ბიჭუნა და ტოტორო
– ძალიან ვნერვიულობ!
ალბათ თქვენც ამჩნევთ ჩემს მოწყენილ და ჩაფიქრებულ გამომეტყველებას.
აბა როგორ არ ვინერვიულო, ჩემი მეზობელი ტოტორო უკვე ორი დღეა არ მინახავს! ასე არასოდეს მოქცეულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და თუ ასეა, მაშინ კარგად უნდა დავფიქრდე და მეც მივხვდები ყველაფერს. ის ხომ ასე მარტივად არ წავიდოდა! ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად, როგორ კარგ დროს ვატარებდით! მახსოვს როგორ ვაჭმევდით გაუმაძღარ ჭიებს თუთის ხის ფოთლებს, ეს ჩვენი ყველაზე საყვარელი გასართობი იყო.
მგონი ვიცი რაშიც არის საქმე. მახსოვს ერთ დღეს თავის ოცნებებზე მელაპარაკებოდა ტოტორო – აბრეშუმის მუზეუმის ნახვა უნდოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოხეტიალეა იგი – ყოველთვის გაქცევაზე და ახლის აღმოჩენაზე ფიქრობს. ჰოდა ალბათ ისიც აჰყვა გულის წადილს და თავისი ოცნებისკენ მიმავალ გზას დაადგა. უთუოდ ასეა, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. მეც ძალიან მინდა ვიმოგზაურო, განსაკუთრებით ტოტოროსთან ერთად. მასზე საინტერესო არსება მე ჯერ არ მინახავს! ტოტორომ ეს იცის და ალბათ მალე დაბრუნდება. მე ხომ ჯერ ისედაც პატარა ვარ, ბევრი არაფერი ვიცი ამ ცხოვრების. წარმომიდგენია როგორი ბედნიერია ის ახლა, ნეტავ როგორ არის? ხომ არ შია ან სწყურია? წინ ხომ დიდი გზა აქვს! მაგრამ ალბათ ეს არც ახსოვს. მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ასე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად ეზოში ვთამაშობ – მხოლოდ დედას ძახილი მახსენებს რომ სადილის დროა. ბედნიერებისას ადამიანს ეს არ ახსოვს.
წარმომიდგენია გზად რამდენ რამეს ნახავს ტოტორო, რამდენ ადამიანს გაიცნობს და დაუმეგობრდება. ნეტავ თუ მივიდა უკვე დანიშნულების ადგილას? მაგრამ ამაზე ფიქრის დრო აღარ მაქვს, ისედაც გამიგრძელდა. გარეთ ხომ ბებო მეძახდა! ძალიან გამიტაცა მასზე ფიქრებმა, უნდა წავიდე და მას დავეხმარო….
ბებომ ბიჭს ტოტოროს დატოვებული წერილი გადასცა. საინტერესოა, რა ეწერა მასში? მაგრამ ეს ხომ უკვე სხვა ამბავია.
ავტორები: თეა ბოჭორიშვილი და დიანა მარქარაშვილი