მუზეუმი, როგორც კავშირის სივრცე

მუზეუმი, როგორც კავშირის სივრცე

რა ძალა აქვს მუზეუმს XXI საუკუნეში? არის თუ არა იგი მხოლოდ წარსულის საცავი და ისტორიის ნეიტრალური მთხრობელი? თუ, პირიქით, მუზეუმი ის სივრცეა, სადაც საზოგადოება საკუთარ აწმყოს წარსულთან კავშირით გადაიზარებს და მომავლის შესაძლო სცენარებსაც წარმოიდგენს?

თანადროული გამოწვევებისა და მუზეუმის დღევანელი ფართო გაგების გარშემო ფორმირდა 2026 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემა – „მუზეუმები: დაყოფილი სამყაროს გამაერთიანებელი ძალა“, რომელიც საერთაშორისო სამუზეუმო საბჭოს (ICOM) ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა. წლევანდელი თემატიკა მუზეუმებს განიხილავს ცოცხალ კულტურულ პლატფორმებად, სადაც ცოდნა, მეხსიერება, დიალოგი და სოციალური მონაწილეობა მუდმივად იქმნება და გარდაიქმნება.

დღეს, როდესაც საზოგადოებები სულ უფრო მეტად ფრაგმენტირდება პოლიტიკური, სოციალური, ეკოლოგიური თუ ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, მუზეუმის როლი ახალ მნიშვნელობას იძენს. მუზეუმი დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ადგილი, სადაც საგნები ინახება; ის არის სივრცე, სადაც სხვადასხვა დროითი შრე და დისციპლინა ერთმანეთთან თანხვედრით ქმნის უნიკალურ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამუზეუმო პრაქტიკაში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: როგორ შეიძლება მუზეუმმა შექმნას კავშირები იქ, სადაც სხვაგვარად მხოლოდ განსხვავებები და საზღვრები ჩანს?

ამ კონტექსტში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა 2026 წლის საერთაშორისო სამუზეუმო კვირეული საერთო კონცეფციის – „მზერა ბუნებისკენ: მუზეუმი გვაკავშირებს“ – გარშემო ააგო. ინიციატივა დაეფუძნა იდეას, რომ ბუნება მხოლოდ კვლევის ობიექტი არ არის. იგი იმ საერთო სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებს, კულტურებს, ცოდნის სისტემებსა და ისტორიულ გამოცდილებებს ერთმანეთთან აკავშირებს. ბუნებაზე დაკვირვება ამ შემთხვევაში გარემოს მიმართ ინტერესთან ერთად, საკუთარ ადგილსა და პასუხისმგებლობაზე ფიქრსაც გულისხმობს.

კვირეულის ფარგლებში განხორციელებული პროგრამა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა: მუზეუმის ისტორიულ კოლექციებზე დაფუძნებულ ახალ გამოფენებს, თანამედროვე ხელოვანთა ინტერპრეტაციებსა და კვლევებს, არქიტექტურულ და ურბანულ პროექტებს, საგანმანათლებლო აქტივობებსა და მულტიმედიურ წარდგენებს. თითოეული მათგანი განსხვავებული ენით საუბრობდა, თუმცა სვამდა საერთო შეკითხვას – როგორ ვხედავთ ბუნებასა და გარემოს დღეს და რა ფორმით ვუკავშირდებით მას?

ამ დიალოგის მნიშვნელოვან აქცენტებად მუზეუმის კოლექციებზე დაფუძნებული ორი საკითხი გამოვყავით:

  1.  მცენარეთა სამყარო, ბუნებრივი საღებავების ისტორია და ტრადიციული ცოდნის გადააზრება;
  2.  პეპლების ენტომოლოგიური კოლექცია, როგორც ტრანსფორმაციის, მყიფე და  წარმავალი დროის ვიზუალური არქივი. 

პარალელურად, კვირეულის პერიოდში განხორციელდა თანამშრომლობითი არქიტექტურული პროექტების პრეზენტაცია.  ნატა ნებიერიძის და მაშა ჩიღვინაძის არქიტექტურული კვლევითი პროექტი Genius Loci Tbilisi-ის ფარგლებში მომზადდა  გამოფენა “მუზეუმი და მდინარე”. გამოფენა ქალაქის მეხსიერებისა და მტკვრის, როგორც კულტურული ლანდშაფტის, საკითხებს იკვლევს და გრძელვადიან ღია პლატფორმად ფორმირდება 2026 წლის ბოლომდე. 

კვირეულის მნიშვნელოვანი აქტივობა იყო ასევე მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტის ავტორის, არქიტექტორ ნინო ჩაჩხიანის, კედლის ინსტალაციის პრეზენტაცია. ნინო ჩაჩხიანის საავტორო პროექტი “ისტორიის რვეულები” მუზეუმის რეაბილიტაციის შესახებ ცნობებს აერთიანებს და  ამავდროულად, მთლიანად შენობის ისტორიის, მისი ცვლილებების ერთგვარ არქიტექტურულ ბიოგრაფიას აცოცხლებს.

2026 წლის სამუზეუმო კვირეულის ფინალურ კულმინაციად იქცა ინიციატივა „ღამე მუზეუმში“. ამ პროგრამის ფარგლებში მუზეუმის სხვადასხვა სივრცეები ერთი ღამით სრულიად  სხვა რიტმით ამუშავდა. ისტორიული შენობა გადაიქცა მულტიმედიურ სივრცედ, სადაც ხელოვნება, არქიტექტურა, ხმა და მოძრავი გამოსახულება ერთმანეთთან თანაკვეთილად იყო წარმოდგენილი. 

ვიდეოპერფორმანსები, ექსპერიმენტული ფილმები და აუდიოვიზუალური ინსტალაციები მუზეუმის მინუს სართულის სივრცესა და ბაღს ახალი რაკურსით წარმოაჩენდა. ამგვარი დროებითი ღამეული ჩანაფიქრი და გარდაქმნა კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მუზეუმის მულტიფუნქციურ აქტიურობასა და თანამედროვე როლს. 

წინამდებარე ბლოგი სწორედ ამ მრავალშრიანი გამოცდილების მიმოხილვას წარმოადგენს. შემდგომ თავებში განხილულია დროებითი გამოფენები, კონცფეციები და პროგრამა, რომლებმაც 2026 წლის საერთაშორისო სამუზეუმო კვირეულის განმავლობაში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი ბუნების, ცოდნისა და დიალოგის შეხვედრის სივრცედ წარმოაჩინა. ამ ფორმატში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მუზეუმის თანამედროვე მისია და მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი – კულტურული მემკვიდრეობის როლი, რომელიც შენახვასთან ერთად მუდმივად ახალი კითხვების დასმისკენ გვიბიძგებს და ქმნის კავშირებს იქ, სადაც ისინი ყველაზე მეტად გვჭირდება.

ტექსტი და კონცეფცია: საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი

კვირეულის პროგრამა, პროგრამის შესახებ ბლოგი და მიმოხილვა მომზადდა საგამოფენო მიმართულების სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა აქტიური თანამონაწილეობით და საგამოფენო პროექტების კურატორის მარიამ შერგელაშვილის ხელმძღვანელობით.

მონაწილე სტაჟიორები: მარიამ გეგიძე, ელენე მარდალეიშვილი, ვატო მაღრაძე, ნინო პაპუაშვილი.

* სამუზეუმო დროებითი გამოფენების საექსპოზიციო მიმართულებით მთავარი რეკომენდატორი – მუზეუმის დირექტორი ნინო (ჩუკა) კუპრავა

რეკომენდატორები: რესტავრატორი და ბიოლოგი ვალერი პეტროვი. კოლექციების კურატორი – სალომე ფაჩუაშვილი, მთავარი ბიბლიოთეკარი – მარინა გონაშვილი, ბიოლოგი – სოფიო ინჯია.

გრაფიკული დიზაინი – ანანო გოგიჩაძე, ვატო მაღრაძე

კომენტარის დატოვება