მუზეუმის ღამე 2026
მუზეუმის კვირეულის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა ტრადიციულად უმასპინძლა ღონისძიებას „ღამე მუზეუმში“, რომელმაც მუზეუმის ისტორიული სივრცე ერთი საღამოს განმავლობაში თანამედროვე ხელოვნების, აუდიო-ვიზუალური ექსპერიმენტების, ინსტალაციების, პროექციებისა და მოძრავი გამოსახულებების მრავალშრიან გარემოდ გარდაქმნა. მუზეუმის არქიტექტურა, მუდმივი კოლექციები და თანამედროვე მედია ერთმანეთთან დიალოგით ქმნიდა სივრცეს, სადაც წარსული და მომავალი, ბუნება და ტექნოლოგია ერთიან გამოცდილებად იქცა.
ამ საღამოს განმავლობაში წარმოდგენილი ნამუშევრები განსხვავებული თემებითა და მედიუმებით გამოირჩეოდა, თუმცა მათ შორის საერთო მაკავშირებლად მეხსიერების, დროის, კავშირის, ტრანსფორმაციისა და დაბრუნების იდეები გამოიკვეთა.
მინუს სართულის ექსპერიმენტულ სივრცეში ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის ექსპერიმენტული ფილმების სერია (ყვითელი ყვავილი, კალია და სამი ხოჭო) იყო წარმოდგენილი. ფილმები ბუნებაზე დაკვირვებასა და პოეტურ ტექსტს აერთიანებს, ხოლო მათი არასწორხაზოვანი თხრობის სტრუქტურა ნარატივის ნაცვლად ცალკეულ ვიზუალურ და ხმოვან ფრაგმენტებზე ამახვილებს ყურადღებას. მცენარეებისა და მწერების მიკროსამყარო კამერის საშუალებით ახლო ხედში იშლება, ტექსტი და Google Translate-ის გახმოვანება კი ნამუშევრებს მსუბუქ დისტანციასა და ირონიულ ტონს სძენს. მუზეუმის სივრცეში ექსპერიმეტული გამოსახულების, ხმისა და მონტაჟის ურთიერთქმედება გარემოსთან დაკვირვების ხაზგასმით ფილმებს ესეისტური ჩანაწერის ფორმატით წარმოადგენდა და მნახველს ერთგვარ საავტორო ვიზუალურ დღიურს აცნობდა.


მუზეუმის მინუს სართულის ამავე სივრცეში ძველი ტელევიზორის ეკრანზე წარმოდგენილი თათა საბაშვილის ფოტოსერია, რომელიც მეხსიერების, აღქმისა და გარემოსთან პირადი კავშირის თემებს შეეხო. ძველი ტელევიზორის ეკრანზე წარმოდგენილმა გამოსახულებებმა ყოველდღიური გამოცდილების მცირე, ხშირად შეუმჩნეველი დეტალები გააერთიანა და მაყურებელს საკუთარი მოგონებებისა და ასოციაციების გააქტიურების შესაძლებლობა მისცა. ნამუშევრის ერთ-ერთ მთავარ მოტივად მასშტაბისა და პერსპექტივის ცვლილება გამოიკვეთა – სამყაროს დანახვა მცირე არსების თვალით, სადაც ბუნება, ფერი და მატერია განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენდა. ამ კონტექსტში ფერი ემოციის, მეხსიერებისა და ინდივიდუალური გამოცდილების მატარებლად იქცა.
ფერის კონცეფციას განსხვავებული მიდგომით განავრცობდა აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია „შორეული ფერი“, რომლის ავტორია ჰიმიკო, ხოლო მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ქეთო ყანჩაველს. ინსტალაცია ფრაგმენტული მოგონებებისა და დაკარგული კავშირების სამყაროს ქმნიდა, სადაც ხმა, სინათლე და გამოსახულება ერთიან ემოციურ ჰოლოგრამად გარდაიქმნებოდა.

ნამუშევრის კონცეფცია ეფუძნება დაშლილი და ფერდაკარგული ფრაგმენტებისგან გათავისუფლების იდეას. ინსტალაციაში კეთილი სულები იმედის მეტაფორებად გვევლინებიან არსებებად, რომლებიც მაშინაც გვიძღვებიან, როდესაც გზა ბუნდოვანი და გაურკვეველია. „შორეული ფერი“ მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმედი არსებობდეს სიშორეში, სიცარიელეში და მაშინაც კი, როდესაც ცისარტყელა მხოლოდ მოგონებად ან მითის ნაწილად გვრჩება.
მეხსიერებისა და აღქმის თემა განსხვავებული ფორმით გაგრძელდა მარიამ გეგიძის ვიზუალური ინსტალაციაში „They Choose How to Return“. ნამუშევარი არსებობის ციკლურ ბუნებას იკვლევს იმ მცენარეების მეშვეობით, რომლებიც დაბადებას, ზრდას, აყვავებასა და სიკვდილს შორის მოძრაობენ და ყოველი დასასრულის შემდეგ თითქოს თავად ირჩევენ, რა ფორმით დაბრუნდნენ სამყაროში.
მუზეუმის მინუს სართულის დერეფნის სივრცეში ინსტალაცია მედიტაციურ გარემოს ქმნიდა, სადაც ბუნება, მეხსიერება და გარდასახვა ერთმანეთთან ვიზუალურ სინთეზს ქმნიდა. მცენარე ერთგვარი არსებობის მეტაფორად გარდაიქმნებოდა, რომელიც მყიფეა, თუმცა ამავდროულად მუდმივად განახლების უნარის მქონეც. ნამუშევარი მაყურებელს ცვლილების გარდაუვალობაზე, სიცოცხლის ციკლურობასა და იმ უხილავ კავშირებზე აფიქრებდა, რომლებიც დასასრულსა და ახალ დასაწყისს შორის არსებობს.
მოგონების, აღქმისა და კავშირების განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობდა თათა მანაგაძის ექსპერიმენტული დოკუმენტური ანიმაცია „გაბნეული შუქები“. ნამუშევარი თბილისის გარეუბანში არსებულ ლოკაციებზე დაკვირვებით მეხსიერების მუდმივად გარდამავალ ბუნებას იკვლევს. სინათლე მოგონებების მატარებელი, დროის სხვადასხვა ფენის დამაკავშირებელი და ემოციური გამოცდილების სიმბოლო ხდება.
ფილმში უტოპიური და სიმბოლური სათამაშო მოედნები ერთმანეთთან მკვეთრი სინათლის ხაზებით ერთიანდება, თითქოს მეხსიერების ფრაგმენტები საკუთარ გზას პოულობენ. ანიმაციის ტექნიკა, რომელიც ციფრულ გამოსახულებებს, ხელით შესრულებულ ნახატებსა და ციანოტიპიით დაბეჭდილ კადრებს აერთიანებს, ნამუშევრის სუბიექტურ ბუნებასა და ავტორის ხედვას ხაზგასმულად წარმოაჩენს. შედეგად იქმნება სივრცე, სადაც დოკუმენტური და წარმოსახვითი, რეალური და ემოციური ერთმანეთთთან თანაკვეთილია.
მუზეუმის ღამის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და კონცეპტუალურად მრავალშრიანი ნამუშევარი იყო „აბლაბუდას“ იმერსიული ინსტალაცია „კავშირები მომავალი ენისთვის“, რომელიც მუზეუმის სარდაფში, დერეფნით გამოყოფილ ორ სივრცეს აერთიანებდა. ინსტალაცია იკვლევდა კავშირებს თაობებს შორის, ფიზიკურ და ციფრულ გარემოებს შორის, ასევე იმ გზებს, რომლითაც კულტურული მეხსიერება ახალ ტექნოლოგიურ რეალობებში აგრძელებს არსებობას.


მუზეუმის სარდაფის ერთ-ერთი ნიშაში, რომელიც საწყობ სივრცედ გამოიყენება, ძველ ტექნიკასა და საბეჭდ მანქანებზე გაშლილ ბადეებზე, ირაკლი მარგიშვილის მიერ შექმნილი ტრადიციული ქართული ორნამენტები ჰოლოგრაფიული პროექციების სახით ცოცხლდებოდა. წარსულიდან მომდინარე ვიზუალური ენა თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეხვედრისას ახალ სიცოცხლეს იძენდა და მუდმივ მოძრაობაში იმყოფებოდა.

მეორე სივრცეში განთავსებული ტერმინალი მაყურებელს აცნობდა ინფორმაციას როგორც „აბლაბუდას“ პრაქტიკის, ისე XIX საუკუნეში ქართული ანბანიდან ამოღებულ ასო ჵ (ჰოე)-ზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების სიმბოლოს – „აბჯრის“ შესახებ. სივრცეში წარმოდგენილი იყო „აბჯრის“ სამგანზომილებიანი ობიექტები, ციანოტიპიები და სხვა ვიზუალური მასალა, რომლებიც ტრადიციასა და ტექნოლოგიას შორის არსებულ კავშირს ავითარებდა.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა ინსტალაციის პერსონალური განზომილებაც. ექსპოზიციის ნაწილად წარმოდგენილი იყო გიორგი მარგიშვილის მიერ შექმნილი სამფეხა სკამი, რომლის ფეხებიც 1955 წელს ავტორის დიდი ბაბუის მიერ დარგული ვაზისგან არის დამზადებული. ამ დეტალის მეშვეობით ინსტალაცია ტექნოლოგიურ თუ კულტურულ მეხსიერებასთან ერთად ოჯახური მემკვიდრეობის უწყვეტობაზეც საუბრობდა.
ნამუშევარი ინტერაქტიული ხასიათის იყო. ტერმინალზე განთავსებული, უკუღმა ჩასმული „წაშლის“ ღილაკის გამოყენებით დამთვალიერებელს შეეძლო პროექციებთან ურთიერთობა და სივრცეში გამოფენილი ორნამენტების მოძრაობაზე ზემოქმედება. ამგვარად, მაყურებელი თავად ხდებოდა ინსტალაციის მონაწილე და მისი განვითარების ნაწილიც.
ინსტალაციაში ასევე წარმოდგენილი იყო „აბლაბუდას“ წინა პროექტების – Chrysalis, figment.78 და landi.026 – დოკუმენტური მასალა. მთელ სივრცეს თან ახლდა თათა მანაგაძის ანიმაციის „გაბნეული შუქების“ ბგერითი ფონი, რომელიც ირაკლი მარგიშვილის თანაავტორობით შეიქმნა. ეს ხმოვანი გარემო ინსტალაციის სხვადასხვა ელემენტს ერთმანეთთან აკავშირებდა და დამთვალიერებელს ერთიან, იმერსიულ გამოცდილებაში ამყოფებდა.
„ღამე მუზეუმში“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მრავალმხრივი და ცოცხალი შეიძლება იყოს მუზეუმი თანამედროვე კულტურულ პროცესებში. წარმოდგენილი ნამუშევრები მეხსიერების, იდენტობის, ბუნების, ტექნოლოგიის, მემკვიდრეობისა და მომავლის შესახებ მულტიმედიურ დიალოგს სთავაზობდა მნახველს. ინსტალაციები, პროექციები, ანიმაცია და აუდიო-ვიზუალური გარემო მუზეუმის ისტორიულ სივრცეში ახალ მნიშვნელობების გაჩენით დამთვალიერებელს საშუალებას აძლევდა, ნაცნობი გარემო სრულიად ახალი პერსპექტივით აღექვა.


https://drive.google.com/file/d/10V3jD6anjbei43n2XWkU8Aghsowye-uI/view?usp=drive_link
ვიდეო ბმული ლაივ პერფორმანსიდან. დოკუმენტაცია: მარიამ შერგელაშვილი
*მუზეუმის ღამის პროგრამა და პროგრამის მონაწილეები საგამოფენო პროექტების კურატორის მარიამ შერგელაშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა მოწვეულ ხელოვანთან ირაკლი მარგიშვილთან კომუნიკაციითა და თანაკურატორობით შეირჩა.

















