ქსოვილი გვიყვება…

ქსოვილი გვიყვება…

ქსოვილთან ჩემი ურთიერთობა პატარა ასაკიდან დაიწყო, თუმცა, არა „ტრადიციულ“, არამედ სხვადასხვა მასალით მიღებულ ქსოვილთან. ამას ხან თოჯინაზე ჩაცმით გამოვსახავდი, ხან თავადაც ვიცვამდი ხოლმე… 

დიდი ხანი მაინტერესებდა სხვადასხვა მასალა, რომლითაც შეგიძლია განსხვავებული ზედაპირები და ფორმები მიიღო. მუშაობის პროცესში მივხვდი, რამდენად არაეთიკურ და არაეკომეგობრულ მასალებთან მქონდა შეხება. აქედან განვითარდა იდეა გამომეკვლია ვეგანური, ბიოდეგრადირებადი ტყავის შექმნის პროცესი. 

სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო – დღეს ტყავის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება, როგორც მოდის, ისე ავეჯისა, თუ საავტომობილო ინდუსტრიების გაზრდის ხარჯზე. ჩვენს სამომხმარებლო გარემოში ამან დამუშავების მავნე ზემოქმედების გაზრდა გამოიწვია. ამ რეალობაში გაჩნდა სხვადასხვა არატრადიციული გზითა და მასალით მიღებული ქსოვილები, მათ შორის იმ ყველაფრისგან, რაც ჩვენი საკვებია – ეს შეიძლება იყოს სოკო, ბანანი, ან ანანასი.

გადავწყვიტე, მეც ამ რეალობის ნაწილი ვყოფილიყავი და აქტიურად დავიწყე(თ) მუშაობა მასალაზე, რომელიც წყლის ზედაპირზე იწყებს ზრდას და გარემოსგან დამცავ ფენას ქმნის. სწორედ ისე, როგორც ტანსაცმელი არის გარემოსგან ჩვენი დამცავი „აპკი“, ეს ფენაც თავად ხდება ქსოვილი. ამგვარად მიღებული ბიოდეგრადირებადი, განახლებადი მატერია დიდი პოტენციალით გამოირჩევა.

ნინი გოდერიძე

დიზაინერი