„მე ვითხოვ სიტყვას“

„მე ვითხოვ სიტყვას“

საარქივო მასალის კოლაჟი, თამუნა ჭაბაშვილი, 2020.

ჩემი სახელოვნებო პრაქტიკა არქივებისა და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება. პირადი ისტორიების, მოგონებებისა და შეკითხვების ვიზუალურ და ხელშესახებ ნარატივებად ქცევა, ჩემთვის ისტორიული მემკვირდეობის ინტერპრეტაციისა და განხილვის საშუალებაა. ასევე, ეს არის იმ გზების აღმოჩენის შესაძლებლობა, სადაც „წინააღმდეგობრივმა მოგონებებმა“ თუ „ისტორიებმა“ შეიძლება სიჩუმის სივრცე შეავსოს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში კვლევის დროს, ჩემი ყურადღება მიიპყრო ნიმუშთა ნაკრებმა, რომელიც გაერთიანებული იყო სათაურის ქვეშ – „უცნობი ავტორი“. ეს ნაკრები ქაღალდის ფორმებზე წარმოგენილი ქსოვილის ნიმუშების კატეგორიებად დალაგების პროცესში შეიქმნა – დახარისხება, გაანალიზება და ავტორთა (დიზაინერების, კოლორისტების, მხატვრების და ა.შ.) ძიება. „უცნობი ავტორი” ჩემთვის საბჭოთა კოლექტიურ წარმოებაში მონაწილე ყველა ინდივიდის მეტაფორად იქცა. საბჭოთა მემკვიდრეობის გადააზრების ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ელემენტის მსგავსად, ისინიც ნაკვალევის გარეშე გაქრნენ.

XX საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ცოცხალი და ფერადი ქსოვილის ნიმუშების გარდა, მუზეუმში შენახული იყო სააღრიცხვო და სხვა დოკუმენტთა ხელით აკინძული წიგნები. ყოველი მათგანი აღრიცხავდა აბრეშუმის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ბიუჯეტებსა და ხარჯებს, წარმოების რაოდენობასა და ხარისხს, განხორციელებისა და ხარჯვის ადგილმდებარეობას და ა.შ. ყველა პროცედურა ცალკეულ დოკუმენტში იყო აღწერილი. ფურცლის ზომა და ფერი განსხვავებული იყო. რუსულ ენაზე მომზადებული და დაბეჭდილი შესავსები ფორმები, ქართულად იყო ხელით შევსებული. ესენი იმ დროის ნიმუშების წიგნებადაც შეიძლება დავინახოთ, სადაც შემონახულია აბსურდულობამდე მიყვანილი დეტალური აღრიცხვა.

ამ არქივმა ჩემი ყურადღება მიიპყრო თავისი ფრაგმენტული ხასიათით, ინტერპრეტაციისადმი დელიკატურობითა და ფორმის ვიზუალური თვითკმარობით – ნიმუშების წიგნი, ფრაგმენტული ნარატივები, წარმოჩენის გზები, დიზაინი და სხვ.                

ხშირად, ჩემს პროექტებში ქსოვილი ქსელის ფუნქციას ასრულებს. ქსოვილს ვიყენებ იმისათვის, რომ პერსონალური პერსპექტივიდან აღვნიშნო გარკვეული მოვლენის ნაკვალევი, ის ვაქციო დროებით პლატფორმად ან სივრცედ, რომელიც გადმოსცემს ადამიანის ისტორიას და ეწინააღმდეგება მის გაქრობას. ყოველი ახალი პროექტი ჩემთვის შესაძლებლობაა, რომ შევხვდე ან გავიცნო ადამიანთა ჯგუფი, რომელზეც გარკვეულმა პოლიტიკურმა და ისტორიულმა მოვლენამ პირადი გავლენა იქონია და რომელიც, ძირითადად, შეუმჩნეველი, თუ ნაკლებად წარმოჩენილია. ამგვარი შეხვედრები მეხმარება იმ კონტექსტის განვრცობაში, რომელშიც დღეს [სხეულით შემონახული] მოგონებების ინტერპრეტაცია და განთავსებაა შესაძლებელი.

მსურდა შემექმნა ობიექტი, რომელიც წარმოქმნიდა სივრცეს უცნობი ავტორის საკითხის განხილვისათვის. მათ შესახებ ინფორმაციის არსებობის გარეშე, ვკარგავთ შესაძლებლობას, შევისწავლოთ და დავფიქრდეთ ჩვენი ისტორიის კონკრეტულ პერიოდზე, შესაბამისად, ჩვენს საკუთარ ბიოგრაფიებზე.                   

საარქივო მასალის კოლაჟი, თამუნა ჭაბაშვილი, 2020.

ჩემი შთაგონების ძირითადი წყარო გამოსახულება და მისი შექმნის საშუალებებია. ჩემს ნამუშევრებში გამოსახულება შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩარჩო, რომლის საშუალებითაც სამყაროს დანახვა და ინტერპრეტაცია ხდება. შესაბამისად, კონკრეტულ საკითხსა თუ პრობლემასთან დაკავშირებით გამოსახულების აგების პროცესი, ჩემთვის ამ „ჩარჩოს“ დროში/სივრცეში გაშლა და დაკვირვების შესაძლებლობაა. ნამუშევრების საშუალებით მსურს, რომ ეს პროცესი სხვათა მონაწილეობასაც მოიცავდეს.

ნამუშევარი, რომელიც მუზეუმში კვლევითი მუშაობის შედეგად შევქმენი, ეფუძნება აქ აღმოჩენილ მასალას – ხის საჩვენებელი ყუთი, 1977 წლის საბუღალტრო წიგნი და წინადადება (მე ვითხოვ სიტყვას), რომელიც თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის ყოფილი თანამშრომლის, ელენე სეფიაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტის შთაგონებითაა შექმნილი. „ლაითბოქსი“ წარმოგვიდგენს ერთამენთზე დადებულ ორ შრეს – გაშლილი საბუღალტრო წიგნი და წინადადებით შექმნილი ნიმუში.

„მე ვითხოვ სიტყვას“, თამუნა ჭაბაშვილი, 2020.

ავტორი: თამუნა ჭაბაშვილი

კვლევა და სამუშაო განხორციელდა „აბრეშუმის პარკის გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს?“ მხარდაჭერის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.