პირიმზე

პირიმზე

პროექტზე „პირიმზე“ რამდენიმე წელი ვიმუშავე. სხვადასხვა კუთხით შევისწავლე ეს შენობა და გავიცანი უამრავი ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა. ნამუშევრებიც სხვადასხვანაირი გავაკეთე – ინსტალაცია, წიგნი და დოკუმენტური ფილმი.

საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი „პირიმზე“ 1972 წელს აშენდა და თავის თავში მრავალი სახის ინდივიდუალური მომსახურება გააერთიანა. ჟურნალ „პირიმზე“-ს 1981 წლის მე-3 ნოემერში შენობის ასეთ აღწერას ვკითხულობთ:

„საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი „პირიმზე“ დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს, როგორც დედაქალაქის მცხოვრებთა, ასევე დედაქალაქში ჩამოსულ სტუმართა შორის.

აქ მომსახურების ყველა ძირითადი სახეობაა თავმოყრილი.

პირველ სართულზე, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, კვალიფიციური ხელოსნები შეგიკეთებენ: ელექტროხელსაწყოსა (ელექტროსაპარსი, ყავის საფქვავი, ხორცის საკეპი მანქანა) თუ საათს, სამამულო და იმპორტულ ქოლგას, გალანტერიის ნაწარმს, პირვანდელ სახეს დაუბრუნებენ ჭაღსა და ფაიფურის ნაწარმს… შეგიძლიათ სამახსოვრო წარწერა გააკეთებინოთ ნივთებზე, გაამრავლოთ ბინის გასაღები, შეაკეთებინოთ ბავშვის სათამაშოები, შეიძინოთ ეროვნული სასმისი – ყანწი. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ქიმწმენდის მომსახურებით.

მუსიკის მოყვარულებმა ისარგებლეთ მეორე სართულზე მოთავსებული ხმის ჩამწერი სტუდიის მუსიკალური ფონოტეკით, შეაკეთებინეთ მაგნიტოფონი, რადიოლა, აქვე მოგემსახურებიან გამოცდილი ფოტოგრაფები, გამოამჟღავნებენ ფირს.

თუ მესამე სართულს ეწვევით, მოგემსახურებიან საერთაშორისო და საკავშირო კონკურსების პრიზიორი პარკიმახერ-მოდელიორები, კვალიფიციური კოსმეტოლოგები, მანიკურისა და პედიკურის ხელოსნები.

ამავე სართულზე შეგიძლიათ შეიძინოთ ტრიკოტაჟის მოდური ტანსაცმელი.

ლამაზ, მოდურ ფეხსაცმელს შეიძენთ მეოთხე სართულზე.

მეორე და მეხუთე სართული დათმობილი აქვს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ინდკერვას, სადაც უმაღლესი თანრიგის მკერავები მოგემსახურებიან.

ისარგებლეთ გაერთიანება „პირიმზის“ მომსახურებით! ეს დაგიზოგავთ დროს, დაგეხმარებათ ბევრი საჭირბოროტო პრობლემის მოგვარებაში.“


პირიმზე საბჭოთა სინამდვილეში კაპიტალიზმის პატარა მოდელი იყო. აქ მომუშავე ხელოსნებმა ფულის ყადრიც იცოდნენ, ბაზრის წესებიც და აქედან გამომდინარე, „ინდივიდუალისტური და კერძომესაკუთრული თვისებებიც“ ჰქონდათ. ეს ხელოსნები, თითქოს, საბჭოთა წყობის დამხობის შემდეგ, მხრებში უნდა გაშლილიყვნენ და ახალ რეალობაში ფულის კეთების დიდი სიმაღლეებისთვის მიეღწიათ. თუმცა, ამ თაობას, და შეიძლება განსაკუთრებით ამ თაობის კაცებს, მაინც გაუჭირდათ საბჭოთა წყობიდან „თანამედროვე რელსებზე“ გადასვლა.

აბრეშუმის მუზეუმის ლექციისთვის რომ ვემზადებოდი, პირიმზეს ჟურნალები გადმოვალაგე. ახლა უკვე ქსოვილის კუთხით მინდოდა შემეხედა ამ შენობისთვის და იმდროინდელ მოდას ჩავუჯექი.

70-80-იანი წლების მოდის ფოტოებს რომ ვუყურებდი, ბებიაჩემი გამახსენდა, მამაჩემის დედა, რომელიც მკერავი იყო. ბავშვობაში მასთან რომ მივდიოდი ყოველთვის ერთი და იგივე სიტუაცია მხვდებოდა: მის პატარა სამკერვალო ოთახში ბევრ სხვადასხვანაირ ქალს მოეყარა თავი. ქალები ტანსაცმელს იზომებდნენ და სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამ საუბრებს. საინტერესოა თუ შევძლებდი, რომ ის ოთახი ფემინისტურ ჭრილში დამენახა, როგორც პატრიარქალური რეალობიდან ცოტა ხნით გაქცევა – იმ თემებზე გაუფილტრავად ლაპარაკი, რაც მათ აინტერესებდათ და „პრიმერკაზე“, კაცის მზერის გარეშე, ქალების გარემოცვაში საკუთარი სხეულების თავისუფლად ჩვენება.

პირიმზეს ჟურნალებში, თითქოს, ამ ქალების გემოვნებაზე გათვლილი ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო. თუმცა, იმ ოთახში ამ ჟურნალის ნომრებს არ ათვალიერებდნენ, თვალი უცხოურ ტანსაცმელზე ეჭირათ. იქ იყო ორი სქელტანიანი, თვალიერებისგან გაცრეცილი გერმანული ჟურნალი, Otto და Neckermann და ბებიაჩემის „კლიენტ“ ქალებს ამ ჟურნალებში ნანახი ტანსაცმლის შეკერვა უნდოდათ. 

პირიმზე ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ ასეთი ტიპის, სახლში გახსნილი სამკერვალოები და ინდივიდუალური ჯიხურები გაუქმებულიყო. ჟურნალ „პირიმზე“-ს 1975 წლის მე-6 ნოემერში ვკითხულობთ „საბჭოთა სულისკვეთებით“ დაწერილ ტექსტს:

„ჯიხურები, ჯიხურები…

ჯიხური კვლავაც N 1 პრობლემად რჩება.

საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლების, კომბინატების, ატელიეების, სალონების გახსნას, როგორც წესი, თან უნდა სდევდეს 1-2-კაციანი ჯიხურების შემცირება და ლიკვიდაცია. მაგრამ…

ჯიხურებს ვხვდებით ეზოებში, ქუჩებში, სალონებში და წარმოიდგინეთ კომბინატებშიც კი.

მაინც რას ვერჩით ჯიხურებს, რატომ ვცდილობთ მათ აღგვას მიწისაგან პირისა?

საქმე იმაშია, რომ ცალკე მოკალათებული ხელოსანი, ვიწრო ჩარჩოებში იკეტება, ძალაუნებურად ეთიშება კოლექტივს, მის კეთილმოქმედ ზეგავლენას და თვითკმაყოფილი, თვითდარწმუნებული ხდება.

კოლექტივისაგან მოწყვეტილ ხელოსნებს უჩნდებათ ინდივიდუალისტური, კერძომესაკუთრული თვისებები და ყოველნაირად ცდილობენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მთელი ძალით ებღაუჭებიან ფარღალალა დაფუტუროებულ, ოკრო-ბოკრო ჯიხურებს.

ჯიხურებში შეუძლებელია მანქანა-დანადგარების გამოყენება, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, შრომის სწორი ორგანიზაცია. საყოფაცხოვრებო სამსახურის განვითარება კი, ისევე როგორც სახალხო მეურნეობის სხვა დარგებისა, სწორედ მეცნიერულ და ტექნიკურ მიღწევებზეა დამყარებული.

ამ შემთხვევაში რაღაცა საშუალოს გამოძებნა ყოვლად შეუძლებელია. არსებობს ერთადერთი სწორი გზა – ძველის, დრომოჭმულის ჩვენი ცხოვრებისათვის ყოვლად შეუფერებელი გადმონაშთების საბოლოო ლიკვიდაცია და „ჯიხურების სამსახურის“ თანამედროვე რელსებზე გადაყვანა.“


1995 წელს „პირიზმე“ სახელმწიფო საკუთრებიდან სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და ხელოსნებიც აქციონერები გახდნენ. 2003 წელს სააქციო საზოგადოებამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და შენობის ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. 2007 წელს ყველა ხელოსანი გაათავისუფლეს და შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტზე მუშაობა 2011 წელს დავიწყე. ამ დროს თვითონ შენობა „პირიმზე“ უკვე გადაკეთებული იყო „პირიმზე პლაზად“, ცარიელ და უსახო „ა კლასის“ ბიზნეს ცენტრად.

რადგან პირიმზე აღარ არსებობდა, ისღა დამრჩენოდა, შენობის გარშემო დაქსაქსულ, კიდევ ერთხელ გაჩენილ პატარა „ოკრო-ბოკრო ჯიხურებში“ მეძებნა ადამიანები, რომლებიც პირიმზეს შესახებ რამეს გაიხსენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოში ერთი მაგიდა დავიკავე და ხელოსნებთან ლაპარაკს შევუდექი, ვთხოვდი, გაეხსენებინათ მათი სამუშაო ადგილი, ვინ ვინ იყო და ვინ სად იჯდა. ასე გავიცანი კოკი ბერიძეც, რომელსაც პირიმზისთვის ბრძოლის შესახებ ზღვა ინფორმაცია აღმოაჩნდა და ყველაფერი სიამოვნებით გამიზიარა. ძალიან რომ დავმეგობრდით, ვკითხე, ხელოსნებს რომ არ დაეკარგათ აქციები და შეენარჩუნებინათ შენობა, როგორ აამუშავებდნენ დღევანდელ რეალობაში პირიმზეს-მეთქი და რაღაც იდეალისტურის მოლოდინში რომ ვიყავი, მითხრა: ათასი რამის გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც, ლიმუზინის გაქირავების ცენტრისო… 

ალბათ, ახლა რომ შესაძლებლობა მქონოდა და ბებიაჩემის სამკერვალო ოთახში მოვხვედრილიყავი, ვერც მათ ნალაპარაკევში ვიპოვიდი რამე ფემინისტურს.

ვიზუალური მასალა: შერჩეული გვერდები ჟურნალებიდან „პირიმზე“ (1970-80-იანი წლების ნომრები).

კადრი სოფო ტაბატაძის ფილმიდან „პირიმზე“
ფილმის ნახვა შესაძლებელი ამ ბმულზე (პაროლი: pirimzeforever)

ავტორი: სოფო ტაბატაძე

ტექსტი არის ონლაინ პროგრამის „რას გვიყვება ქსოვილი?“ ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენების ადაპტირებული ვერსია. პროგრამას ახორციელებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.