TEXERE – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დროებითი გამოფენა ესკიზურად, ღია პლატფორმის კონცეფციით გაიხსნა და 2025 წლის 19 ოქტომბრიდან 27 დეკემბრამდე მასპინძლობდა ვიზიტორებს. გამოფენის სათაური ტექსტის და ტექსტილის ურთიერთკავშირს მეტაფორულად გამოხატავს.

ექსპოზიციის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული ქსოვილების ნიმუშებს წარადგენდა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუზეუმის სხვენში ინახებოდა. თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში 1950–90-იან წლებში წარმოებული საბჭოთა ინდუსტრიული ქსოვილების ნიმუშები პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი საარქივო მასალაა, რომელზე კვლევაც ორგანიზაცია CEC ArtsLink-ის სარეზიდენციო პროგრამის Art Prospect Network-ის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტის “აბრეშუმის პარკის გარეთ: როგორ წარვადგინოთ ხელოვნება საჯაროდ პანდემიის დროს” ფარგლებში. პროექტის კურატორები: ნინო კუპრავა, დათა ჭიღოლაშვილი, მარიამ შერგელაშვილი.
2020-2021 წლებში კვლევის აქტიურ ფაზაში არაერთი საინტერესი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის ხელოვან ნინო ქვირვიშვილის კვლევა ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებზე, ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ინსტალაცია “მე ვითხოვ სიტყვას” საარქივო მასალისა და საავტორო საკითხების ურთიერთკავშირზე, ხელოვანების, ნაილი ვახანიასა და თამარ ბოჭორიშვილის ინტერაქტიული, ქსოვილის თემაზე აწყობილი თამაშები, სანდრო სულაბერიძისა და ნინუცა შატბერაშვილის ნარჩენი ქსოვილებისგან შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევარი, ნინო ზირაქაშვილის სახელოვნებო ტექსტილის წიგნი “ჰერბარიუმი.”

ფოტო: ნინუცა ლეკიშვილი
პანდემიის შეზღუდულ იზოლაციურ პირობებში ამ კვლევების და ნამუშევრების წარდგენა გრძელვადიანი ფორმატით ვერ განხორციელდა. მალევე, იმ პერიოდში პანდემიის პარალელურად, მუზუემის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო და თანამედროვე ხელოვანებთან თანამშრომლობების საგამოფენო ფორმატით წარდგენაც დროებით შეჩერდა, თუმცა კვლევითი პროცესი და პროექტებზე მუშაობა მუზეუმში უწყვეტად მიმდინარეობდა.
ამ მუშაობისა და განახლებული ხედვების გათვალისწინებით 2025 წელს გადავწყვიტეთ ინდუსტრიული ქსოვილის კოლექცია ახალი კონტექსტით წარმოგვედგინა, სადაც ტექსტი და ტექსტილი მრავალშრიან კავშირებს და ახალ შემოქმედებით იმპულსებს განავითარებდა. სწორედ ამ მოტივით გამოფენა TEXERE სამი თვის განმავლობაში თანდათან გადაიქცა კვლევით და ინტერაქტიულ პლატფორმად – სივრცედ, სადაც არქივი პროცესუალური, ეტაპობრივი და დინამიური დაკვირვების საშუალებას აძლევს თითოეულ დაინტერესებულ დამთვალიერებელს.
ინდუსტრიული ქსოვილები და ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთა შრომის კვალი, ერთგვარი ტაქტილური მეხსიერების თამაშს სთავაზობდა ვიზიტორს, უხილავი და თან მკაფიო წესებით. ამ კონტექსტში ზემოაღნიშნულმა სახელოვნებო კვლევებმა ქსოვილი განიხილა არა მხოლოდ მატერიად, არამედ ადამიანური გამოცდილების, პიროვნებებისა და შრომის ურთიერთმიმართების სიმბოლოდ.
ქსოვილის კოლექციების სახასიათო ნიშანი – მუყაოს ძველ ქაღალდზე ხელნაწერით აღნიშული ტექნიკური ტექსტუალური მახასიათებლები კიდევ ერთი დამატებითი შრე აღმოჩნდა გამოფენის კონცეფციის გასავითარებლად. ტექსტი, სიტყვა, ხელნაწერის ვიზუალიზაცია ექსპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერპრეტაციულ მიგნებად განვითარდა, კერძოდ, გურამ წიბახაშვილის საავტორო პროექტით „ერთხელ“, რომელიც სამუზეუმო სივრცეში პირველად გამოიფინა. ძველი საფოსტო ბარათების არქივზე დაფუძნებული ეს ნამუშევარი, მსგავსად ინდუსტრიული ტექსტილების ნიმუშებისა, მეხსიერებასა და დროს შორის არსებულ არასტაბილურ კავშირს – გამოსახულებას, ტექსტსა და სიტყვებს შორის მოხელთებულ მყიფე შეგრძნებებს აფიქსირებდა.

ამავე სივრცეში მოწყობილი წერილების კუთხე გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ცოცხალ ნაწილად იქცა. დამთვალიერებლები არამხოლოდ დამკვირვებლები, არამედ თანაავტორები გახდნენ. წერილების წერა, ღია ბარათების შექმნა, ტექსტის და გამოსახულების სინთეზი გადაიქცა იმ პრაქტიკად, რომლის მეშვეობითაც ინდივიდუალური მოგონებები კოლექტიურ გამოცდილებას დაუკავშირდა.
TEXERE-ს საჯარო პროგრამაზე მუშაობისას მთავარი მოტივაცია იყო ამბისა და შთაგონების გაზიარება. მოწვეული სტუმრებიც ამ კონცეფციის ირგვლივ გაერთიანდნენ. შეხვედრები ხელოვანებთან, ფოტოგრაფებთან, მწერლებთან და მკვლევარებთან ცალკეულ ნამუშევრებზე საუბართან ერთად, შემოქმედებითი იდეების გაზიარების პრაქტიკად იქცა.
მხატვრული მიდგომებისა და აზროვნების პროცესი გაგვიზიარეს მონაწილე ხელოვანებმა ნინო ქვრივიშვილმა და თამუნა ჭაბაშვილმა. გურამ წიბახაშვილის შეხვედრა ფოტოსა და ტექსტის ურთიერთკავშირზე პრაქტიკული ვორქშოფით დასრულდა; თამარ ბოჭორიშვილისა და ნაილი ვახანიას ინტერაქტიულ შეხვედრაზე მონაწილეები თავად ჩაერთნენ მეხსიერების თამაშში; დეკემბრის პროგრამა მწერლებთან ანა კორძაია-სამადაშვილთან და არჩილ ქიქოძესთან შეხვედრით გაგრძელდა. გამოფენის დახურვისას, ხელოვან მარიამ ნატროშვილთან შეხვედრისას ერთსიტყვიანი წერილების ისტორიას გაეცნენ მონაწილეები, თავადაც დაწერეს ერთსიტყვიანი ტექსტები, რაც კოლექტიური კითხვის პროცესით დასრულდა.
ესკიზური, ღია და ცვალებადი ფორმით TEXERE აგრძელებდა ფიქრს „დაკარგულისა და ნაპოვნის“ თემაზე. როგორ ვკითხულობთ არქივს დღეს? როგორ ვუსმენთ და აღვიქვამთ ამ მასალას? რა ხდება მაშინ, როცა მუზეუმი თავის სივრცეში პერსონალურ ამბებს, მოგონებებს, ადამიანთა ხმებს, წერილებსა და ამბებს აერთიანებს?

ამ ბლოგპოსტის შემდეგ გვერდებზე გამოფენის ფარგლებში ინტერაქციული პროგრამის ნიმუშებს გაეცნობით, ანონიმურ წერილებსა თუ პირად პორტრეტებს სადაც გამოსახულება, ქსოვილი, ფერი, ფორმა, ხმა, ნიშან-სიმბოლოდ იქცევა და ახალ გრძნობად ლექსიკონს ან სულაც ახალ არქივს ქმნის. დროთა განმავლობაში ეს ნიმუშებიც დამატებით ფასეულობას შეიძენს, როგორც ჩვენი სწრაფმავალი, სირთულეებით დატვირთული, კრიზისული დროების არაერთგვაროვანი გამოძახილი.
გამოფენა მუზეუმის საგამოფენო მიმართულების სტაჟირების ფარგლებში განხორციელდა საგამოფენო პროექტების კურატორის მარიამ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით. მონაწილე სტაჟიორები: ნინი ბექაური, ანანო გოგიჩიძე, სალი ხიზანიშვილი, ნინუცა ლეკიშვილი, ნინი მამულაძე.
განსაკუთრებული მადლობა მუზეუმის დირექტორს, ნინო კუპრავას, იდეის ფორმირებიდან გამოფენის დასრულებამდე შემოქმედებით პროცესში უშუალო თანამონაწილეობისა და გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე ჩვენი მუზეუმის მცირერიცხოვანი გუნდის თითოეულ წევრს და მიმართულების ხელმძღვანელს, სტაჟიორებს, მონაწილე ხელოვანებსა და მწერლებს, მუზეუმის მეგობრებს, გულშემატკივრებს, ახალ სტუმრებსა და ერთგულ ვიზიტორებს.
ავტორი: მარიამ შერგელაშვილი











