ქსოვილი გვიყვება…

ქსოვილი გვიყვება…

ჩემი დაბადების მოწმობის მიხედვით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დავიბადე. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ის ნივთები, რომლებიც საბჭოთა დროს შეიქმნა, დღეს ისტორიის ამ ნაწილზე საუბრობენ. წიგნების გარდა, ამ პერიოდზე ქსოვილმაც შეიძლება მოგვიყვეს, თურმე, იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა. 

საფეიქრო ინდუსტრია საქართველოში მოწინავე დარგი იყო. გიორგი გამცემლიძის  (მაშინდელი მსუბუქი მრეწველობის მინისტრი 1972-1985 წლებში) ცნობით, მსუბუქი მრეწველობა წელიწადში აწარმოებდა 5,17 მილიონ მეტრ შალის ქსოვილს. 

ერთი შეხედვით, რთულია ითქვას, თუ რა განსაკუთრებული შეიძლება აღმოაჩინო ინდუსტრიულ ქსოვილში. ამისათვის, ავიღოთ 70-იან წლებში წარმოებული, ამ ხუთი მილიონი მეტრიდან, შალის მეტრნახევარი საბავშვო გადასაფარებელი. ზომით დაახლოებით 160×80 სმ, მართკუთხა ფორმის ორფერი ქსოვილი. გადასაფარებელს მთლიან სიგრძეზე სხვადასხვა ფორმა მიუყვება. აქ ნახავთ ხეს, ირემს თუ ფასკუნჯს, თევზს თუ სხვადასხვა ორნამენტს, რომელთაც შესაბამისი სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეთ.

არ ვიცი, და ვერც ვერასდროს გავიგებ, ეს სტილიზებული ცხოველის ფორმა მხატვარმა გამიზნულად დახატა, თუ კოლექტიური არაცნობიერიდან ამოუტივტივდა. ფაქტია, ბავშვობა გავატარე იმ ფიქრით, რომ ძილის დროს ირმები „მიცავდნენ“.

ხალხურ ტრადიციებში შემონახული სიმბოლიკის ანალიზი ამ ფორმების მნიშვნელობების განსაზღვრაში გვეხმარება. მაგალითად, ირემი, რაც ქართულ ხელოვნებაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ზოომორფულ არქეტიპად ითვლება, სიცოცხლის ხის მსგავსად, სხვადასხვა სამყაროთა დამაკავშირებელ სიმბოლოდ მიიჩნევა.*

უდავოა, რომ ფოლკლორში რიგი მოტივები განმეორებადია და არქეტიპულ მეხსიერებას ეხმიანება. ამ ხაზმა ინტუიციურ, თუ სხვა დონეზე, გაგრძელება პოვა საბჭოთა ინდუსტრიაშიც.

თათა გაჩეჩილაძე

არქიტექტორი

* უფრო დეტალურად ამ და სხვა სიმბოლოების შესახებ, იხილეთ ანა შანშიაშვილის ტექსტი.