ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ხელოვან ნინო ქვრივიშვილის კვლევითი პროექტი

მასალა, რომელიც აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით მომზადდა, მოიცავს ქართული საბჭოთა აბრეშუმის ქსოვილების ნიმუშებს და მათი შექმნის ისტორიას. ასევე, იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც 1950-90-იან წლებში თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდნენ. დღეს, ათეულობით წლების შემდეგ, შევძელით გაგვეცნო რამდენიმე ავტორი და წარმოებაში მათ მნიშვნელობასა და როლზე გვესაუბრა. მასალა ეფუძნება პირად შეხვედრებსა და ჩანაწერებს.

ელენე სეფიაშვილი

თბილისის აბრეშუმის საქსოვი  ფაბრიკის ინჟინერ-ტექნოლოგი

დაიბადა 1923 წლის 1  სექტემბერს  წითელწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში. 1941-42  წლებში თბილისის  სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1946 წელს გადავიდა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ტექნოლოგიური ფაკულტეტის III კურსზე, რომელიც დაამთავრა 1949 წელს. ამავე წელს  დაიცვა სადიპლომო ნაშრომი  ქ. ივანოვოში  და მიიღო ინჟინერ-ტექნოლოგის წოდება ქსოვის სპეციალობით. 1947 წლიდან  ელენე სეფიაშვილი  პარალელურად მუშაობდა  თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში  წუნმდებელ-კონტროლიორის თანამდებობაზე, მოგვიანებით მოსამზადებელი საამქროს,  შემდეგ  კი საქსოვი და მოსამზადებელი წარმოების უფროსად. დაინტერესებული იმით, თუ როგორ მუშავდებოდა ახალი ქსოვილები ელენე სეფიაშვილი დაინიშნა  ქსოვილის ასორტიმენტის  დამმუშავებელი (დესინატორების)  ჯგუფის უფროსად, რომლის შემქმნელი  იყო ვასილ ივანეს ძე პეროვი.

მიუხედავად ომის  წლებისა, ხელმძღვანელი ორგანოების დაინტერესება  რაც შეიძლება ლამაზი და ბევრი ქსოვილი ეწარმოებინათ არ განელებულა. საამქრო ამზადებდა ქსელის და მისაქსელის ძაფსაც, რომელიც  საქსოვ განყოფილებას გადაეცემოდა. თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა თანდათან ვითარდებოდა. გაერთიანებულ ჯგუფს, რომელსაც ელენე სეფიაშვილი ხელმძღვანელობდა, წარმოებაში შემოჰქონდა  ახალი დაზგა- დანადგარები, ასვე გამოყოფილი იყო საცდელი დაზგები, სადაც აწარმოებდნენ ასორტიმენტს. 

ელენე სეფიაშვილის მიერ დამუშავებულ ქსოვილებს უშვებდნენ როგორც თბილისისა და ქუთაისის, ასევე მოლდოვეთის ფაბრიკები.  ნაწარმის გამოშვება ხდებოდა საქართველოში, ხოლო დაინტერესების შემთხვევში მაჩვენებელს უგზავნიდნენ სხვა ქვეყნებს. მოსკოვში ყოველწლიურად გამართულ  საკავშირო საბჭოზე ელენე სეფიაშვილი წარმატებით წარადგენდა ახალ დამუშავებულ ასორტიმენტს. მის მიერ შექმნილმა  ნატურალური აბრეშუმის საკაბე ქსოვილმა სახელწოდებით „ციცინათელა“ მოსკოვში მოწყობილ საკავშირო გამოფენაზე  მიიღო ჯილდო- ვერცხლის მედალი, ასევე მის ქსოვილზე „ვარძია“ დიდი  საბაზრო მოთხოვნა იყო.  

ელენე სეფიაშვილი კარიერულად წარმატებით მიდიოდა წინ და ამის ფონზე მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის ორდენი და ჯილდო. მისი მიზანი საკუთარი თავის,  როგორც ინჟინრის, ასევე საკუთარი ქვეყნის გამოჩენა იყო. წარმოებების შემცირების პროცესში დაიხურა აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება,  თუმცა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გახსნილ მცირე საქსოვ საწარმოს ელენე სეფიაშვილი ჩაუდგა სათავეში, სადაც რამდენიმეწლიანი მუშაობის პერიოდში  შექმნა  სხვადასხვა სამომხმარებლო ქსოვილის ნიმუში.

კვლევა და სამუშაო განხორციელდა „აბრეშუმის პარკის გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს?“ მხარდაჭერის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.

This Post Has One Comment

  1. მთვარისა მარკოზია

    დიდი მადლობა ნინო ქვრივიშვილს ასეთი დაუღალავი შრომისთვის,ასევე მადლობას ვუხდი აბრეშუმის მუზეუმის დირექტორს ნინო-ჩუკა კუპრავას საინტერესო პროექტისთვის.ფაქტიურად მოხდა მუზეუმის არქივის შევსება აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ბოლოდროინდელი ნიმუშებით,რომელიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,თუ როგორი დატვირთვით მუშაობდა წარმოება.
    p.s.ქართული აბრეშუმი უნდა აღორძინდეს

Comments are closed.