ედუარდ კურტისის გამოფენა აბრეშუმის მუზეუმში
2017 წლის სექტემბერში თბილისის სამმა მუზეუმმა (აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხელოვნების სასახლე და საქართველოს ეროვნული მუზეუმი) უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის (1868-1952) ფოტოგამოფენას სახელწოდებით “ედუარდ კურტისი და ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები: დედა-მიწა, ტრადიცია, რიტუალი”. გამოფენა მოეწყო საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, კულტურის ატაშეს, დემიენ ვომპლერის ინიციატივითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ორგანიზებით. აბრეშუმის მუზეუმმა წარმოადგინა ინდიელთა სხვადასხვა ტომის ყოფა და ტრადიციები მუზეუმის ფონდში დაცულ კონსტანტინე ზანისის ფოტოებთან ერთად (კურატორი: სალომე ფაჩუაშვილი), ხოლო დანარჩენ ორ მუზეუმში გამოიფინა კურტისის მიერ გადაღებული ინდიელთა რელიგიური რიტუალები და ჰოპის ტომის კულტურა (კურატორები: მერი ხარაიშვილი და ნინო ტაბუცაძე. დიზაინი: მარიამ ზალდასტანიშვილი და ირაკლი ჭუმბურიძე).
აბრეშუმის მუზეუმში კურტისის ფოტოების გამოფენის ერთერთი მიზანი იყო იმ საინტერესო მსგავსების წარმოჩენა, რომელიც მათსა და კონსტანტინე ზანისის (1864-1947) ფოტოებს შორის არსებობს. ზანისი აბრეშუმის მუზეუმში (მაშინდელ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში) მუშაობდა ფოტოგრაფად მე-19 ს-ის ბოლო ათწლეულში, კურტისის პროექტის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. საინტერესოა, რომ ზანისის კავკასიელი მეაბრეშუმეების ფოტოები კურტისის სურათების ერთგვარ პარალელებს წარმოადგენენ.
როდესაც ედუარდ კურტისის ფოტოები პირველად ვნახე, სრულიად გამაოგნა ამ მსგავსებამ. შედარებისას კარგად იკითხება ის ფაქტი, რომ მიუხედავად კულტურული, რელიგიური, გეოგრაფიული თუ სხვა მრავალფეროვნებისა, ადამიანებს მაინც უფრო მეტი აქვთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი, ვიდრე – განმასხვავებელი.
მარჯვნივ: კ. ზანისი. აბრეშუმის პარკების დახარისხება. 1890-იანი წლები. © აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მარჯვნივ: კ. ზანისი. დარაიას ქსოვა გურიაში. 1893 წ. © აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
ამ მსგავსების კიდევ ერთი ილუსტრაციაა ძველი აუდიო ჩანაწერების შედარება. მაგალითისთვის მოყვანილია უძველესი შრომის სიმღერები, რომლებიც, ცხადია, განსხვავებდება ერთმანეთისგან, მაგრამ მათ მსგავსი ხასიათი აერთიანებთ.
ბიოგრაფიები
ედუარდ შერიფ კურტისი (1868-1952) – ამერიკელი ფოტოგრაფი და ეთნოგრაფი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელების ყოფის შესწავლასა და დოკუმენტირებას. კურტისის სურათები ინდიელთა კულტურას ერთგვარად რომანტიზებული სახით წარმოაჩენენ. მისი ბევრი ფოტო დადგმულია, რადგან ფოტოგრაფს უნდოდა, ეჩვენებინა ავთენტური გარემო გარესამყაროს კვალის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე დაკარგული იყო. ამისთვის მას ხშირად აკრიტიკებდნენ კიდეც ეთნოგრაფები და ფოტოგრაფიის ისტორიკოსები.
კურტისმა თავისი მასშტაბური პროექტის ფარგლებში 1900-1930 წლებში 100-ზე მეტჯერ გადაკვეთა ამერიკა მატარებლით და მოინახულა 80-ზე მეტი ადგილობრივი ტომი, გადაიღო, დაახლოებით, 40 000 ფოტო და გააკეთა ინდიელების საუბრისა და მუსიკის 10 000 ჩანაწერი ცვილის ცილინდრზე. 1914 წელს მან გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი In the Land of the Head Hunters კვაკიუტლის ტომების მონაწილეობით, რითაც სურდა რომ სახსრები მოეძიებინა თავისი პროექტის დასასრულებლად. სამწუხაროდ, ფილმს დიდი პოპულარობა არ მოუპოვებია და მისმა შემოსავალმა გადაღებების დანახარჯიც კი ვერ დაფარა. მიუხედავად პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მხარდაჭერისა და ფილანტროპ ჯ.პ. მორგანის ფინანსური დახმარებისა, თანხების მუდმივმა დანაკლისმა ხელი შეუშალა კურტისს გეგმების ბოლომდე განხორციელებაში. საბოლოოდ, ეს პროექტი მას თავისი პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა.
ედუარდ კურტისის მოღვაწეობის საბოლოო შედეგი – ოცტომეული “ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები” – მოიცავს აღწერით ტექსტებსა და ფოტოებს. მიუხედავად იმისა, რომ მის ყველა ცნობას არ შეიძლება ეთნოგრაფიული ეწოდოს, მთლიანობაში წიგნი ბევრს გვიყვება ადგილობრივებზე, რომელთა ყოფაც სხვა შემთხვევაში გარესამყაროსთვის უცნობი დარჩებოდა.
კონსტანტინე ზანისი (1864-1947) მოღვაწეობდა თბილისში მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის I ნახევარში.
1890-1901 წლებში ზანისი მუშაობდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში (დღევანდელ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში) დამწყებ ფოტოგრაფად.
1893 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ექსპედიციებში, სადაც იღებდა ფოტოებს მეაბრეშუმეობის თემატიკაზე. ასევე, ცნობილია მის მიერ კახეთის ექსპედიციაში მეღვინეობის შესახებ გადაღებული ფოტომასალა.
1901 წლიდან ზანისმა ფოტოატელიე გახსნა და, ძირითადად, სტუდიურ ფოტოებს იღებდა. ამ პერიოდის მისი ცნობილი ნამუშევრებია ლადო გუდიაშვილის, ნატალია ბარათაშვილის, ნინო ვახვახიშვილის, ოლია ვალაგინას და სხვათა პორტრეტები.
მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ზანისი მუშაობდა სამხედრო-ტოპოგრაფიულ დაწესებულებაში ფოტოგანყოფილების ხელმძღვანელად. იგი აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებდა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც. თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში კონსტანტინე ზანისს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
ავტორი: სალომე ფაჩუაშვილი