აბრეშუმი + ხმა
მერი ციონგასი და ჯიმ რობერი
წარმოიდგინეთ, რომ მუზეუმი ხალხის მიერ მოქსოვილი აბრეშუმის პარკია, ამის საფუძველზე შესაძლებელია წარსულიდან ყოფიერების ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდეს. ნამუშევრით „აბრეშუმი + ხმა“ ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ერთ-ერთი ასეთი აბრეშუმის პარკის მოქსოვის მონაწილენი. ჩვენ გვსურს პატივი მივაგოთ ფრენის უნარს მოკლებულ გენიოსს, Bombyx Mori-ს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ თავისი აბრეშუმი გაგვიზიაროს; ასევე, პატივისცემას გამოვხატავთ იმ მცირე მეწარმეების მიმართ, რომლებიც უვლიდნენ აბრეშუმხვევიას, ართავდნენ და ქსოვდნენ მისგან შექმნილ ძვირფას ძაფს; ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ საოცარ/მონსტრულ მანქანებსა და ქარხნებზე, რომლებმაც მექანიზირებული სახე მისცეს აბრეშუმის წარმოების ადამიანურ პროცესს. ეს ციფრული სურათები დაბეჭდილია საარქივო ქაღალდზე. სპირალი მიუთითებს ხმის გამაძლიერებლის მდებარეობას, რომელიც ამ სურათშია ჩაკერებული.
ეს ნამუშევრები სხვადასხვა ზომის იქნება, მაგრამ, ძირითადად არ აღემატება 24″x24″ ზომას (61×61 სმ.) – ხმის გამაძლიერებლისა და ნამუშევრის ზომების შეფარდების გათვალისწინებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ნამუშევრები განკუთვნილია საგალერეო სივრცეში გამოსაფენად და ისინი გამოსცემენ ხმას, რომელსაც აქვე ჩაკერებულ დინამიკზე ისმენთ.
„ჩვენი ფრთებით“ აერთიანებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ფოტოსა და შესაბამის ხმებს სხვა არქივებიდან; ხმა ისმის გამტარი სადენით შექმნილი გამაძლიერებლებიდან, რომელიც ქაღალდის გამოსახულებაშია ჩაკერებული… ისტორიული სურათი ასახავს ფრენის უნარდაკარგულ Bombyx Mori-ს, ანუ აბრეშუმის ჭიას, რომელიც აბრეშუმის წარმოებისთვის გამოიყვანეს 4 000 წლის წინ.
„ნომერი 11“ აერთიანებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ფოტოსა და შესაბამის ხმებს სხვა არქივებიდან; ხმა ისმის გამტარი სადენით შექმნილი გამაძლიერებლებიდან, რომელიც ქაღალდის გამოსახულებაშია ჩაკერებული. ისტორიული სურათი ასახავს აბრეშუმის ჭიის, ანუ Bombyx Mori-ის დაბალი ხარისხის პარკებს, რომლებიც საჯიშედ არ შეირჩა.
„მოჩურჩულეს სიმღერა“ დაფუძნებულია მასალებზე, რომლებიც შეგროვდა საქართველოს მეაბრეშუმეობის მცველის, ლამარა ბეჟაშვილის, სახლში ვიზიტის დროს. საველე ჩანაწერებისა და ქალბატონი ბეჟაშვილის ხელის გამოსახულების კომბინაციით, რომლებიც ქაღალდის გამოსახულებაში ჩაკერებულ ხმის გამაძლიერებელზე გადადის, ვცდილობთ წარმოვიდგინოთ (და შესაძლოა წარმოვისახოთ) საქართველოს სოფლის პრეინდუსტრიული წარსული. ამ კომპოზიციაში ჩართულია ქალბატონი ბეჟაშვილის საუბრის ფრაგმენტები, ძველი სამსიმიანი ფანდურის ნოტები, რომელიც მის ეზოში აღმოვაჩინეთ, მისი ქათმების ხმის ჩანაწერები, ძაფსართავი და საქსოვი დაზგების ხმები. ამ მელოდიას არ გააჩნია ის სიმდიდრე, რასაც ქართული ტრადიციული მუსიკა ან ქალბატონი ბეჟაშვილის სიტყვების სიღრმე გამოიხატავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ინდუსტრიალიზაციამდელი სოფლისა და შინამრეწველობის გარემოს წარმოსადგენად გამოდგება.
მერი ციონგასი და ჯიმ რობერი (აბრეშუმი + ხმა)
„შემოზღუდული სივრცე“ აერთიანებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ ფოტოსა და შესაბამის ხმებს სხვა არქივებიდან, რომლებიც გადაკეთებულია და ხელახლა დამუშავდა; ხმა ისმის გამტარი სადენით შექმნილი გამაძლიერებლებიდან, რომელიც ქაღალდის გამოსახულებაშია ჩაკერებული. ისტორიული სურათი ასახავს ქალს, რომელიც მუშაობს მე-19 საუკუნის ძაფსახვევ დაზგასთან.
ხელოვანთა ბიოგრაფიები:
მერი ციონგასი არის მულტიდისციპლინური ხელოვანი, რომლის ნამუშევრები იკვლევს ადამიანის ურთიერთობებს ტექნოლოგიასთან და ბუნებასთან ვიდეოსა და ციფრული გამოსახულებების მეშვეობით. ის დაიბადა საბერძნეთში და ამჟამად ცხოვრობს ნიუ-მექსიკოში. ციონგასს თავისი ნამუშევრები ფართოდ აქვს გამოფენილი და მრავალი ლექცია წაკითხული როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე უკანასკნელი ორიათწლეულის განმავლობაში. მისი ნამუშევრები ნაჩვენებია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა ISEA 2014 დუბაიში, ლინკოლნის ცენტრი ნიუ-იორკში, ნევადის სამხატვრო მუზეუმი და McColl ცენტრი ჩრდილოეთ კაროლინაში. მან არაერთი გრანტი, ჯილდო და რეზიდენცია მიიღო, მათ შორის WESTAF NEA გრანტი და 2015 წელს Women to Watch ჯილდო ქალთა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში. ციონგასი არის ექსპერიმენტული ხელოვნების + ტექნოლოგიის პროფესორი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში, ალბუკერკში. იხილეთ: https://www.marytsiongas.com/
ჯიმ რობერი არის პოეტი და ხმის ხელოვანი, რომელიც ცხოვრობს ალბუკერკში, ნიუ-მექსიკოში. მისი ხმის პრაქტიკა მოიცავს კომპოზიციას, ცოცხალ, იმპროვიზირებულ შესრულებასა და ხმის ინსტალაციებს; იყენებს ელექტრონიკას, ხის ჩასაბერ ინსტრუმენტებსა და კომპიუტერულ ინსტრუმენტებს. მან გამართა პერფორმანსი Nameless Sound-ის სერიაში „They Who Sound“ ჰიუსტონში, ტეხასში; ასევე როგორც სოლო, ისე ანსამბლების შემადგენლობაში ჰიუსტონსა (14 Pews, Khon’s, Axelrad, Bohemeo’s და Houston Piano Company) და ალბუკერკში, ნიუ-მექსიკშო (ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ArtsLab). ის ზოგჯერ თანამშრომლობს თავის პარტნიორ მერი ციონგასთან ინსტალაციებში, ფილმებსა და ვიდეოებში.