უექსპონატო: ფოთლისმჭამელები

უექსპონატო: ფოთლისმჭამელები

უექსპონატო

აბრეშუმის მუზეუმმა პარკის შემოქსოვა დაიწყო. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, მუზეუმი განახლებული სახით უნდა წარდგეს. სამუზეუმო ექსპონატები დროებით იფუთება, ყუთებში თავსდება. სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი საგამოფენო ვიტრინები ცარიელი დგას. კედლებზე ჩარჩოების კვალი შეიმჩნევა.

ღონისძიებათა სერია „უექსპონატო“ უჩვეულო სამუზეუმო გარემოში გეპატიჟებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, გარდამავალ ეტაპზე, მუდმივმოქმედი გამოფენის ნახვა შეუძლებელია. ეს მომენტი უნიკალურ საშუალებას გვაძლევს, რომ ყურადღება გავამახვილოთ საგამოფენო სივრცეზე და აბრეშუმის მუზეუმის სპეციფიკა სხვადასხვა ნამუშევრისა და მიდგომის საშუალებით გავიაზროთ. ექსპონატთა წარმოსახვით, უექსპონატო სივრცის შეგრძნებით, თუ ცარიელი ადგილების ნაწილობრივი შევსებით, გამოფენებისა და საექსპოზიციო ობიექტების ადგილზე დაკვირვების მნიშვნელობასაც ვხედავთ.

ფოტო: დათა ჭიღოლაშვილი.

ფოთლისმჭამელები

22.06. – 01.07.2021

მოშინაურებული აბრეშუმის ჭია (ლათ. Bombyx mori) ძირითადად თუთის ფოთლით იკვებება, რათა გაიზარდოს და პარკი შემოიქსოვოს. შემდეგ ადამიანი აბრეშუმის ძაფს ამოახვევს, ამუშავებს და ქსოვილს ქმნის. შესაბამისად, მუზეუმის კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თუთის ხესთან (ლათ. Morus) დაკავშირებულ ექსპონატებს – სხვადასხვა ჯიშისა თუ ჰიბრიდის ჰერბარიუმი, ხის დაავადებები, ეთნოგრაფიული თუ ლაბორატორიული ფოტომასალა, სამეცნიერო მიღწევები და სხვ. 

„უექსპონატოს“ პირველი ღონისძიების ფარგლებში, „თუთის ოთახში“ გამართული გამოფენა ადამიანის, ბუნებისა და აბრეშუმის კავშირს შეეხება. ნინო ელიაშვილმა აქ წარმოდგენილი ნამუშევრები (2021) მუზეუმის შთაგონებით შექმნა. აკვარელში შესრულებული შრეები, რაც აბრეშუმის ქსოვილის გამჭვირვალობას გვახსენებს, სხვადასხვა ობიექტისა და უსახო სხეულის კავშირს წარმოადგენს. ამავდროულად, ნამუშევართა ადგილის სპეციფიკური წარდგენა ხაზს უსვამს ამ ოთახის წინა პერიოდის გამოფენას, ან უფრო კონკრეტულად, მისგან დარჩენილ კვალს. ექსპოზიციის საკითხებს ეხება ნინო ზირაქაშვილის სახელოვნებო წიგნებიც. „ენტომოლოგიური კოლექცია“ (2018) ხელოვანმა მუზეუმის პეპლების კოლექციის ერთ-ერთი უჯრის შთაგონებით შექმნა, სადაც შეკრებილი ეტიკეტები იმ ექსპონატებზე გვაფიქრებს, რომელთაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. ხელოვანის წიგნში „ჰერბარიუმი“ (2020) მან მინიმალური ინფორმაციით გააერთიანა მცენარეული მოტივებით შექმნილი ინდუსტრიული ქსოვილის ნიმუშები. საქართველოში აბრეშუმის წარმოება XX საუკუნის ბოლოსკენ გაჩერდა, ხოლო ამ ქსოვილების თუ მათი ავტორების შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულად შემორჩა.

კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

აბრეშუმის მუზეუმის პეპლების კოლექციის ერთ-ერთი უჯრა და ნინო ზირაქაშვილის ხელნაკეთი წიგნი „ენტომოლოგიური კოლექცია“ (2018).

ექსპოზიციის ფოტოსურათების ავტორი: მედეა შარიქაძე.