ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ხელოვან ნინო ქვრივიშვილის კვლევითი პროექტი

მასალა, რომელიც აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით მომზადდა, მოიცავს ქართული საბჭოთა აბრეშუმის ქსოვილების ნიმუშებს და მათი შექმნის ისტორიას. ასევე, იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც 1950-90-იან წლებში თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდნენ. დღეს, ათეულობით წლების შემდეგ, შევძელით გაგვეცნო რამდენიმე ავტორი და წარმოებაში მათ მნიშვნელობასა და როლზე გვესაუბრა. მასალა ეფუძნება პირად შეხვედრებსა და ჩანაწერებს.

მთვარისა მარკოზია

მხატვარი, კოლორისტი

1984-1996 წლებში მუშაობდა თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში მხატვრად, მოგვიანებით მხატვარ-კოლორისტად. მას არაერთი ქსოვილის ნიმუში აქვს შექმნილი, რომელსაც აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება ამზადებდა. მთვარისა მარკოზია გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში,1957 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. მე-2 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ქ. თბილისში მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო ფერწერის განხრით. 1979-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქსოვილების მხატვრული გაფორმების სპეციალობით. აკადემიის დასრულების შემდეგ მას მიენიჭა მხატვარ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.  მარკოზიას სადიპლომო ნამუშევრის თემა იყო – აბრეშუმის ჟაკარდული და დაჩითული, ასევე ხელით მოხატული საკაბე ქსოვილები.

აკადემიის დასრულების შემდეგ, მარკოზია მუშაობას იწყებს თბილისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში, სადაც ქმნის ესკიზებს გეომეტრიული, ასევე მცენარეული მოტივებით. საწარმოო გაერთიანების სამხატვრო განყოფილებას ამ დროისთვის ხელმძღვანელობდა მხატვარი ფარნაოზ სარალიძე. ორ სამუშაო დღეს მოსდევდა შემოქმედებითი დღე – ოთხშაბათი,  როდესაც წარმოებისთვის იქმნებოდა რაპორტული ნახატები ფერთა მაქსიმალური რაოდენობით – ექვსი. „ქართულ აბრეშუმს განსაკუთრებით ფერადოვნება და მრავალფეროვნება  გამოარჩევდა. ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებოდი, თუ როგორ გადადიოდა ნახატი ქსოვილზე, სადაც ჩანდა რაპორტის გამეორება უსასრულო მეტრაჟზე და სრული სახე საკუთარი ჩანაფიქრის“, ამბობს მარკოზია. მარკოზიას ნამუშევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, როგორც ადგილობრივ, ასევე, საკავშირო სამხატვრო საბჭოზე, სადაც ქსოვილის ესკიზები მტკიცდებოდა.

აბრეშუმის საწარმოო გაერთიანებაში მუშაობის პარალელურად, მთვარისა მარკოზია ქიმიკოს ნანი ნახუცრიშვილთან ერთად საქართველო – ინდოეთის ერთობლივი საწარმოსთვის „მიტა“ ხელით მხატვრული ღებვის მეთოდით  ქმნიდა აბრეშუმის საკაბე ქსოვილებს. ამავე კომპანიისთვის შექმნა ლოგო.  აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების დახურვის შემდეგ, მარკოზია 1996 წელს   მიდის ემიგრაციაში საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე. ექვსწლიანი სოციალური საქმიანობის პარალელურად ის განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას ამჯერად კერძო სახელოსნოში და მონაწილეობდა გამოფენებში. საბერძნეთში ყოფნის დროს მან შეისწავლა ხატწერის ტექნიკა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2002 წელს მარკოზიამ მუშაობა დაიწყო   ხელოვნების პედაგოგად ქ. თბილისში, კერძო სკოლა „ოპიზაში“ და დღემდე აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.

კვლევა და სამუშაო განხორციელდა „აბრეშუმის პარკის გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს?“ მხარდაჭერის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.

This Post Has One Comment

  1. მთვარისა მარკოზია

    დიდი მადლობა ნინო ქვრივიშვილს ასეთი დაუღალავი შრომისთვის,ასევე მადლობას ვუხდი აბრეშუმის მუზეუმის დირექტორს ნინო-ჩუკა კუპრავას საინტერესო პროექტისთვის.ფაქტიურად მოხდა მუზეუმის არქივის შევსება აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ბოლოდროინდელი ნიმუშებით,რომელიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,თუ როგორი დატვირთვით მუშაობდა წარმოება.
    p.s.ქართული აბრეშუმი უნდა აღორძინდეს

Comments are closed.