“ინტერიერი (ფრანგ: :intérieur), სადაც პიროვნება იმარაგებს თავისი ცნობისმოყვარეობისა და რელიკვიის კოლექციას – გაუქმებულია. მოგონებები შეუძლებელია შემოინახოს კომოდებსა და კარტოთეკებში, მაგრამ სწორედ მათი მეშვეობით ის რაც წარსულად არის ქცეული, განუყრელად გადაჯაჭვულია იმასთან რაც აწმყოა.“
თეოდორ ადორნო, „მინიმა მორალია. რეფლექსიები დაზიანებული ცხოვრებიდან,“ 1946-47 თავი III, 105
გასაბჭოება, რკინის ფარდა, იდეოლოგიური ტერორი და ცნობიერების (საღი აზრის) დაკარგვის 70-წლიანი რეჟიმი – ეს ჩამონათვალი იქნებ უფრო ვრცელი, ტერმინებითა და ქრონოლოგიით გაჯერებულიც შეიძლება ყოფილიყო… ლოგიკური და სულაც სიმპტომურია მომძლავრებული ინტერესი საბჭოთა ეპოქის მიმართ მაშინ, როდესაც წარსულად მივიჩნევთ საბჭოთა იდელოგიურ „გაბრუებას“, პოსტ-საბჭოთა ტრავმებსა და ტაბუებს. დღევანდელობის გარდამავლ ეტაპზე გამოცდილებათა კომპლექსურობა გვიბიძგებს კიდეც, რომ ვიყოთ მრავალმხრივ შემფასებელნი და გადამფასებელნი. ამდენად, საქართველოს საბჭოთა ისტორია კულტურულ პროცესებში თანადათნ ხდება მრავალმხრივი კვლევის საგანი.
პროექტი „გაუქმებული რელიკვია“ საბჭოთა პერიოდში განვითარებული „კიჩური“ გამომსახველობის რეფლექსიურ-კრიტიკული ხედვების შემუშავების ერთ-ერთი მცდელობა იყო , რომელიც 2018 წელს განხორციელდა ახალგაზრდა კურატორთა ჯგუფის, ალგორითმი F5-ის (კოტე ბოლქვაძე, მარიამ შერგელაშვილი, ელისაბედ რეხვიაშვილი), თანამედროვე ხელოვანების (თეა გვეტაძე, ნინო ქვრივიშვილი, ნინო საკანდელიძე, თემო ჯავახი) და სამი მუზეუმის (ლიტერატურის მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი) ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.
გამოფენაზე მუშაობის პროცესი და ექსპოზიციის აგება ერთგვარი გადანაცვლება იყო დროიდან დროში – ოთახიდან ოთახში – სადაც მრავალშრიანი ხედვით, პოზიციებით, ინდივიდუალურ აღქმათა რეფლექსიური მოდელის შექმნა ხდებოდა. ამასთანავე, ეს იყო ერთგვარი ინტუიციური მიგნების პროცესი, როდესაც მუზეუმების ფონდებში წლების განმავლობაში შენახული ექსპონატები დროის მიღმიერ კავშირებს ამყარებდნენ, ერთგვარად არღვევდნენ დროს და წარსულის გადაფასების მყიფე მცდელობად გვევლინებოდნენ. დროითი კავშირის განგრძობადი სააზროვნო ველი – ასეც შეიძლება დახასიათდეს ექსპერიმენტული საგამოფენო ინიციატივა „გაუქმებული რელიკვია.“
გამოფენის განაცხადი და იდეა მოიაზრებდა წარსულისა და აწყმოს დამაკავშირებელი ღერძის გამოკვეთას. წარსულის გამოცდილება საქართველოს უახლესი ისტორიის, კერძოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გაანალიზებას მოიცავდა. საბჭოთა პერიოდის ხელოვნების კრიტიკა და ხელოვნების იდეოლოგიური მოტივების საგამოფენო კონტექსტი გადაჯაჭვული იყო თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან. რა დისკურსი შეიძლება შექმნას საბჭოთა იდეოლოგიის ნარატივის, პოსტ-საბჭოთა გამოცდილებისა და თანამედროვე პროცესების დაკავშირებამ? ამ კითხვებზე პასუხი, საგამოფენო ოთახიდან ოთახში გადასვლით იცვლებოდა. დაკვირვების ამ პროცესში კი ლიტერატურის მუზეუმი სახასიათო კონტექსტის მატარებელი სივრცე გახდა.
გამოფენამ უშუალოდ წარმოაჩინა სამუზეუმო ექსპონატის ალტერნატიული მნიშვნელობა, სადაც ექსპონატი – არტეფაქტი – არამხოლოდ ინახავს გარკვეულ მეხსიერებას, არამედ დიალოგური ფორმით გამოხატავს კონკრეტულ სოციო-კულტურულ შრეებს. გადანაცვლება – გაგრძელება დროსა და სივრცეში…. პროექტის პარტნიორი ორი მუზეუმის – ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმისა და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის – ექსპონატებმა გადანაცვლების ამგვარი ხატოვანი გაგება ხელშესახები და ფიზიკურად აღქმადი გახადეს. ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ფონდიდან წარმოდგენილი ფერწერული და კერამიკული ნიმუშები თემატურად განაზოგადებდა ეპოქას – ქართულ საბჭოთა ვარიაციულ „გადაწერილ“ ისტორიასა და „მითოლოგემებს“. აბრეშუმის მუზეუმის საბჭოთა ტექსტილის კოლექციიდან წარმოდგენილი მასალა კი, როგორც ვიზუალურ-ტაქტილური დოკუმენტი, მეხსიერებაში ინდუსტრიალიზაციის, საბჭოთა წარმოების ფენომენის ნაკვალევს აღბეჭდავდა. ექსპონატები ერთი მხრივ ისტორიული დოკუმენტის სახით იდეურ განაცხადებს ამჟღავნებდნენ, მეორე მხრივ ახალი კონტექსტების ძიების მცდელობასაც წარმოაჩენდნენ, მით უფრო თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების გვერდით. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ხელოვანებმა – თეა გვეტაძემ, ნინო საკანდელიძემ, ნინო ქვრივიშვილმა და თემო ჯავახმა ახალი ნამუშევრები შექმნეს საგამოფენო იდეის ინსპირაციითა და სამუზეუმო ექსპონატებთან პირადი მიმართებით. ამ ხელოვანების შემოქმედებითი კვლევის საგანი სხვადასხვა ეტაპზე უშუალოდ იყო/არის აღნიშნული ისტორიულ პერიოდი. დიალოგი სამუზეუმო არტეფაქტებსა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს შორის ემსახურებოდა იმ შრეების გამოკვეთას, სადაც სპეციფიკური ვიზუალური კოდებისა და ინტერპრეტაციების მეშვეობით იქმნებოდა კონტრავერსული ზღვარი ხელოვნების იდეურ ძალას, ფორმალურ-ვიზუალურ გადაწყვეტას, ეპოქალურ მახასიათებლებსა და სუბიექტურ აღქმებს შორის.
პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ხელოვანებმა – თეა გვეტაძემ, ნინო საკანდელიძემ, ნინო ქვრივიშვილმა და თემო ჯავახმა ახალი ნამუშევრები შექმნეს საგამოფენო იდეის ინსპირაციითა და სამუზეუმო ექსპონატებთან პირადი მიმართებით. ამ ხელოვანების შემოქმედებითი კვლევის საგანი სხვადასხვა ეტაპზე უშუალოდ იყო/არის აღნიშნული ისტორიულ პერიოდი. დიალოგი სამუზეუმო არტეფაქტებსა და თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს შორის ემსახურებოდა იმ შრეების გამოკვეთას, სადაც სპეციფიკური ვიზუალური კოდებისა და ინტერპრეტაციების მეშვეობით იქმნებოდა კონტრავერსული ზღვარი ხელოვნების იდეურ ძალას, ფორმალურ-ვიზუალურ გადაწყვეტას, ეპოქალურ მახასიათებლებსა და სუბიექტურ აღქმებს შორის.
და მაინც რა არის გაუქმებული რელიკვია? რა კონტექსტებს ფარავს საგანი დროსა და სივრცეში? ფრაგმენტული წარსული… აღსავსე გაუთვალისწინებელი დანაკარგებით…
ავტორი: მარიამ შერგელაშვილი