ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

ძველი იდეების ახალი ლექსიკონი

ინტერვენცია

ეს ინტერვენცია ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებს შორის განხორციელდა. ეს არ წარმოადგენდა გამოფენას, ან მის ჩანაცვლებას რომელიმე აღნიშნულ ფორმატში, არამედ ეს იყო ერთგვარი რეაქცია 2020 წლის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციასა და ცვლილებებზე, რომელიც პროექტსა და გამოფენასაც შეეხო. მუზეუმის გარეთ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღობეზე, 15.10.-15.11.2020 პერიოდში, პროექტის თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების ნაწილთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა ცვალებად ბანერებზე იყო წარმოდგენილი; ონლაინ სივრცეში განთავსდა მეტი ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ და ასევე – მათთან კავშირში აბრეშუმის მუზეუმის მიერ შერჩეული ობიექტები.


გრძელი, დაუსრულებელი გზა

ნინო ზირაქაშვილი

ნამუშევრის დეტალი, 2020. ფოტო: კატარინა ჰუდაჩინოვა.

საქართველოში შრომითი ემიგრაციის ფემინიზაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იწყება. 90-იან წლებში შეიქმნა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი. ამან გამოიწვია სამუშაო ადგილების რაოდენობის შემცირება, რაც ქვეყანაში ახლაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. შრომითი ბაზრის უთანასწორობის გამო, ქალები იძულებულები არიან საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ხშირად, საკუთარი პროფესიული გამოცდილების და უმაღლესი განათლების მიუხედავად, ისინი თანახმა არიან სხვა ქვეყანაში მძიმე სამუშაო შეასრულონ. მრავალი წლის განმავლობაში, მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე იმყოფება. საქართველოდან წასული ეს მიგრანტი ქალები ძირითადად დამლაგებლებად, მომვლელებად, ან ოჯახში დამხმარეებად მუშაობენ. ისინი საქართველოში ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს ფინანსურად ეხმარებიან. საბუთების გარეშე ყოფნა და მძიმე სამუშაო პირობები მათ სოციალურ ცხოვრებასა და ინტეგრირებას ხელს უშლის. ამის გამო, მათი არსებობა, ხშირად, უხილავი რჩება საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე სამშობლოში.

ნამუშევარში ვაერთიანებ ინფორმაციას, რომელიც მათგან და მათ შესახებ შევაგროვე. გრძელი, დაუსრულებელი ქვილთი მოიცავს მათ ემიგრაციასთან დაკავშირებულ ტექსტებსა და ვიზუალურ მასალას. ნამუშევარი აბსტრაქტულად ასახავს „უხილავი ქალების“ ისტორიებს, რაც საქართველოში დაუსრულებელ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

აბრეშუმის მაქმანები. როზა კლაუბერის მანუფაქტურა. მე-19 საუკუნის ბოლო. მიუნხენი, გერმანია.

ნამუშევრის საპასუხოდ წარმოვადგინეთ ერთერთი ობიექტი აბრეშუმის მუზეუმის მაქმანის კოლექციიდან, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდს განეკუთვნება. ლივერსის დაზგაზე შესრულებული, ეს მრავალფეროვანი დიზაინის, ფაქიზი ნაწარმი როზა კლაუბერის მანუფაქტურიდანაა და წარმოებულია მიუნხენში, გერმანიაში. ებრაელი ფეიქრის, როზა კლაუბერის დაარსებული საქმე თაობათა საოჯახო ბიზნესად განვითარდა. თუმცა, ნაცისტების მიერ დევნის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ და საქმიანობა აშშ-ში თავიდან დაეწყოთ, რასაც მათი შთამომავლები დღესაც აგრძელებენ, როგორც Klauber Brother, Inc.

მე-19 საუკუნის მაქმანების ნიმუშები აბრეშუმის მუზეუმის ერთერთი უნიკალური კოლექციაა, რომელიც კლაუბერის წარმოების იშვიათად მრავალფეროვან მასალას ინახავს. აბრეშუმის მაქმანი – ვიზუალურად შთამბეჭდავი, ერთი შეხედვით მსუბუქი არტეფაქტი, წარმოების სპეციფიკასთან ერთად, ერთი ქალის შრომისა და ოჯახის ამბავს გვიყვება და ისტორიის რთულ მომენტსაც უკავშირდება.


ჯერარაგებული ნანგრევები – სოლიდარობის გეგმა

კატარინა შტადლერი

ინსტალაციის დეტალი, 2020. ფოტო: კატარინა ჰუდაჩინოვა.

ჩვენს თანამედროვე წარმოსახვის შემდგომ დილემაში, რომელსაც სოციალური შური და ნაციონალისტური ტენდენციები ახასიათებს, ჩნდება შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება დაუსრულებელი უთანასწორობის სისტემიდან გამომდინარე, სოლიდარობაზე დაყრდნობით ვიფიქროთ როგორც აწმყოზე, ასევე მომავალზეც. ამ შეკითხვაზე ვმუშაობდი ცენტრალური ევროპის მე-20 საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურულ ნაწარმოებებზე დაყრდნობით.

ოდესღაც, ამ ტექსტებში მომავალი – როგორც უტოპია ან დისტოპია – წარმოიდგინეს. მომავალი, რომელიც დღეს შორეულ წარსულს ეკუთვნის.

ეს წარსული, მომავალი დროის მოსაზრება, წარმოსახულია როგორც ჩვენი მომავლის წარსული. შესაბამისად, მომავლის შესაძლო ნანგრევების შესწავლით, ხმოვანი ინსტალაცია ჯერარაგებული ნანგრევები – სოლიდარობის გეგმა, ცდილობს გამოაჩინოს სტრუქტურები, რომელთაც წარსულშიც და მომავლის წარსულშიც, შეუძლიათ მიგვიყვანონ, და მივყავართ კიდეც, სოლიდარობის ქმედებებისა და სოციალური ერთიანობის ბარიერებამდე.

ყველა საშინელება [ნამდვილი ან წარმოსახვითი], როგორც გეგმა

(მომავლის) ყველა ნანგრევი და მომავალი [ნამდვილი ან წარმოსახვითი], როგორც გეგმა

ცენტრი ან ცენტრალური [ნამდვილი ან წარმოსახვითი], როგორც გეგმა

სამყაროსთვის, რომელიც მუდმივად ფართოვდება

არ არსებობს ცენტრი ან ცენტრალური

არსებობს გრავიტაცია

და ხმა, გრავიტაციის მიუხედავად

და ხმის მოძრაობა, დაბრკოლებების მიუხედავად

მუდმივი ჩურჩული

ცენტრალიზებული მხოლოდ საკუთარი თავის გარშემო

და ხმები

ფიზიკის გამოწვევა

ჩურჩული და ხმები

ბეტონი და კონკრეტული

შემზარავი

ხმები

ლინგვისტურ მოდელებში

სტრუქტურები

ბადეები ბადეებზე

და ბადეებზე

ჩიხებისა და ლაბირინთების

ჯერარაგებულ ნანგრევებში

ჭიის გამოკვება ინდიგოში შეღებილი ფოთლებით. მე-19 საუკუნის ბოლო.

ნამუშევრის საპასუხოდ აბრეშუმის მუზეუმის ერთერთი ექსპონატი შევარჩიეთ, სადაც უჩვეულო სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგებია წარმოდგენილი. ღებვის ლაბორატორია მე-19 საუკუნის ბოლოს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა ქიმიური და ბუნებრივი საღებავებით აბრეშუმის ძაფის დამუშავება. ლაბორატორიის ერთერთ რადიკალურ და ამავდროულად, წარუმატებელ ექსპერიმენტად შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა საღებავით, ამ შემთხვევაში ინდიგოში შეღებილი თუთის ფოთლებით აბრეშუმის ჭიის გამოკვება. ამ არტეფაქტით სამეცნიერო ხედვის უტოპიური მცდელობა წარმოებაში რესურსების უფრო ეფექტურ გამოყენებადაც შეიძლება დავინახოთ. ძაფის ამოსახვევად ცხელ წყალში მოთავსების შედეგად, ამ პარკებიდან მქრქალი ლურჯი ტონი თითქმის გაქრა. სამუზეუმო ყუთში მოთავსებული მასალა დღეს წარსულში სამომავლოდ ჩაფიქრებულ ექსპერიმენტს წარმოგვიდგენს.


თვალები და ბარიერები (მეტამორფოზა)

სანდრო სულაბერიძე

თვალები და ბარიერები (მეტამორფოზა), სანდრო სულაბერიძე, ფოტოგრაფია, 2020

„ღრმა ჭრილობა გრეგორს თვეზე მეტხანს სტანჯავდა. ვაშლის მოძრობა ვერავინ გაბედა, ამიტომ ის სამუდამო სახსოვრად ჩარჩენილიყო გრეგორის სხეულში. ამ ჭრილობამ, როგორც ჩანს, მამაც კი გამოაფხიზლა და შეახსენა, რომ გრეგორი, მისი ახლანდელი ბეჩავი და საზიზღარი გამომეტყველების მიუხედავად, მაინც ოჯახის წევრი იყო, ამიტომ ის მტრად კი არ უნდა შეერაცხათ, არამედ ვალდებულნი იყვნენ, ეს ზიზღი როგორმე დაეძლიათ და მოთმინება გამოეჩინათ.“

ფრანც კაფკა, გარდასახვა

გასულ ზაფხულს, ბერლინში, შარლოტენშტრასეზე აღმოჩენილ იქნა დაობებული, ბეტონის მტვრით დაფარული და დროისგან ძლიერ დაზიანებული ხოჭოს სხეული.

ცოცხალი ორგანიზმის ნაშთს, გასაკვირად კარგად შემონახული მარცხენა თვალი აღმოაჩნდა. ქიმიური პროცესების შედეგად შესაძლებელი გახდა მწერის ბადურაზე აღბეჭდილი ოპტოგრამის დანახვა. მართალია, სიკვდილის წინ ხოჭოს მიერ ნანახი უკანასკნელი კადრი არ არის მკვეთრი, მაგრამ მიღებულ სურათზე მნიშვნელოვანი ფერითი ინფორმაციაა აღბეჭდილი.

რეკონსტრუირებულ სურათზე ნათლად ჩანს მკვეთრი ფერის (ყვითელი, მწვანე, ან წითელი) ლაქა…

ეს ნამუშევარი – აღქმის შესახებ – არის კაფკას მეტამორფოზას წარმოსახვითი გაგრძელება. გამოსახულებათა თანმიმდევრობა, რომელიც ორი განსხვავებული ფოტოაპარატითაა გადაღებული, უსასრულო ციკლშია ნაჩვენები. ისინი იმეორებენ ორ განსხვავებულ ხედვას: ადამიანისას (შავ-თეთრად) და მწერისას (ფერადად).  

აქ ნაჩვენებია გაუცხოების პროცესი, რომელშიც დაპირისპირებულია შინაგანი და გარეგანი ხედვა – როგორ გარდაიქმნება აღქმა ბარიერად? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს განსხეულებულ პირად ხედვას ადამიანებზე?

ერთმანეთის საპირისპირო ორი აპარატი ერთსა და იმავე მოვლენას, ხილის სახეცვლას აკვირდება. ვაშლი იმ მიტოვებული ბაღებიდანაა, რომლებიც ბორდერიზაციის მავთულხლართებითაა გაყოფილი. ეს ხილი საქართველოში არსებული რეალური კონფლიქტის ზონიდანაა, სადაც ადამიანები მუდმივი ტერორისა და საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. რუსეთის საოკუპაციო ხაზი მუდმივად მოძრაობს და შთანთქავს ტერიტორიებს, საოჯახო ფერმებს, ხეხილის ბაღებს და სახლებს.

პარკის ახვევის პროცესი, მდგომარეობა ყოველი 2 საათის შემდეგ. მე-19-მე-20 სს-ების მიჯნა.

ნამუშევრის საპასუხოდ აბრეშუმის მუზეუმში შევარჩიეთ ბიოლოგიის კოლექციის ერთერთი ექსპონატი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შექმნილ სამუზეუმო ყუთში პარკის ამოხვევა ეტაპობრივადაა წარმოდგენილი. ეს რომ ვიდეო გამოსახულება იყოს, ერთი პარკის შექმნის პროცესის თავიდან ბოლომდე დაკვირვება იქნებოდა შესაძლებელი, ჭიის რიტმში, ან დაჩქარებულად. თუმცა, აქ ეს შეჩერებებითაა წარმოდგენილი – პარკი ჯერ გამჭვირვალეა და ეტაპობრივად იფარება ძაფით, სანამ მკვრივ გარსად არ გადაიქცევა – რაც აბრეშუმის პარკის და ამ ობიექტის შექმნის შესახებ გვაფიქრებს. პარკიდან პეპლის გამოსვლის ცნობილი მეტაფორის მიღმა, ამ ექსპონატზე დაკვირვებით შეგვიძლია გარდაქმნის პროცესზე, მის ეტაპებსა და ხედვის პერსპექტივებზე ვიფიქროთ.


„ჩვენ დავინახეთ ვეფხვი“

ვერონიკა ლაჰიტე

ნახატი დეტალზე ფლორიან პაუკეს ხელნაწერიდან “Hin und Her. Hin süsse und vergnügt, Her bitter und betrübt.” (1748-1769) ინახება ავსტრიაში, ცვეტლის სააბატოს არქივში. 2020

პროექტის საწყისი წერტილია ფლორიან პაუკეს (სილეზია, 1719) ჩანახატები და ჩანაწერები, რომლებიც მან 1749-1767 წლებში დღევანდელი არგენტინის ტერიტორიაზე ყოფნის დროს შეასრულა. მოგზაურობისას მან შექმნა მცენარეთა 33, ცხოველთა 33 და მოკოვის ადგილობრივი თემის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი 86 ჩანახატი. ავსტრიაში, ცვეტლის სააბატოში დაცული ხელნაწერი ერთ-ერთი იმ წყაროთაგანია, რომელიც ყველაზე ვრცლად წარმოგვიდგენს აღნიშნული ადგილის გარემოს და იქ ადამიანთა ცხოვრებას. „ჩვენ დავინახეთ ვეფხვი“ სიღრმისეულად შეისწავლის პაუკეს მიერ შექმნილ მასალას, რათა მისიონერის ხედვა დაუპირისპიროს აწმყოს, რომელსაც ერი სახელმწიფოების შექმნის დროს განადგურება მოეთხოვება. „ჩვენ დავინახეთ ვეფხვი“ იკვლევს და პასუხობს სამყაროსადმი მიდგომის ძველ (და ამჟამინდელ) უტილიტარულ გზას, რაც ძველი იდეების ახალი ლექსიკონის ფუნდამენტური ნაწილია.

ძველი სანერგე მეურნეობა. კ. ზანისი. 1895. აზერბაიჯანი, ლენქორანის მაზრა, სოფ. შახ-აგაჩი

ნამუშევრის საპასუხოდ აბრეშუმის მუზეუმში შევარჩიეთ ერთერთი ექსპონატი ფოტოკოლექციიდან. XIX-XX საუკუნების მიჯნაზე, რეგიონის მასშტაბით განხორციელებული ექსპედიციების დროს, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური მრავალფეროვან ინფორმაციას აგროვებდა აბრეშუმის მიღებისა და დამუშავების ხალხური მეთოდების შესახებ. ექსპედიციების ერთერთი მონაწილე იყო ფოტოგრაფი კონსტანტინზე ზანისი, რომელმაც ფოტოსურათებზე დააფიქსირა კავკასიელთა ცხოვრება და მეაბრეშუმეობის ტრადიციები რეგიონის სხვადასხვა ნაწილში, რაც დღეს მუზეუმის ფოტოკოლექციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

ეთნოგრაფიული ვიზუალური მასალის გაცნობისას, მნიშვნელოვანია მასზე დაფიქსირებული ინფორმაციის მიღმა დავინახოთ მრავალი შრე და კონტექსტი, დოკუმენტური და სახელოვნებო მიდგომების ურთიერთმიმართება. ამგვარად, მუზეუმის ადრეული პერიოდის სურათებში „ცენტრისა” და „პერიფერიის” საკითხებსაც შეიძლება დავაკვიდრეთ. თუთის სანერგეების ფოტოებზე ხშირად ვხედავთ მხოლოდ ერთ ადამიანს. თითქოს, აქ გამოსახულია ხეების მცველი, ვინც სანერგესთან დგას და პირდაპირი მზერა მიუპყრია ფოტოკამერისთვის, იმ თვალისთვის, რომელიც იქ გარემოს დასაფიქსირებლად არის ჩასული.


ყურადღება მიაქციეთ თქვენს ცეკვას: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონუმენტის პროექტი

ირმინა რუშიცკა

ინსტალაცია, 2020. ფოტო: ანდრჟეი გოლცი

მონუმენტები, როგორც ობიექტები ან სოციალური მოვლენები, მხოლოდ ორ შემთხვევაში არსებობს: აღმართვისას და დემონტაჟისას. რობერტ მუზილის მიხედვით, ამ მომენტებს შორის ის გაუჩინარდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შთამბეჭდავია მონუმენტი, დროთა განმავლობაში ის ჩვეულებრივი რამ ხდება, ადგილის ქსოვილს ერწყმის და პედესტალზე საკუთარ თავს ვულგარულად ამყარებს.        

უდავოა, რომ ზოგადად, ავტობუსის გაჩერება მონუმენტად არ მიიჩნევა. ასევე, ავტობუსის შეუკეთებელი გაჩერება, აღმართული ევროპის ერთ-ერთ თვითშექმნილ ცენტრში, მონუმენტად არ აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ თავისებური რეგიონის რეპრეზენტაცია, ავტორს არ სურს გაგვახსენოს მოდერნიზაციის კიდევ ერთი წარუმატებელი პროექტი. ისტორიის დასასრულის დაპირებისა და დაჩქარებული ვესტერნიზაციის პარალელურად, გვაქვს ეკონომიკური იმიგრაცია, ნაციონალისტური ტენდენციები და ადგილობრივი ინდუსტრიის დანგრევა. ფუკუიამას მოსაზრების მიუხედავად, ისტორია არ დამთავრებულა, რასაც ვერ ვიტყვით მუნიციპალურ ქალაქებს შორის საავტობუსო მარშრუტების შესახებ.

რუშიცკას პროექტში შეიძლება აღმოვაჩინოთ მონუმენტის მნიშვნელობის თამაშისებური კვლევა. ჩვენ შეიძლება წინასწარ განვსაზღვროთ მონუმენტის ფორმა და მდგომარეობა, ვეცადოთ მას მივანიჭოთ უტილიტარული ფუნქცია, ან განვიხილოთ ანტიმონუმენტის იდეა. თუმცა, უფრო მეტად ინსტალაცია ყურადღებას ამახვილებს, თუ რა როლი აქვს მონუმენტს მარცხის აღნიშვნისას, ან უფრო ოპტიმისტურად, იმ შეუსრულებელი დაპირებებისადმი პატივის მიგებისას, რომელთაც იმედი ჯერ კიდევ შერჩენიათ. ზუსტად ისე, როგორც ყველა ელოდება ავტობუსს, ავტობუსის გაჩერებაზე, ადგილზე სახელად არსად.    

ტექსტის ავტორი: ალექსი ვუიტოვიჩი

ფოტო: ნინო წითურიშვილი

ნამუშევრის საპასუხოდ აბრეშუმის მუზეუმში შევარჩიეთ არა უშუალოდ სამუზეუმო ექსპონატი, არამედ – შენობაში არსებული ელემენტი, რომელიც უკვე წლებია მუზეუმში შემოსვლისთანავე ბევრი ვიზიტორის ყურადღებას იპყრობს. 2019 წლის შემოდგომაზე, პროექტ „ძველი იდეების ახალი ლექსიკონის“ სახელოვნებო რეზიდენციაში მუშაობის დროს, ირმინა რუშიცკამაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ დეტალს.

ეს არის ხის ბოძი, რომელიც თაღს შეუყუდეს თბილისის 2002 წლის აპრილის მიწისვძრის შემდეგ. ასე იქცა ის მუზეუმის მთავარი შესასვლელის „განუყოფელ“ ნაწილად, რომელიც კონსტრუქციული სიმყარის ნაცვლად, შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობას აბსურდული პირდაპირობით აცხადებდა. 2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რისი დასრულების შემდეგაც, განახლებულ მუზეუმში ეს დეტალი ამ ადგილზე აღარ უნდა იყოს. თუმცა, ეს ბოძი (ან ამ ამბის დაფიქსირება) შეიძლება არტეფაქტი, ან ერთგვარი მონუმენტიც გახდეს, რომელიც რეაბილიტაციის ხანგრძლივ მოლოდინში მყოფი აბრეშუმის მუზეუმის კომპლექსურ ისტორიას ეხმიანება.


ნამუშევრების ტექსტები მოწოდებულია ხელოვანთა მიერ; ირმინა რუშიცკას ნამუშევრის შესახებ ტექსტის ავტორი – ალექსი ვოიტოვიჩი; პოლონურიდან ინგლისურად თარგმნა სტან ბარანსკიმ. ინგლისური ტექსტების კორექტურა – გლინის ჰალ-როშელი.

სანდრო სულაბერიძის ნამუშევრის ტექსტში გამოყენებულია ციტატა წიგნიდან: გარდასახვა. ავტორი ფრანც კაფკა, გერმანულიდან თარგმნა მაია ლიპარტელიანმა, გამომცემლობა თბილისი, 2010. elibrary.sou.edu.ge

ტექსტები მუზეუმის ობიექტების შესახებ: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.

This Post Has One Comment

Comments are closed.