ინდუსტრიული ქსოვილის წარდგენის სახელოვნებო ფორმები

ინდუსტრიული ქსოვილის წარდგენის სახელოვნებო ფორმები

2020 წლის შემოდგომაზე, CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის მხარდაჭერით, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა განახორციელა სარეზიდენციო თანამშრომლობითი პროექტი. ამ ინიციატივის ფარგლებში, მუზეუმმა საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა მოწვეულ ხელოვანთან და კურატორთან ითანამშრომლა. პანდემიის დროს მუშაობის განხილვის პარალელურად, პროექტის მთავარი თემა არქივისა და კოლექციის საკითხებს შეეხებოდა. ამ პროცესში დიდი ყურადღება დაეთმო თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის საბჭოთა პერიოდის ქსოვილის შესახებ მუზეუმში არსებულ მასალას. ინდივიდუალური სახელოვნებო და საკურატორო იდეების დამუშავებასთან ერთად, მონაწილეთა ნაწილმა სამუზეუმო ექსპოზიციის ახლებურ წარდგენაზეც იმუშავა. რა ინფორმაციის მატარებელია გასულ საუკუნეში წარმოებული ტექსტილი? როგორ შეგვიძლია განვიხილოთ, ორნამენტი, ქსოვილი და მისი ტაქტილურობა? ამ თემების დამუშავებით, ოთხი საექსპოზიციო ნამუშევარი შეიქმნა, სადაც ავტორები საბჭოთა პერიოდის აბრეშუმის კოლექციის ინფორმაციულ და გამომსახველობით შრეებს სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოგვიდგენენ. 

ჰერბარიუმი – ნინო ზირაქაშვილი

ხელოვანმა ნინო ზირაქაშვილმა, რომელიც ძირითადად ტექსტილის მედიუმში მუშაობს, ხელნაკეთი ალბომი „ჰერბარიუმი“ შექმნა. ეს მისი რიგით მეორე ნამუშევარია, რომელიც მუზეუმთან თანამშრომლობით ხელოვანის წიგნის ფორმატით განახორციელდა და ამდენად, მუზეუმის კოლექცია საკუთარი სუბიექტური მიდგომით გადაიაზრა. „ჰერბარიუმი“ მცენარეული მოტივებით გაფორმებული საბჭოთა პერიოდის ქსოვილების სამუზეუმო ალბომია. ეს ვიზუალური სელექციაა ქსოვილის იმ ნიმუშებისა, რომლებიც ყვავილებისა და მცენარეების მოტივებით საბჭოთა წარმოების სტილს აყალიბებდნენ. ქსოვილების ფაქიზი შერჩევითა თუ შეხამებით, მათ ნეიტრალურ ჩარჩოში წარმოდგენით, „ჰერბარიუმი“ მნახველს დაკვირვებისა და ესთეტიკური ტკბობისკენ იწვევს და ამავდროულად, გვაფიქრებს იმ კოლექტიურ შრომაზე, რომელსაც არც თუ ისე შორეულ წარსულში აქტიური ფორმა ჰქონდა. „ჰერბარიუმი“ ფლორასთან ასოციაციური კავშირის გარდა ფარული განცხადებაცაა, ან უფრო ზუსტად, მხატვრული პოზიცია, რომელიც მნახველს უახლესი წარსულის კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილ, დავიწყებულ ინფორმაციას შეახსენებს. 

ვიტრინა – სანდრო სულაბერიძე ნინუცა შატბერაშვილთან თანამშრომლობით

სანდრო სულაბერიძისა და ნინუცა შატბერაშვილის ერთობლივი ნამუშევარი მუზეუმის საექსპოზიციო ყუთში აბრეშუმის შესახებ ვიზუალური ინფორმაციის ალტერნატიულ წარდგენას გვთავაზობს. ხელოვანებმა ინდუსტრიული ქსოვილის კოლექციის ნარჩენი ნიმუშების კოლაჟი ოპტიკური მინების ქვეშ ააწყვეს და ამგვარი ფორმით შექმნეს დაარქივების გარდამავალი პროცესის ვიზუალური რეპლიკა. ქაოსი, როგორც წესრიგის ფორმა, ინტუიციური სქემასავით იშლება მნახველის წინაშე და გამადიდებელი შუშის ფოკუსში აქცევს კოლექციის იმ ნაწილს, რომელიც კლასიფიცირებისა და აღნუსხვის მიღმაა დარჩენილი. სხვადასხვა ფორმის ნაჭრები კონტექსტის გარეშე არსებული ვიზუალური კომენტარია, რომელიც გვაფიქრებს სამუზეუმო ექსპონატის წარდგენის ალტერნატიულ ხედვაზე. დანაწევრებული ნარჩენი ქსოვილების ვიტრინაზე დაკვირვებისას, კლასიკური სამუზეუმო კვლევისა და სელექციის პირობითობაზეც ვფიქრდებით – კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის, თუ რას უნდა გაუძლოს დრომ, რას შეიძლება ენიჭებოდეს ექსპონატის წოდება და ნომერი? დაკვირვების ამ პროცესში, ნამუშევრის ეს კოლაჟური ფორმა „მესამე თვალიცაა“, რომლის მეშვეობით ავტორები მაყურებლს, მზერის ინტენსიური „დაძაბვით“, დეტალების აღმოჩენისა და მათზე დაფიქრებისკენ უბიძგებენ. 

ქსოვილის სენსორული და მეხსიერების თამაშები – თამარ ბოჭორიშვილი და ნაილი ვახანია

თამარ ბოჭორიშვილისა და ნაილი ვახანიას შემოქმედებითი თანამშრომლობა ხშირად ხელოვნების ინტერაქციულ მოდელს ეფუძნება და თამაშის ფორმატით წარადგენს ნამუშევარს. ამჯერად, ქსოვილის ტაქტილურობისა და დიზაინის შთაგონებით, ხელოვანებმა სენსორული და მეხსიერების სამაგიდო თამაშები შექმნეს. ორივე თამაშის იდეა მუზეუმში არსებულ მასალას ეფუძნება და ინდუსტრიული ქსოვილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო-შემეცნებითი ფორმით ცდილობს. ხელოვნება, როგორც კომუნიკაცია და ინტერაქცია, მაყურებლის უშუალო ჩართულობას და ინფორმაციის შემოქმედებითად მიწოდებას ეფუძნება.

მეხსიერების თამაში 12 მოძრავი ნაწილისგან შემდგარი დაფაა, რომელიც მსგავსი თამაშების ცნობილ პრინციპს ეფუძნება. აქ ის იდენტური დიზაინის ქსოვილების დამახსოვრებასა და პოვნას გულისხმობს. ვიზუალურ გაფორმებასთან ერთად, ნამუშევარში ხაზგასმულია ინდუსტრიული ქსოვილის სახელწოდებები („ვარძია“, „ციცინათელა“, „დარიალი“, „ვაჟა“ და სხვ.), რომელთა ეტიმოლოგია იმ პერიოდის ტექსტილის მხატვრების შთაგონების წყაროსაც ეხმიანება. 

სენსორული თამაშით ქსოვილის შეცნობა მასზე შეხების მეშვეობით ხდება. თამარ ბოჭორიშვილისა და ნაილი ვახანიას ხელნაკეთი, სხვადასხვა ტიპის ქსოვილის ბალიშებზე ხელის შეხებით, მოთამაშე-დამთვალიერებელი მათზე ფიზიკური დაკვირვებით ახდენს კონკრეტული სახეობის ქსოვილის იდენტიფიცირებას. ორივე ნამუშევარი ტექსტილის ამოცნობას, მისი მრავალფეროვანი სტრუქტურისა და ტიპოლოგიის შემეცნებას თამაშის გზით ახდენს და ამგვარად, აზიარებს დამთვალიერებელთან ინფორმაციას ინდუსტრიული ტექსტილის შესახებ.

აღნიშნული ნამუშევრები, რომლებიც ქსოვილის წარდგენის სახელოვნებო ფორმებს ქმნიან, ეხმიანებიან რა პროექტის ზოგად თემას, გვაფიქრებენ ხელოვნებასა და კულტურაზე ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეებში. 2020 წლის პანდემიით გამოწვეული დისტანციისა და სახელოვნებო აქტივობების დიდწილად ონლაინ სივრცეში გადატანის პირობებში, რეზიდენციის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და პროექტები, ხაზს უსვამენ მასალისა და ნამუშევრების ფიზიკურად აღქმის მნიშვნელობას, დამთვალიერებელის თანამონაწილეობასა და რეალურ სივრცეში დაბრუნებას.

ავტორი: მარიამ შერგელაშვილი

კვლევა და სამუშაო განხორციელდა „აბრეშუმის პარკის გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს?“ მხარდაჭერის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.