ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში

ხელოვან ნინო ქვრივიშვილის კვლევითი პროექტი

მასალა, რომელიც აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით მომზადდა, მოიცავს ქართული საბჭოთა აბრეშუმის ქსოვილების ნიმუშებს და მათი შექმნის ისტორიას. ასევე, იმ ადამიანების ბიოგრაფიებს, რომლებიც 1950-90-იან წლებში თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მუშაობდნენ. დღეს, ათეულობით წლების შემდეგ, შევძელით გაგვეცნო რამდენიმე ავტორი და წარმოებაში მათ მნიშვნელობასა და როლზე გვესაუბრა. მასალა ეფუძნება პირად შეხვედრებსა და ჩანაწერებს.

ნათელა თაქთაქიშვილი

თბილისის აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკის მხატვარი-ტექნოლოგი

ნათელა  შალვას  ასული  თაქთაქიშვილი,  დაიბადა 1940  წლის 27  სექტემბერს  ქ. თბილისში.  1947  წელს  შეიყვანეს  თბილისის  მე-8  საშუალო  სკოლაში,  რომელიც  დაამთავრა  1958  წელს.  ამავე  წელს  კი  მუშაობა დაიწყო  კარდიოლოგიის  ინსტიტუტში,  ეგრეთ  წოდებული  “სტაჟის”  გამო პრეპარატორად.   1961  წელს  თბილისის  სახელმწიფო  სამხატვრო  აკადემიაში ჩაირიცხა  ქსოვილების  მხატვრული გაფორმების სპეციალობაზე. 1967  წლის  3 ივლისის  გადაწყვეტილებით  კი,  მიენიჭა  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების  მხატვრის  კვალიფიკაცია  და  ამავე  წელს,  მსუბუქი  მრეწველობის სამინისტროს  გადაწყვეტილებით  ნათელა  თაქთაქიშვილი  გაანაწილეს თბილისის აბრეშუმის საქსოვ ფაბრიკაში მხატვრად, სადაც მისი თქმით, დახვდა საინტერესო  და  ნიჭიერი  მხატვრების  ჯგუფი,  მთავარი  მხატვრის  ფარნა სალარიძის  ხელმძღვანელობით.  თავად  ეს  მხატვრები  კი  იყვნენ,  ანიკო გოდერძიშვილი, კაკო აბუაშვილი, ქეთო პატარაია, ჟუჟუნა ნარიმანიშვილი, ნინა სულხანიშვილი,  ირაკლი  ნადაშვილი,  ნათელა  კვირკველია,  ვენერა  კაპანაძე, ელგუჯა ჟვანია. რამდენიმე წლის შემდეგ კი შეემატათ, ციალა მამუჩაიშვილი და მთვარისა  მარკოზია,  რომელთაც  ასევე  საკმაოდ  ნიჭიერ  მხატვრებად მოიხსენიებს.

როგორც თავად ნათელა  თაქთაქიშვილი  აღნიშნავს,  ამ  პერიოდში გაეცნო
ფაბრიკის მუშაობას თავისი  საინტერესო და შრომისმოყვარე  ადამიანებით. ფაბრიკაში  დილის  9  სთ-დან საღამოს 6- საათამდე  მუშობდნენ,  ქმნიდნენ ქსოვილის  ესკიზებს.  მასალად  იყენებდნენ  გუაშს.  ამბობს,  რომ  შეეძლოთ  არაუმეტეს  6 ფერის გამოყენება. ესკიზები  ქაღალდზე  იხატებოდა,  რაპორტი  კი,  აუცილებელი  იყო გასამრავლებლად. ესკიზები  იქმნებოდა  ქსოვილზე  დასაჩითად  (საჩითავი  განყოფილებისთვის). იჩითებოდა  როგორც  ნატურალური,  ისე  ხელოვნური  საფარდე  და  საკაბე ქსოვილები. საკაბე ქსოვილის სიგანე, 90 სმ, ხოლო საფარდე ქსოვილის სიგანე 1,50 სმ იყო. ქსოვილის  დაჩითვა  ხდებოდა შაბლონებით  ასევე  მექანიკური  ლილვების დახმარებითაც.  ნათელა  თაქთაქიშვილის  თქმით,  იყო  შემთხვევები,  როდესაც ადგილობრივ ხელმძღვანელობას კონკურსის სახით დაუვალებიათ თავსაფრისა და ლურჯი სუფრის ესკიზების მომზადება.

ფაბრიკაში სამ თვეში ერთხელ ტარდებოდა სამხატვრო საბჭო, რომელსაც
ესწრებოდა  ადგილობრივი  პერსონალი, ასევე მსუბუქი მრეწველობის
სამინისტროს წარმომადგენლები და მხოლოდ  ამ საბჭოზე მიღებული
ნამუშევრები ეშვებოდა წარმოებაში. როგორც წესი, ნახატის მიღება და შერჩევა
ხდებოდა  ჯერ ადგილობრივ შემდეგ კი სამინისტროს საბჭოზე. წელიწადში
ერთხელ ტარდებოდა საკავშირო სამხატვრო  საბჭო სხვადასხვა რესპუბლიკებში, იმ რესპუბლიკებში, სადაც აბრეშუმის ფაბრიკები იყო.
საბჭოებზე განიხილებოდა დაჩითული  სურათები და ხდებოდა მხატვრის,
დესინატორისა და კოლორისტის  შეფასება. ნათელა თაქთაქიშვილი  დასძენს, რომ  ხშირად საკავშირო საბჭოზე  უპირატესობას  ეროვნულ ორნამენტებზე შესრულებულ სურათებს ანიჭებდნენ. რაც შეეხება მის კოლეგებს, აღნიშნავს, რომ საბჭოზე ყველას ჰქონდა გამორჩეული შესრულების სურათები.


ნათელა თაქთაქიშვილი თავადაც ესწრებოდა აღნიშნულ საბჭოებს მივლინებების სახით, ეს შეიძლება ყოფილიყო ქ.ტალინში, რიგაში, მოსკოვში, ტაშკენტში, შეკში ან/და ქუთაისში და დასძენს, რომ მივლინებებში სამუშაოს პარალელურად, იყო მეგობრული დახვედრები და ქალაქის ღირსშესანიშნაობების  გაცნობა. ასევე იხსენებს, თუ როგორ ემზადებოდნენ ერთ-ერთი სამხატვრო საბჭოსთვის, ახსოვს სიჩუმე და უეცარი საშინელი ხმა, რომელმაც ჯერ შეაკრთო იქ მყოფთაგანი, შემდეგ კი ყველას სიცილის ხმა გაისმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ირაკლი ნადაშვილმა, რომელიც მისი თქმით, კვიმატობით გამოირჩეოდა, დიდი რკინის სახაზავი მოღუნა და იატაკზე გაუშვა.
 

ნათელა თაქთაქიშვილს ძალიან კარგად ახსოვს ქსოვილების მაღაზია “ლუქსი”
რომელიც ქ.თბილისში რუსთაველის გამზირზე  მდებარეობა, სადაც  ის  და  მისი კოლეგები ხშირად აკვირდებოდნენ მყიდველის მიერ შერჩეულ და მოწონებულ ქსოვილების ასორტიმენტს. პირადად იხსენებს, რომ ჰქონდა  აბრეშუმის კაბა და მოსწონდა  მოსკოვის ფაბრიკის ეგრეთწოდებული “კრასნაია როზას” და ბალტიისპირეთის ფაბრიკების მხატვრების ნამუშევრები.


ნათელა  თაქთაქიშვილმა  თბილისის  აბრეშუმის   წარმოებაში  იმუშავა  1995 წლამდე.

This Post Has One Comment

  1. მთვარისა მარკოზია

    დიდი მადლობა ნინო ქვრივიშვილს ასეთი დაუღალავი შრომისთვის,ასევე მადლობას ვუხდი აბრეშუმის მუზეუმის დირექტორს ნინო-ჩუკა კუპრავას საინტერესო პროექტისთვის.ფაქტიურად მოხდა მუზეუმის არქივის შევსება აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ბოლოდროინდელი ნიმუშებით,რომელიც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,თუ როგორი დატვირთვით მუშაობდა წარმოება.
    p.s.ქართული აბრეშუმი უნდა აღორძინდეს

Comments are closed.