და გარეთ… სისტემაზედამყარებული სტრუქტურა… როცა ვუახლოვდები შენს კანს — რბილსა და წებოვნს — ყველადაფიქსირებული ვერტიკალი ჰორიზონტალებად იქცევა. შეხედე და გაიხსენე…გამოსახულება — სასტიკი ძალადობა — დადუმებული, გაყინული, მშვენიერი და მფლობელი. რა არის ზედაპირის მიღმა? რა იმალება კანს შიგნით?
როგორ აღიქვამს ადამიანი რეალობის შინაგან პერსპექტივას ოთხი ფაზა — ოთხი სიცოცხლე — მნიშვნელობით დატვირთული ნიშნებისგარდამავალი და დროებითი დაფიქსირება. კვანტურ ფსიქოლოგიაში „ოთხეულობა“ (Quaternity) მთლიანობისა და სავსების არქეტიპია, როგორც ამას კარლ იუნგი იტყოდა…
აბრეშუმის ჭიის ინფრათხელი, უხილავი ნაკვალევი — აბრეშუმის ბოჭკო — ინახავს სიცოცხლის მისტიკურ ცოდნას, დროის შეუქცევადი პროცესუალობის საიდუმლოს, სამყაროს უხილავი ხმების შიგნით გამომჟღავნებულ სიბრძნეს
სიცოცხლის მისტიკური სიმბოლო— უსასრულობის კარტოგრაფიას ხატავს,
მაცდუნებელი ქსოვილის ხვეულებით,
სადაც განახლების უწყვეტობა დასასრულთან ერთიანდება.
იდეის ავტორი და რედაქტორი: მარიამ შერგელაშვილი
თანაავტორები: მარი ბაბაევი, ნინი მოსიავა, ლიზა კალანდია