დროის სწრაფ დინებაში მოგონებების ინტენსივობა ზოგჯერ შეუმჩნევლად ფერმკრთალდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ზუსტად იმდენი დროა გასული რომ გახსენება პირვანდელი სიზუსტით ჯერ კიდევ შესაძლებელია. Რომელი მომენტია უფრო დროული – როცა შთაბეჭდილებების ეპიცენტრიდან წერ თუ როდესაც იხსენებ? ამჯერად, კადრები მონტაჟური გულმოდგინებით მკაფიოდ ცოცხლდებიან. Მივყვები დროის ინტერვალებს და ვიხსნებ დაახლოებით 1 თვის წინ საკუთარ თავს, შეგრძნებებით ოდნავ დაბნეულს და აღმაფრენით სავსეს, რადგან წინ 12 საათიანი ფრენა მელის ნიუ-იორკში. ასეთი შორი მანძილი პირველად უნდა დავფარო და ოდნავ მოუსვენრად ვღელავ. Სუზანისგან (პროგრამის ხელმძღვანელი) დეტალური ინსტრუქციები გვაქვს თითოეულ მონაწილეს.
აეროპორტში თავს მარტო არასდროს ვგრძნობ. გეითების, ციფერბლატების და დროის უზუსტესი კონტროლის ფონზე მომლოდინე ადამიანების ერთიანობა სევდით და სიხარულით მავსებს. Მარტო მართლაც არ ვიქნები, მე და აბრეშუმის მუზეუმის რეზიდენტი, ალაინა (კურატორი ამერიკიდან) ერთი რეისით მივფირინავთ და დამშვიდობების წინ შთაბეჭდილებებს ვცვლით. ის ჩემი ქალაქიდან მიდის, მე მის ქალაქში მივიდვარ, არის ამაში რაღაც სასიამოვნო თანხვედრა…
გრძელი გზები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ამ დროს დიდხანს გადადებული წიგნები სხვაგვარი სიახლოვით იკითხება. Მანძილი მცირდება, დრო თან მკაფიო, თან უსასრულო ჰორიზონტთან სიახლოვეს გვაჩვევს, მით უმეტეს როდესაც სრული 8 საათი ოკეანის თავზე „მიცურავ“. Მეგზურად სიმონ ვეი ავირჩიე, ფრანგი ფილოსოფოსი და მისტიკოსი, რომლისთვისაც ღმერთი სიყვარულია. სიყვარული ამ სიტყვის არაბანალური და ეგოცენტრული, არამედ ღრმა გაგებით. თვითონ ემპათიის უდიდესი განცდით, შიმშილის ზღვარზე მყოფი, მუშებთან ქარხანაში მომუშავე, ასკეტური ცხოვრების წესით სიყვარულის, თანასწორობის სიცოცხლის შემეცნებას სრულიად უკომპრომისოდ ახდენდა. ასეთი ავტორი აზროვნების პროცესს შეგრძნებებში თარგმნის და ეს ისაა, რასთან მიახლოვებაც სისავსეს იწვევს, თითქოს რაღაც საიდუმლო ამოხსენი.
ნიო-იორკის პირველი დღეები სამყაროსთან განდობის უცნაური პირობითობით არის სავსე. კურატორების Საერთაშორისო ჯგუფი ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან სამყაროს გლობალური წერტილიდან – კულტურის, ხელოვნებისა და ცხოვრების ეპიცენტრიდან ვაზიარებთ საკუთარ ადგილობრივ გამოცდილებებს, ვსაუბრობთ, ვიხსნებეთ, დავდივართ, ვიმეცნებთ. Პირველი სასიამოვნო მოულოდნელობა, რომელიც ნიუ-იორკში ყოფნისას დავაფიქსირე, გადალახული შიშია. კლაუსტროფობიული შეზღუდულობა და აკვიატება მქონდა რომ დიდი ცათამბრჯენები ყველა ჰორიზონტს გადაფარავენ, რომ ამ უზარმაზარ ქალაქში დაკარგულობა, დაბნეულობა და სტრესი ერთიანად უნდა მოვიგერიო. არაფერი მსგავსი! უჩვეულო ჰიბრიდი ისთ ვილიჯიდან ვესთ ვილიჯამდე, ბრუკლინის და მანჰეტენის ეკრანიდან მრავალგზის ნანახი პეიზაჟები სრულიად სხვა ღია მზერას გაგებებენ. ყველაფერი მასშტაბური, ორგანული და მშვენიერია! ტურისტის აღტაცებული ეგზოტიკა გარდაუვალი აღმოჩნდა ჩემთვის – ცასთან შეერთებული გამჭვირვალე ზედაპირები მართლაც უჩვეულო სიმსუბუქით გამზადებენ ამ ქალაქში ყოფნისთვის; ქალაქში სადაც დიდი დოზით აღმოაჩენ Ჰაერში Სიმსუბუქეს, ფეხქვეშ სიმყარეს, ირგვლივ მრავალფეროვნებას, უწყვეტ დინამიკას, ქაოსს და სიმშვიდეს (ერთად)…
დატვირთული 10 დღიანი პროგრამა უწყვეტი ვიზიტებით ნიუ-იორკის ცხელი ზაფხულის ინტენსიურ დღეებს სრულიად განსხვავებული გრადაციებით ტვირთავს. ინსტიტუციები, მუზეუმები, გამოფენები, წამყვანი არტ სივრცეები, ინდივიდუალური ინიციატივები, არტისტები და კულტურის მენეჯერები, გამოცდილებები და ინფორმაციები ერთმანეთში მონაცვლეობენ და შორსმჭვრეტელ ფიქრებს შთაგაგონებენ. Შეხვედრიდან შეხვედრამდე მისასვლელ გზაზე კოლეგების ენერგიული საუბრები მომენტალურობას სასიამოვნოდ ამძაფრებს. Მომენტის სრულმნიშვნელოვანი დაფიქსირება აქ ყველაზე მონდომებულად მსურს.
დროსთან და მომენტთან გაზიარებული ინტიმურობის შეგრძნება ბევრგან არის შესაძლებელი: დროებით სამეზობლოში ვაშინგტონ მოედანზე, სადაც ყოველ დილით ახლომდებარე „ბეიგელ პაბში“ კაპუჩინოზე მივიჩქარი; მეტროს ამოსასვლელთან, სადაც ჯგუფთან ერთად სწორი მიმართულების განსაზღვრა მთავარი ამოცანაა; ლანჩზე შემთხვევით და სწრაფად შეჩერებულ კაფეტერიებში თუ საღამოს ხმაურში, რომელიც მეორე დღისთვის გამამხნევებლად გამზადებს.
Ჰაილაინზე მატარებლის ლიანდაგების შემორჩენილ კვალს მივყვებით და უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში მივდივართ. Მუზეუმში დიდი ინტერესით და სიხარულით გველიან. მიმდინარე გამოფენების გაცნობამდე, უიტნის საგამოფენო პოლიტიკაზე გვაქვს პრეზენტაცია, ამგვარად კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება ინსტიტუციის მისია, რომელიც ამერიკულ ხელოვნებაზე აკეთებს ფოკუსს. Მთავარი შეკითხვა რომელიც სხვადასხვა კვლევის და გამოფენის კონცეფციად მუშავდება ცენტრალურ საკითხად სწორედ ამერიკული ხელოვნების იდენტობას განიხილავს. ამ კომპლექსურ საკითხს Მიმდინარე გამოფენები მრავალშრიანად განავრცობენ. შთამბეჭდავად გასახსენებელია ჟუან სმიტის (Jaune Quick-to-See Smith) სოლო შოუ „მეხსიერების რუკა“. არტისტი, აქტივისტი და პედაგოგი ნიუ-მექსიკოდან თავისი მასშტაბური ფერწერებითა და ინსტალაციებით ეხმიანება გარემოსდაცვით საკითხებს, ადგილობრივი ამერიკელების ისტორიასა და იდენტობას, კოლექტიურ მეხსიერებას, ადგილისა და მისი ისტორიის მნიშვნელობას.
გამოფენების დათვალიერებისას ჩემს მეგობარ დათას ვხვდები. უიტნის ზედა სივრცეში ავდივართ და მომდევნო დროებითი გამოფენის დათვალიერებამდე, ფანჯრიდან გადავცქერით დევიდ ჰამონის ნიუ-იორკში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საჯარო სივრცის ინსტალაციას, რომელიც მდინარე ჰადსონზე უიტნის მუზეუმის ინიციატივით განთავსდა. ინსტალაცია, წყლის მოელვარე ზედაპირზე „ამოზრდილი“ მყიფე რკინის კონსტრუქცია 52-ე პირსზე უკვე არარსებული საწყობის ნაცვლად, გორდონ მატა კლარკის ცნობილ ნამუშევარს Day’s End („დღის დასასრული“) ეძღვნება და ადგილის მეხსიერებას ეხება, ადგილის, რომელიც ერთ დროს ფარული და უსაფრთხო თავშეყრის სივრცე იყო ლგბტქი+ თემისთვის. დღევანდელი პირსები ნიუ-იორკის ერთერთი ყველაზე მომხიბვლელი და ფერადი ადგილებია.
უიტნის ზედა დროებით საგამოფენო გალერეაში ჯოშ კლაინის მასშტაბური, პროვოკაციული, ირონიითა და ერთგვარი მხილებით გაზავეული ინსტალაციები გვხდება. ფილადელფიელი არტისტის რეტორსპექტივა იკვლევს დღევანდელ ყველაზე აქტუალურ სოციო-პოლიტიკურ საკითხებს – კლიმატის ცვლილებას, ავტომატიზაციას, დაავადებებს და დემოკრატიის შესუსტებას – წარმოგვიდგენს ადამიანებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ძალას. ამგვარი გაფრთხილებით, კლაინი მოხმარების გიგანტური მასშტაბებით გამოწვეულ მზარდ კრიზისებზე გვაფიქრებს, თან მეცნიერების, ხელოვნების და სოციალური ასპექტების ურთიერთკავშირს გვთავაზობს.
Მეცნიერების და ხელოვნების გადაკვეთა დღევანდელობის აქტუალურ მიგნებასთან, ხელოვნურ ინტელექტთან მომას საგამოფენო სივრცეში დომინანტურად, შესვლისთანავე მნუსხავს. ასეთივე მონუსხული გადავაადგილდები სართულიდან სართულზე, სადაც მე-20 საუკუნის ხელოვნების წამყვან ტენდენციებს უშუალოდ ახლო დისტანციით და ეპოქალური დაკავშირებებით შეგიძლია გაეცნო. Სპეციალურად ჩვენი ჯგუფისთვის ორგანიზებული ტური მომას ისტორიას, კოლექციებს და დღევანდელობას ახლო პერსპექტივიდან წაროგვიდგენს. Პირველი სართულის ულტრათანამედროვე AI-ს მიერ გენერირებულ მოძრავ გამოსახულებასთან კონტრასტულია 30-იანი წლების უნიკალური დოკუმენტაცია, რომელსაც ამავე სივრცის ერთ-ერთ დარბაზში ვათვალიერებთ. ნიუ-იორკის ინდუსტრიალიზაციის საწყისი ფაზა, ცათამბრჯენები, ხიდები, ქუჩები, სამეზობლოები – 200-ზე მეტი ფოტო მომას ფოტოგრაფიის კოლექციიდან.
უდიდეს ისტორიულ მასალასთან ერთად, რომელიც დინამიური კოლექციების კონცეფციით 6 თვეში ერთხელ იცვლება. Მომაში მიმდინარე გამოფენებიდან გამორჩეულად შთამბეჭდავია წლების მანძილზე არაქცენტირებადი და დღესდღეობით ამერიკის ხელოვნებაში გამორჩეულად ძვირფასი ქალი მხატვრის, ჯორჯია ო’კიფის მასშტაბურ რეტროსპექტივა. ჯორჯია ო’კიფი მე-20 საუკუნის მოდერნიზმს თავისი „მფეთქავი“, ფემინური და უაღრესად სენსიტიური ნამუშევრებით განავრცობს. მისეული ფერის, ფორმის და შეგრძნების სინთეზი შთამბეჭდავი მაგნეტიზმით მავსებს.
ისტორიულად ფემინიზმის არცთუ ხანმოკლე გამოცდილების მიუხედავად, წამყვან სამუზეუმო ინსტიტუციებში საგამოფენო პოლიტიკის აქცენტირებულ ნაწილად ქალი ხელოვანების რეტროსპექტული ჩვენება თანდათან კომპლექსურად და ინტენსიურად მკვიდრდება. გუგენჰაიმის მუზეუმი, რომლის ძირითადი კონცეფცია არაფიგურატიული და ექსპერიმენტული ხელოვნების ჩვენებაა, გერმანელ-ვენესუელელ არტისტ გეგოს (გერტრურდ გოლდსმითს) წარმოადგენს. გეგოს სკულპტურები, მისი მინიმალისტური ფორმებით შექმნილი სივრცული გამოსახულებები გუგენჰაიმის წრიულ ხვეულებში არსებულ საექსპოზიციო ნიშებში უწონადობაში მოგზაურობას გავს. „უსასრულობის გაზომვა“ – ასე ქვია გეგოს სოლო გამოფენას, სადაც ხელოვანის შემოქმედების საკვანძო იდეები, მისთვის სახასიათო გამჭვირვალობა, მსხვრევადი დაძაბულობა, სივრცულ დიალოგსა და ფაქიზ, დეტალებზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციებში ვლინდება.
გუგენჰაიმის სივრცეში ოპტიკური და სივრცული ექსპერიმენტი დროსთან ეფემერული კავშირები ამერიკელი ხელოვანის, სარა ზის შთამბეჭდავ მულტიმედიურ გამოფენაზე „დროის ინტერვალი“ გრძელდება. გამოფენა ერთი მთლიანი ნამუშევარია და Ხელოვნების, ტექნოლოგიის, მეცნიერების და პოეზიის ურთიერთმონაცვლეობით სივრცესთან მოძრაობის, გამოსახულების არეკვლის და ენერგიის ფლუიდურობის მასშტაბურ ფორმატს გვაზიარებს. სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური, ვირტუალური და ფიზიკური რეალობები განუყოფლად დაახლოვდნენ, ეს გამოფენაც თავისი ფორმით ამ კავშირებს განიხილავს. ინსტალაციის დათვალიერებისას მაყურებელიც მოძრავ საგნებსა და გამოსახულებებში თანაარსებადი დაკვირვების ობიექტი ხდება.
Სამუზეუმო სივრცეები, თავისი განსხვავებული და განსაზღვრული მიმართულებებით ხელოვნების საზოგადო მნიშვნელობასა და აქტუალურ თემატიკას მრავალმხრივად ეხმიანება. Მრავალფეროვნება, კავშირები და დღევანდელობის პულსაციის შეგრძნება „ნიუ მუზეუმის“ დროებით საგამოფენო სივრცეებშიც ინტენსიურად განივრცობა. დღევანდელობის კრიზისულ და აპოკალიფტურ განწყობებს, ხელოვნების ბიოლოგიურ თვისობრივ წარმოდგენასა და პროცესუალურ ასახვას შთამბეჭდავად წარმოადგენს კორეელი ხელოვანი მაირ ლი. მისი “„შავი მზე“ კინეტიკური სკულპტურებით, ქსოვილებით და თვითგანლევადი მექანიზმებით ცოცხალი ორგანიზმის დაშლის, წარმავალობის, დისფუნქციის მდგომარებებს წარმოადგენს. Ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოფენის იდეური რეფენერსი ჯულია კრისტევას ამავე სახელწოდების წიგნთან, რომელიც მელანქოლიასა და დეპრესიას იკვლევს.
„Ნიუ მუზეუმის“ ზედა საგამოფენო სივრცე სრულიად განსხვავებული ესთეტიკითა და თემატიკით პუერტო-რიკოელი არტისტის პოპონ ოსარიოს მასშტაბურ ინსტალაციებს წარმოადგენს. Რეტროსპექტული გამოფენა „მფეთქავი გული“ ლათინო-ამერიკული ყოველდღიურობის პერსონალურ ამბებს კოლექტიურ სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობად განიხილავს. Საგამოფენო სივრცეში აგებული ინტიმური სივრცეები დისტანციით, რეალობის რეპლიკაციით მძაფრ ემოციურ დაძაბულობას ქმნიან. ლათინო-ამერიკული სერიალები და ბავშვობისდროინდელი მოგონებები კიდევ უფრო მაახლოვებს გამოფენასთან. გარემოს დაკვირვებით და იმიტირებით შექმნილი ვითარება სრულიად გამოციდლებაზე ორიენტირდება, გვაფიქრებს ჩველებრივი ადამიანების ყოველდრიურობაში განცდილ მდგომარებებზე, მათ სურვილებსა და ფასეულობებზე. გამოფენა საოცარი ემპათიის ზღვართან მაახლოვებს და ზრუნვის, უკეთესი მომავლის აუცილებლობას მახსენებს.
ვფიქრობ, ესთეტიკური ტკბობის მიღმა, ფუნდამენტურია ის ძალა, რაც ხელოვნებას აქვს – გარდაქმნის, ემპათიის და უკეთეს სამყაროზე ზრუნვის შესაძლებლობა. Პესიმიზმის, დესტრუქციული კრიტიკის და ისტორიის დასასრულზე გოდების მიღმა დროის და მომენტის გარდაქმნა სრულიად რეალისტურია. უკეთესობის რწმენა მიმძაფრდება ჰარლემში მდებარე არტისტულ არაკომერციულ სივრცეში ვიზიტისას, რომელსაც Artistic Noise („არტისტული ხმაური“) ქვია. Ზრუნვა და ენთუზიაზმია ის, რასაც ეს ორგანიზაცია ეფუძნება. Artistic Noise მუშაობს თინეიჯერ ახალგაზრდებთან, რომლებიც სადამსჯელო სტრუქტურების ფოკუსში არიან ან კრიმინალური გამოცდილების რისკ ჯგუფს წარმოადგენენ. Შემოქმედებითი და პრევენციული პროგრამები საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს შეისწავლონ თავიანთი ვინაობა, გამოცდილება და მათთვის უსაფრთხო გარემოში ინტეგრაცია შეძლონ.
Სოციალური და გარემოსდაცვითი პერსპექტივა არტისტულ ინიციატივებში, გამოფენებსა და ნიუ-იორკის საჯარო სივრცეებში აქტიურად დომინირებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა ვიეტნამელი წარმომავლობის ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანთან, სტო ლენთან. Სტო ეკო მანიფესტირებით ნაგვის და დასუფთავების საკითხებს ხელოვნების სინთეზით იკვლევს და გარემოს დაცვით ინიციატივებს ავითარებს. Სტომ დასუფთავების დეპარტამენტის რეზიდენციის ფარგლებში ამ ინსტიტუციის არქივის კვლევა გამოფენის ფორმატით წარმოადგინა. Მისი ექსპერიმენტული ბეჭდვით შესრულებული ნამუშევრები იუმორით, მსუბუქი კრიტიკითა და პოპარტისტული ესთეტიკით მკაფიო მესიჯებს ეფუძნება, ამავდროულად ვიდეო არქივს წარმოადგენს რომელიც გასაოცარი ისტორიული მასალაა და არტისტული კვლევის შედეგად დასუფთავების სფეროში მომუშავე ადამიანების ხილვადობას და მნიშვნელობას ზრდის. Ჩვენი ვიზიტის დროს, სტოს ნამუშევრების გამოფენა დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაინათაუნის მოლში ერთ-ერთი საუკეთესო ნიუ-იორკულ მოგონებად იქცა. ღამის მშვიდი ჩაინათაუნი ნიუ-იორკის ქაოტური დინამიკის ნამდვილი ანტიპოდი იყო.
Საჯარო სივრცეზე დაკვირვება და ამ სივრცეებში ხელოვნების აღმოჩენა აქ ყოფნის მთავარი მოტივაციაა. ერთგვარი დღესასწაული იყო ქალაქისგან დაშორებულად, შუაგულ ბუნებაში, ნიუ-იორკის შტატის სკულპტურის პარკში, „სტორმ კინგის“ სახელოვნებო ცენტრში გასეირნება, სადაც მწვანე ლანდშაფტები და ადამიანის გონით შექმნილი ობიექტები ერთმანეთთან დიალოგში არიან. იქვე გზად ახლომყოფი დიას ფონდი, თავისი შთამბეჭდავი გამოფენებით 1960-70-იანი წლების ხელოვანების მასშტაბურ ინსტალაციებს, კონცეპტუალურ ჩანაფიქრებს წარმოადგენს. დონალდ ჯადი, ლოურენს ვეინერი, ონ კავარა, ლუის ბურჟუა, რიჩარდ სერა, დენ ფლავინი, სო ლევიტი, გერჰარდ რიხტერი – ეს ის შთამბეჭდავი ჩამონათვალია, ვისი ნამუშევრებიც აქ შეგხვდა. ყოფილი ქარხნის ამჟამად საგამოფენოდ გადაკეთებული სივრცე თავისი მასშტაბით, ადგილის სპეციფიკურ ხელოვნებას წარადგენს და ამდენად, თანამედროვე Ხელოვნების მოყვარულებისთვის სრულიად დამატყვევებელი ადგილია! აღსანიშნავია, რომ დიას ფონდი, ისევე როგორც უმრავლესად ყველა ეს ინსტიტუცია კერძო დონაციითა და მეცენატური შემოწირულობებით ფუნქციონირებს.
Ხელოვნება ცხოვრებისგან დაშორებული არ არის – ეს აზრი ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას მუდმივ „ჰაილაითად“ დამყვებოდა. თანამედროვე ხელოვნების და ობიექტების საჯარო სივრცეებში არსებობა ფორმალურ-ვიზუალურ გაკეთილშობილებას არ ეფუძნება და ხშირად, ძალიან მკაფიო სოციალური განზომილებით დატვირთული იდეური განაცხადია. Ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ინტუიციურად ზედაპირთან და სიღრმესთან თანაბარი წვდომის შეგრძნება მებადება, მეჩვენება, რომ ეს ნიუ-იორკის სახასიათო ფენომენია, რაც ამ ქალაქს ყველაზე ახლობელს და ამავდროულად, ყველაზე მოუხელთებელს ხდის. დაუვიწყარი და მძაფრი ემოციური კავშირით მახსენდება საჯარო ხელოვნების გამორჩეული ნამუშევარი, 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილი მონუმენტი 9/11.
ეს მსოფლიოსთვის ტრაგიკული თარიღი ათასობით ადამიანს ამ დღეს დაღუპულებს ახსენებს, შავი კუბის ფორმის შადრევანში ჩადინებული წყლის უძირო სიღრმეში გაუჩინარებული ხმა გახსნების, იმედის და ტკივილის კომპლექსურ შეგრძნებებს მიმძაფრებს. ტრაგედიაზე ფიქრისას ღრმა ემოციურ დაძაბულობას განვიცდი, მაგრამ წყლის ექო ისევ იმედს უხმობს ჩემში, რომ სამყაროში უკეთესი მომავალი გარდაუვალია. ახლა, როდესაც ამ მონუმენტის ნახვისას მიღებულ შთაბეჭდილებებს ვიხსენებ, ასოციაციური დაკავშირებით ამერიკელი თანამედროვე მწერლის, მეგი ნელსონის ფრაზა მაგონდება „არგონავტებიდან“:
„ჩვენ თავისუფლებისკენ მცირე ნაბიჯებს, მცირე პრაქტიკებს უნდა დავუბრუნდეთ და არ ვიოცნებოთ ერთ დიდ, გრანდიოზულ, საყოველთაოდ გამათავისუფლებელ ღამეზე“.
Ნაბიჯ-ნაბიჯ გარდაქმნილი გამოთავისუფლებული გონება ისევ ემოციებთან მაბრუნებს. გახსენების კადრები ისევ არეულია, Რთული ამოცანაა ემოციების ქრონოლოგიურად გახსენება. სრული სიჩუმიდან, არსაიდან, აბსტრაქტული ღელვით ჯონ ქეიჯის ატონალური მუსიკა ჩამესმის, ფორმის, ფერის დინამიკა და გადაკვეთის უსასრულო ხაზები… ახლა გონებით ნაგუჩის მუზეუმში ვარ – მოულოდნელი წვიმა, იმ დღეს გამართული ექსპერიმენტული მუსიკის ტონები და ნაგუჩის უზადო წარმოსახვით შემქნილი ობიექტები შთამბეჭდავ სპექტრს აცოცხლებს გონებაში. Მეხსიერებასთან ამ თამაშში ჩემთვის ერთი რამ უდაოა, ნიუ-იორკი რეალურად ის ქალაქია დედამიწაზე, სადაც პარალელური წრფეები უსასრულობაში გადაკვეთენ ერთმანეთს. ეს ხატოვანი ფრაზა ლეგენდარულ ამერიკელ ქალბატონს, როკ-სთარს, მწერალს და აქტივისტს, პატი სმიტს ვესესხე. თბილისისკენ მომავალმა უკანა გზაზე მისი Woolgathering („ზმანება“) დავიმგზავრე…
ავტორი: Მ. შერგელაშვილი
P.S. ტექსტი მცდელობაა პირადი მოგონების, გახსენებისა და დღიურისთვის სახასიათო ქრონიკის მეშვეობით გიამბოთ ნიუ-იორკის მნიშვნელოვანი ადგილების, სივრცეების, ჩემთვის გამორჩეული ავტორების და მოვლენების შესახებ. Მიუხედავად პირად მოგონებებზე დაფუძნებისა, ტექსტი თავისი შეზღუდული ფორმატით სელექციურია და ვერ აღადგენს ბევრ მნიშვნელოვან მომენტს, პირად თუ საჯარო შეხვედრას და შთაბეჭდილებას. Ნიუ-იორკის ვიზიტი CEC ArtsLink-ის სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2023 წლის ივლისში განხორციელდა, რომელშიც ვმონაწილეობდი როგორც აბრეშუმის მუზეუმის პროექტების კურატორი და დამოუკიდებელი მკვლევარი. CEC ArtsLink აბრეშუმის მუზეუმის პარტნიორია 2018 წლიდან.