რას გვიყვება ქსოვილი?

რას გვიყვება ქსოვილი?

საგანმანათლებლო პროგრამა ზრდასრულთათვის (ონლაინ ფორმატით)

მონაწილეთა განაცხადების მიღება

აბრეშუმის თუ სხვა სახეობის ქსოვილი, ან მათგან შექმნილი ტანსაცმელი პირადი მოგონებების მატარებელი შეიძლება იყოს. ამ ამბების შეკრებითა და გადმოცემით, ქსოვილით „საუბრისას“ კი კოლექტიური მეხსიერებისა და ყოველდღიურობის გარკვეული ასპექტები იკვეთება.

2021 წლის გაზაფხულზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი გთავაზობთ ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამას „რას გვიყვება ქსოვილი?” 

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, თუ რა ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ქსოვილი და როგორ შეიძლება ამ პირადი მოგონებებისა თუ კოლექტიური ისტორიების გადმოცემა. 

ვორქშოფი შედგება 4 სამუშაო შეხვედრისგან, რომლებიც გაიმართება კვირაში ერთხელ (ოთხშაბათობით (10, 17, 24, 31 მარტი), 19:00-22:00, შუალედური შესვენებით). შეხვედრები გაიმართება ონლაინ ფორმატში.

მონაწილეები მოისმენენ მოწვეული სტუმრების მოხსენებებს თემებზე, რომლებიც შეეხება ქსოვილთან დაკავშირებულ ეთნოგრაფიულ, სახელოვნებო, თუ ტექნოლოგიურ ასპექტებსა და ქსოვილის საშუალებით ამბების გადმოცემას.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები დაამუშავებენ ტექსტუალურ და ვიზუალურ ინფორმაციას მათ მიერ შერჩეული ობიექტის შესახებ.

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი მოისმინოს საინტერესო მოხსენებები და შეისწავლოს ქსოვილთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული საკითხები; ასევე, პანდემიის პირობებში ელექტრონული ფორმატით ჩაერთოს პროგრამაში და იმუშაოს ჯგუფთან ერთად; რაც მთავარია, დაამუშაოს და აბრეშუმის მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგინოს საინტერესო ინფორმაცია – ეს შეიძლება შეეხებოდეს სხვადასხვა სახის ქსოვილს, ტანსაცმელს, თუ აქსესუარს, რომელიც გაგაჩნიათ თქვენ ან თქვენს ნაცნობს და თვლით, რომ ამის საშუალებით საინტერესო თუ მნიშვნელოვანი ამბის გადმოცემაა შესაძლებელი. შეხვედრები გაიმართება ქართულ ენაზე.

დასასრულს, მონაწილეების მიერ მომზადდება მოკლე ნარატიული და ვიზუალური მასალა, რაც განთავსდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ბლოგზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ამ ბმულზე მოცემული ფორმა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 01.03.2021, 18:00

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. კონკურსის შედეგებს შეგატყობინებთ 10 მარტამდე.

შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით, მისამართზე silkmuseum.tbilisi@gmail.com ან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ფეისბუქ გვერდის საშუალებით.

პროგრამას ახორციელებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.