ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

ტექსტები როგორც კულტურული საგანძური

BRIOSI & CAVARA

ნინო გოდერიძე (God Era)

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საბიბლიოთეკო კვლევის პროექტში მოწვეულმა ხელოვანმა ნინო გოდერიძემ კვლევა განავითარა პარაზიტულ სოკოებზე “BRIOSI & CAVARA“.  

ნინო გოდერიძის არტისტული კვლევის საგანს წარმოადგენს პარაზიტიზმი და ინვაზიური სახეობები. პარაზიტი სახეობაა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმით იკვებება და ნელ-ნელა კლავს მას, ინვაზიური სახეობა კი თავისი აგრესიული გამრავლებითა და კვებით რისკის ქვეშ აყენებს დედამიწის ბიომრავალფეროვნებას. დღევანდელი კაცობრიობა თავისი აგრესიული მოხმარების მიდგომებით ორივე მავნე სახეობას გვაგონებს. კაპიტალისტური სამომხმარებლო საზოგადოება მსგავსად ინვაზიური სახეობებისა ინტენსიურად იკვებება დედამიწის ბიოლოგიური რესურსებით და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა სხვა სახეობას. ინვაზიური სახეობები გლობალიზაციის ეპოქაში მომრავლდა, რადგან ადამიანების მოგზაურობის შედეგად, ზოგი სახეობა ისეთ პირობებში აღმოჩნდა, სადაც მას დამარეგულირებელი მტაცებელი აღარ ჰყავს. შესაბამისად, მას მიეცა საშუალება შეუჩერებლად გამრავლდეს, ამით კი სხვა სახეობები გაქრობის პირას მიდის. მსგავსად მუშაობს საზოგადოებაც ველური კაპიტალიზმის პირობებში, სადაც კორპორაციებს არ ჰყავთ მარეგულირებელი ძალა. ქონების გამრავლება და დედამიწის რესურსების უსაზღვრო გამოყენება ნორმადაა ქცეული. ეს პროცესი არა რომელიმე ერთ ცოცხალ სახეობას აყენებს გადაშენების რისკის ქვეშ, არამედ მთელი დედამიწის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, რაც პარაზიტის ქმედებების დინამიკას გვაგონებს. 

ხელოვანის ჩანახატები და სამუშაო პროცესის ამსახველი ნიმუშები. ნინო გოდერიძე (God Era)

ნინო გიდერიძე თავის არტისტულ პრაქტიკებში ფემინისტურ აზროვნებას მარეგულირებელი მტაცებლის ფუნქციას ანიჭებს, რომელსაც  კაპიტალისტური პატრიარქალური  ცნობიერების შეუჩერებელი მადის რეგულირება შეუძლია. მასთან მაღალტექნოლოგიური მომავალი არა მკვდარი, ცოცხალი ორგანიზმის (დედამიწის) ნარჩენებზე აშენებული რობოტული სამყარო, არამედ ადამიანის და ბუნების სიმბიოზია. ნინო გოდერიძის ნამუშევრებში ვლინდება, რომ ორგანიზმი რომლითაც კაცობრიობა იკვებება, კოცობრიობისგანაც იღებს თავის სარგებელს. ეს მიდგომა პარაზიტიზმის კონცეფციას არღვევს და სიმბიოზის ფაზას ამკვიდრებს.

ფოტო აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნიდან “BRIOSI E CAVARA – FUNGHI PARASSITI DELLE PIANTE COLTIVATE OD UTILI”

კულტივირებული ან სასარგებლო მცენარეების პარაზიტულ სოკო  “BRIOSI E CAVARA –  FUNGHI PARASSITI DELLE PIANTE COLTIVATE OD UTILI“-ზე  დაყრდნობით, კვლევის პროცესში ხელოვანი გაეცნო მუზუემის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცულ კულტივირებულ მცენარეთა ნიმუშებს, მათ ანატომიასა და ინდივიდუალურ პარაზიტულ დაავადებებს. სამეცნიერო გამოცემების კრებულში თანდართული გამხმარი და დაზიანებული მცენარის (ჰერბარიუმის) ნიმუშები ხელოვანის მთავარი დაკვირვების წყარო გახდა. 

ფოტო აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნიდან “BRIOSI E CAVARA – FUNGHI PARASSITI DELLE PIANTE COLTIVATE OD UTILI”

ხელოვანის განაცხადი

 „მიკოლოგიური კონცეფციისა და მასთან დართული ასწლოვანი ნიმუშების კვლევამ მიმიყვანა პარაზიტიზმის იდეასა და მისი მავნებლური კონცეფციის გადააზრებამდე. ამის გაადააზრების დროს შევეცადე განმევითარებინა ჩემეული შემოქმედებითი ხედვა, ე.წ. სიმბიოზური ვერსია. რამდენადაც ჩემი არტისტული პრაქტიკა ქსოვილზე მუშაობას მოიცავს, აღნიშნული სამეცნიერო მასალა ჩემთვის გახდა იდეური მეტაფორა. სოკო, რომელიც აზიანებს მცენარეს იდეურად დავაკავშირე ქსოვილის დაზიანების პროცესთან.  ჩრჩილი – ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ქსოვილის პარაზიტია. მისი განადგურების მიზნით შექმნილია ბევრი სამედიცინო პრეპარატი. ჩემი კვლევის სიმბიოზურ ფაზად გადაყვანა გულისხმობს ჩრჩილისგან განადგურებული/შეჭმული  (დაჩრჩილული) ქსოვილის/სამოსის ხელახლა გაანალიზებას. ქსოვილზე არსებული დაჩრჩილული ნაკვალევი თავისი იერსახით ის თვითმყოფადი ნიმუშია, რომელიც მაფიქრებს მოდის ციკლურობასა და მდგრადობაზე. ვფიქრობ, მოდა უნდა ჩაერთოს სიმბიოზურ ურთიერთობაში გარემოსთან. ეს ნამუშევარი, ინსპირირებული სოკოვანი პარაზიტებისა და მცენარეების ესთეტიკით ერთგვარი განაცხადია, რომ ახალი ტანსაცმლის შესაქმნელად, ნარჩენებისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, დაზიანებული ტანსაცმლის ხელახლა მიღება და გამოყენება შეგვიძლია. პარაზიტის მსგავსად, რომელიც ვითარდება თავის მასპინძელთან ერთად, მოდას შეუძლია განავითაროს მდგრადი და პასუხისმგებლობით მოხმარების ტენდენციები.”

BRIOSI & CAVARA, ვიდეო ნინო გოდერიძე, 3D ანიმაცია Yamadatesla

God Era  – ნინო გოდერიძე არაბინარული ვიზუალური ხელოვანი და მოდის დიზაინერი, რომელიც ცნობილია მდგრადი და ეთიკური მოდის პრაქტიკით, ეკო-მასალების ექსპერიმენტებითა და ქვიარ სპეკულაციებით. წარმოდგენილი იყო თბილისის mercedes benz მოდის კვირეულზე.