მუზეუმი, როგორც კავშირის სივრცე

მუზეუმი, როგორც კავშირის სივრცე

ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია

პეპლები ხშირად მხოლოდ სილამაზესთან, სიმსუბუქესა და წარმავლობასთან ასოცირდებიან. თუმცა, როდესაც მათ მუზეუმის კოლექციის კონტექსტში ვაკვირდებით, ისინი სრულიად განსხვავებულ ისტორიებს გვიყვებიან – მეცნიერების, კვლევის, გეოგრაფიული კავშირების, კოლექციონერობისა და ბუნების მრავალფეროვნების შესახებ.

გამოფენა „ეფემერულზე დაკვირვება: პეპლების განახლებული კოლექცია“ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთ უძველეს კოლექციას აცოცხლებს, რომლის ფორმირებაც ჯერ კიდევ 1880-იან წლებში დაიწყო და AIMF ასოციაციის მხარდაჭერით მუზეოგრაფიის პროექტის ფარგლებში 2025 წელს საგრძნობლად შეივსო. ამ ეტაპზე კოლექცია აერთიანებს ევროპული, კავკასიური და ტროპიკული წარმოშობის დღისა და ღამის პეპლებს, რომლებიც მუზეუმის ისტორიის მსგავსად მრავალგზის მოგზაურობისა და საერთაშორისო სამეცნიერო გაცვლის შედეგია. ექსპოზიციაში წარმოდგენილი რუკა ამ კავშირებს თვალსაჩინოს ხდის. კოლექციის გეოგრაფია ექვს კონტინენტს ფარავს და ბუნებრივ სამყაროზე დაგროვილი ცოდნის გლობალურ მასშტაბს წარმოაჩენს.

ექსპოზიციის ხედები, გამოფენის გახსნა, 18 მაისი, 2026. ფოტო: ანანო გოგიჩაძე

გამოფენა მხოლოდ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე არ გვესაუბრება. ის დაკვირვების კულტურაზეც მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ სწავლობდა ადამიანი ბუნებას, როგორ აღწერდა, ხატავდა და ინახავდა მას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემების საფუძველზე მომზადებულ ნიმუშებს. ენტომოლოგების  ნ. რომანოვისა და ა.ზეიცის ილუსტრაციები გვახსენებს, რომ მეცნიერული კვლევა უნიკალურ ვიზუალურ ენას ქმნის და გვაფიქრებს თუ რამდენად ახლოსმყოფია ბუნების შესწავლა ხელოვნებასთან. 

კოლექციაში დაცული სახეობები ბუნების შემოქმედებითი სტრატეგიების მრავალფეროვან მაგალითებს გვთავაზობს. ფარშავანგთვალასებრთა ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ღამის პეპლებსაც აერთიანებენ, ფრთებზე განლაგებული თვალისმაგვარი ლაქებით გამოირჩევიან. ეს ფორმები შემთხვევითი დეკორაცია არ არის. ისინი თავდაცვის მექანიზმის ნაწილია, რომელიც მტაცებელი შეცდომაში შეჰყავს და უფრო დიდი არსების ილუზიას უჩენს. ბუნება ამ შემთხვევაში იმგვარ უნიკალურ ვიზუალურ ფორმას ქმნის, რომლის მიზანიც გადარჩენაა.

არანაკლებ შთამბეჭდავია Actias luna  – თავისი გრძელი, ელეგანტური კუდით ის პეპლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი სახეობაა. ეს დახვეწილი სტრუქტურა მხოლოდ ესთეტიკური დეტალი არ არის; ის თავდაცვის სისტემის ნაწილია და გვიჩვენებს, თუ რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს მცირე არსების ადაპტაციის მექანიზმები. გრძელი კუდი მტაცებლის მთავარ ფოკუსში ხვდება და პეპლის სასიცოცხლო ორგანოები შეჯახების შემთხვევაში არ ზიანდება. 

მარცხნივ – Actias Luna ბუნებაში. მარჯვნივ – გრაფიკული ილუსტრაცია ღამურის თავდასხმა პეპელზე და თავდაცვის სისტემის გააქტიურება. ფოტომასალები ინტერნეტიდან.

გამოფენაში წარმოდგენილი ზოგიერთი სახეობა მუზეუმის მთავარ თემას  აბრეშუმს პირდაპირ უკავშირდება. Antheraea yamamai, იაპონური მუხის აბრეშუმხვევია, და Pachypasa otus – პარკებს ისტორიულად ტექსტილის წარმოებისთვის იყენებდნენ. ბუნებისა და მატერიალური კულტურის ურთიერთმიმართება ამ ფაქტებითაც გვახსენებს რომ ენტომოლოგია არა ცალკე მყოფი მეცნიერებაა, არამედ ფართო სფეროა, რომელიც ტექსტილთან, ტექნოლოგიასთან და  ადამიანის შრომასთან კავშირდება.

სწორედ ამ მრავალშრიანობაში მდგომარეობს გამოფენის განსაკუთრებული მნიშვნელობაც. ერთი შეხედვით მყიფე და ეფემერული არსებები აქ ბუნების, მეცნიერებისა და კულტურის გადაკვეთის წერტილად იქცევიან. მათი ფრთები ფერებისა და ფორმების დემონსტრირებასთან ერთად, გვიამბობს გადარჩენაზე, ტრანსფორმაციაზე, მიგრაციაზე და იმ უხილავ კავშირებზე, რომლებიც სხვადასხვა კონტინენტს, ეკოსისტემასა და ცოდნის სისტემას ერთმანეთთან აკავშირებს.

„ეფემერულზე დაკვირვება“ საბოლოოდ გვთავაზობს მზერით გამოცდილებას, ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობს დღევანდელ სამყაროში, სადაც ყურადღება მუდმივად ფრაგმენტულია. პეპლების კოლექცია გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ისტორიები სწორედ ყველაზე მცირე დეტალებში იმალება.

* ბლოგში მოწოდებული შემეცნებითი ინფორმაცია პეპლების შესახებ მოწოდებული და დამუშავებულია მუზეუმის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის, ბიოლოგ სოფიო ინჯიას მიერ. 2025-2026 წლებში რესტავრატორ და ბიოლოგ ვალერი პეტროვთან ერთად, სოფიო ინჯიამ მუზეუმის ენტომოლოგიური კოლექციის ინვენტარიზაცია განახორციელა.

კომენტარის დატოვება