მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმები

მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმები

2017 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა აღნიშნა დაარსების 130 წლის იუბილე. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ დავეკონტაქტეთ მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმებს, რომელთა მოძებნაც ინტერნეტით მოვახერხეთ. 9 მათგანი გამოგვეხმაურა და გამოგვიგზავნა თავისი პოსტერი, რომლითაც მოვაწყვეთ მცირე გამოფენა საიუბილეო კონფერენციის ფარგლებში. ამ სტატიაში მოკლედ გაგაცნობთ ჩვენ მიერ მოძიებულ თითოეულ მუზეუმს და გაჩვენებთ რა ადგილი უჭირავს მათ შორის თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს.

სიაში შესულია აბრეშუმის 31 მუზეუმი, რომლის მოძებნაც ინტერნეტით მოხერხდა. ჩამონათვალში, ცხადია, არ შედის ტექსტილის მუზეუმები, რომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თუკი გსმენიათ რომელიმე მუზეუმზე, რომელიც სიაში ვერ მოხვდა, გთხოვთ მოგვწეროთ კომენტარებში და მათ სიამოვნებით დავამატებთ.

*ვარსკვლავით აღნიშნულია ის 9 მუზეუმი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩვენს გამოფენაში.

ჩინეთი

აბრეშუმის ეროვნული მუზეუმი ჰანჯოუში*

მსოფლიოში ყველაზე დიდი აბრეშუმის მუზეუმი. დაარსდა 1992 წელს და მთელი კომპლექსი მოიცავს 42 000 მ2-ს. 2015-16 წლებში მუზეუმს ჩაუტარდა რენოვაცია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

სუჯოუს აბრეშუმის მუზეუმი

ქალაქი სუჯოუ ჩინეთის აბრეშუმის დედაქალაქია. VII-XIII საუკუნეებში ის ჩინეთის მეაბრეშუმეობის ცენტრს წარმოადგენდა. მუზეუმი გაიხსნა 1991 წელს და მას შემდეგ ქალაქის აუცილებლად სანახავი ადგილების ნუსხაშია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

შანხაის აბრეშუმის მუზეუმი

მუზეუმი ვიზიტორებს საშულებას აძლევს გაეცნონ აბრეშუმის წარმოების მთელ პროცესს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

იაპონია

ოკაიას აბრეშუმის ქარხანა-მუზეუმი*

ოკაიას აბრეშუმის მუზეუმი გაიხსნა 1964 წელს და მისი მიზანია ქალაქის მეაბრეშუმეობის მდიდარი ისტორიის შენახვა და გადმოცემა. 2014 წლიდან მუზეუმმა ადგილმდებარეობა შეიცვალა და აბრეშუმის მოქმედ ქარხანაში დაიდო ბინა. სწორედ ამის შემდეგ ეწოდა მას ქარხანა-მუზეუმი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

იოკოჰამას აბრეშუმის მუზეუმი

1859 წელს იოკოჰამას პორტის გახსნის შემდეგ ქალაქი იქცა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად და ხამი აბრეშუმის ექსპორტმა დიდი წვლილი შეიტანა იაპონიის ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ ამ ისტორიას მოგვითხრობს აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც 1959 წელს დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

სამხრეთი კორეა

კორეის აბრეშუმის მუზეუმი

კერძო მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1995 წელს, ხოლო 2004 წელს გაიხსნა განახლებული შენობა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

კამბოჯა

ანგკორის აბრეშუმის ფერმამუზეუმი

მუზეუმი დაარსდა 1998 წელს და მასში წარმოდგენილია კამბოჯაში აბრეშუმის წარმოების სხვადასხვა ეტაპი, ძირითადად ტექსტილი და საქსოვი დაზგები. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

ლიბანი

აბრეშუმის მუზეუმი, ბსოუსი, მთიანი ლიბანი*

კერძო მუზეუმი, რომელიც 2000 წელს გაიხსნა აბრეშუმის ყოფილი ქარხნის ადგილას. მუზეუმი მოგვითხრობს აბრეშუმის დიდი გზისა და ზოგადად მეაბრეშუმეობის შესახებ ლიბანში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

ესპანეთი

ახალი აბრეშუმის მუზეუმი, ვალენსია*

ვალენსიის კერძო მუზეუმი განთავსებულია ისტორიულ შენობაში, რომელიც ეროვნულ ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული. მუზეუმი მოგვითხრობს მეაბრეშუმეობის ისტორიაზე ქალაქ ვალენსიაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, ლა პალმა, კანარის კუნძულები

ლა პალმას მეაბრეშუმეობის ხუთსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მუზეუმში წარმოდგენილია როგორც ამ თემასთან დაკავშირებული ექსპონატები, ასევე ნაჩვენებია აბრეშუმის წარმოების ცოცხალი პროცესი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გერმანია

მეაბრეშუმეობის სახლი, კრეფელდი*

მუზეუმი დაარსდა 2004 წელს საეკლესიო შესამოსლისა და ნივთების საქსოვი ფაბრიკის ბაზაზე. მუზეუმში დაცულია ინდუსტრიული კოლექციები, მათ შორის ჟაკარდის 8 საქსოვი დაზგა და ექსპონატებთან ერთად ვიზიტორებს ქსოვის გაცოცხლებული პროცესის ნახვის საშუალებაც აქვთ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

პორტუგალია

აბრეშუმის და სამხარეო მუზეუმი, ფრეიშუ დე ესპადა ა სინტა*

მუზეუმი გაიხსნა 2015 წელს და არის ყოფილი ტერიტორიისა და მეხსიერების მუზეუმის მემკვიდრე. ძველ კოლექციებთან ერთად მუზეუმში ამჟამად დაცულია აბრეშუმთან დაკავშირებული ექსპონატებიც. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, კასტელო ბრანკო

მუზეუმი შეიქმნა პორტუგალიის მეაბრეშუმეობის ისტორიის საზოგადოებისთვის უკეთ გასაცნობად. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საბერძნეთი

აბრეშუმის მუზეუმი, სუფლი

მუზეუმი დაარსდა 1990 წელს. ის მოგვითხრობს აბრეშუმის წარმოების სხვადასხვა სტადიის შესახებ და ყურადღებას ამახვილებს სუფლის მეაბრეშუმეობის ისტორიაზე XIX-XX საუკუნეებში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

დიდი ბრიტანეთი

აბრეშუმის მუზეუმი, მაკლესფილდი*

მუზეუმი მოგვითხრობს ქალაქის მეაბრეშუმეობის ისტორიას. ის განთავსებულია ყოფილ ხელოვნების სკოლაში და ინახავს მრავალფეროვან კოლექციებს აბრეშუმის თემაზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

იტალია

მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის მუზეუმი, ვიტორიო ვენეტო

ვიტორიო ვენეტო XIX საუკუნიდან აბრეშუმის ჭიის კვერცხის (გრენის) წარმოების ერთერთი უმთავრესი ცენტრი გახდა იტალიაში. 1882 წელს დაარსდა მარსონის სახელობის მეაბრეშუმეობის სადამკვირვებლო ინსტიტუტი, რომელშიც დღემდე უცვლელად არის შემონახული შენობის პირვანდელი სახე, ძველი დაზგა-დანადგარები და აღჭურვილობა. 2002 წლიდან მუზეუმს მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის ჭიის მუზეუმი, ვიტორიო ვენეტო*

ვიტორიო ვენეტოში არის მეორე მუზეუმიც, რომელიც ასევე ემსახურება საზოგადოების განათლებას მეაბრეშუმეობის სფეროში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, კომო

მუზეუმი დაარსდა 1990 წელს. დღეს ის განლაგებულია 1000 მ2 ტერიტორიაზე და წარმოგვიდგენს აბრეშუმის წარმოების პროცესს ისტორიული და საგანმანათლებლო მიდგომით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის საქალაქო მუზეუმი, აბეგი, გარლატეს რეგიონი

მუზეუმი დაარსდა 1953 წელს. ის განთავსებულია XVII საუკუნის აბრეშუმის ფაბრიკის შენობაში და წარმოგვიდგენს დაზგა-დანადგარების მდიდარ კოლექციას. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ თვალი გაადევნონ აბრეშუმის წარმოების ძირითად ეტაპებს: ჭიის მოვლას, პარკიდან შულოს ამოხვევასა და ძაფის გრეხას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, სონჩინო

მუზეუმი შეიქმნა მისი კურატორის – ენძო კორბანის – კერძო კოლექციით დაახლოებით 20 წლის წინ და დღემდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

კარლო აშენძის სახელობის მეაბრეშუმეობის მუზეუმი, კოლი დელ ტრონტო, ასკოლი პიჩენო

მუზეუმი მოგვითხრობს კოლი დელ ტრონტოს მეაბრეშუმეობის ისტორიას XIX-XX საუკუნეებში. გამოფენაზე წარმოდგენილია ინვენტარი, ფოტოები და მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სხვა ნივთები. აქვე დაცულია სხვადასხვა ჯიშის ჭიის აბრეშუმის პარკები. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, სან ფლორო, კატანძარო

მუზეუმი განთავსებულია კარაჩოლოს ციხე-სიმაგრეში და ინახავს კალაბრიული აბრეშუმის ისტორიას, რომლის პროტაგონისტიც ქალაქი კატანძაროა – ევროპის აბრეშუმის დედაქალაქი 1300-1700 წლებში. მუზეუმში დაცულია მრავალფეროვანი კოლექცია: ისტორიული კოსტუმები, ხამი აბრეშუმის ექსპონატები, თუთის ხესთან და აბრეშუმის ჭიასთან დაკავშირებული ნიმუშები, ბუნებრივი საღებავები და სხვ. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ჩირო რონკის სახელობის აბრეშუმის ჭიის მუზეუმი, მელდოლა, ემილია რომანია

XIX საუკუნეში ქალაქი მელდოლა, კომოსთან ერთად, აწარმოებდა უმაღლესი ხარისხისა და უდიდესი რაოდენობის აბრეშუმს მთელი იტალიის მასშტაბით. მუზეუმი მნახველებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მეაბრეშუმეობის სამსაუკუნოვან ტრადიციას, რამაც გადამწყვეტი როლი შესარულა ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საფრანგეთი

აბრეშუმის მუზეუმი, სან იპოლიტე დუ ფორტი*

მუზეუმში წარმოდგენილია აბრეშუმის წარმოების სხვადასხვა ეტაპი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, ტულინიონი, დრომი

მუზეუმი დაარსდა 2001 წელს, როდესაც ქალაქმა გადაწყვიტა, რომ შეეძინა ყოფილი მეაბრეშუმისა და კოლექციონერის – ლანკონის – კერძო კოლექცია.  მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

აბრეშუმის ეკომუზეუმი, ლაბასტიდ დე ვირაკი, არდეში

მუზეუმი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს თვალი გაადევნონ აბრეშუმის წარმოების ყველა ეტაპს აბრეშუმის პარკიდან მზა ქსოვილამდე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

აბრეშუმის ჭიის მუზეუმი, ლაგორსი, არდეში

მუზეუმში წარმოდგენილია მეაბრეშუმეობის ისტორია მსოფლიოში და კონკრეტულად არდეშში, აგრეთვე აბრეშუმის წარმოების პროცესი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

აბრეშუმის მუზეუმი, ლარჟონტიერი, არდეში

მუზეუმი განთავსებულია აბრეშუმის ძველ ფაბრიკაში და წარმოგვიდგენს აბრეშუმის წარმოების ყველა ეტაპს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ბონეს აბრეშუმის ინდუსტრიის მუზეუმი, ჟუჟურიუ, ენი

მუზეუმი განთავსებულია აბრეშუმის ძველ ფაბრიკაში, რომელიც დააარსა ლიონში დაფუძნებულმა ბონეს კომპანიამ 1835 წელს. შენობას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

კანუტების სახლი, ლიონი

მუზეუმი შეიქმნა 1970 წელს. მე-19 საუკუნეში ამ სახლში იკრიბებოდნენ მქსოველთა გაერთიანების წევრები. აქ დამთვალიერებელი გაეცნობა ლიონის აბრეშუმის ინდუსტრიის ისტორიას და ამ სივრცის დამაარსებლების – კანუტების – ცხოვრებას. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს.

საქართველო

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი დაარსების თარიღით მხოლოდ ვიტორიო ვენეტოს მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის მუზუმს ჩამორჩება. ის გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი კოლექციებითა და ისტორიული შენობით, რომელიც სპეციალურად მუზეუმისთვის აიგო. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მუზეუმის ვებგვერდს ან დაათვალიერეთ მუზეუმის ვირტუალური ტური.

P.S. ისიამოვნეთ ჩვენი ქვიზით ტექსტილის კოლექციების შესახებ საქართველოსა და მსოფლიოში.

ავტორი: სალომე ფაჩუაშვილი