მღებავი მცენარეები
უძველესი დროიდან ფერის მიღება ბუნებასთან და მცენარეთა დაკვირვების ხანგრძლივ პროცესთან არის დაკავშირებული. მანამდე, სანამ ინდუსტრიული წარმოება ბუნებრივ საღებავებს ჩაანაცვლებდა, ფერის მიღება გარემოსთან მჭიდრო ურთიერთობაზე დაფუძნებული ცოდნა იყო, რაც დღესდღეობით არქაულ სიბრძნედ შეიძლება მოვიაზროთ. სწორედ ამ დავიწყებული კავშირების ხელახლა აღმოჩენას გვთავაზობს გამოფენა „მღებავი მცენარეები“, რომელიც აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული საღებავების კოლექციის კვლევას ეფუძნება.
გამოფენის საწყისი წერტილია ვალერი პეტროვის კავკასიის ფლორის ილუსტრაციები. ვალერი, მუზეუმის თანამშრომელი, ბუნების ენთუზიასტი, ბიოლოგი და ენტომოლოგია. მის მიერ შექმნილი აკვარელით შესრულებული ილუსტრაციები მეცნიერულ სიზუსტესა და მხატვრულ მგრძნობელობას აერთიანებს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია 26 კავკასიური და ტროპიკული წარმოშობის მღებავი მცენარე. მათ შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა ენდრო, რომელიც დღემდე აღდგომის წითელ კვერცხებთან ასოცირდება. მისი ისტორია ბევრად ფართოა და ტექსტილის ღებვის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას უკავშირდება.
თრიმლი, ბროწეული, სუმახი თუ თუთა გვახსენებს, რომ ფერი ხშირად იმ რესურსებიდან იქმნებოდა, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ გარემოში არსებობდა. ზოგჯერ ეს იყო ფესვი, ზოგჯერ ქერქი, ფოთოლი ან ნაყოფი – მცენარის სხვადასხვა ნაწილი, რომელიც ღებვის პროცესში ქსოვილს სრულიად განსხვავებულ შეფერილობას ანიჭებს.

01 
02 
03
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ექსპოზიცია მხოლოდ ადგილობრივ ფლორაზე არ ჩერდება. აქ ინდიგოს, კურკუმას, სანდალოზის, ბრაზილიური ხისა და სხვა შორეული წარმოშობის მცენარეებსაც ვხვდებით. ეს ფაქტი გვახსენებს, რომ ფერის ისტორია სინამდვილეში კულტურული გაცვლის, ვაჭრობისა და გლობალური კავშირების ისტორიაცაა. მაგალითად, ინდიგო, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად ჯინსის ლურჯთან ასოცირდება, საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ბუნებრივ საღებავად ითვლებოდა. კურკუმა კი, რომელსაც ყოველდღიურ კულინარიაში ვხვდებით, ბუნებრივი ღებვის ერთერთი შეუცვლელი თვისებით გამორჩეული მცენარეა.
გამოფენაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჰერბარიუმიც, სადაც მცენარეები თავიანთი ბუნებრივი ფორმით გვხვდება. ასკილი, ჩაი, ენდრო, ბზა თუ ხახვის კანი გვიჩვენებს, რამდენად ახლოს იყო ღებვის პროცესი ყოველდღიურ ცხოვრებასთან და რამდენ ცოდნას მოითხოვდა ერთი შეხედვით მარტივი ფერის მიღება.
„მღებავი მცენარეები“ მხოლოდ ისტორიულ პრაქტიკაზე არ საუბრობს. ექსპოზიციის ბოლო ნაწილი თანამედროვე ხელოვანთა ინტერპრეტაციებს ეთმობა. ნატო ბაგრატიონის ექსპერიმენტული ნამუშევრები და გიორგი შენგელიას სერია „მუზეუმში ნანახი მცენარეები“ ბუნებას უკვე სხვა, უფრო სუბიექტური და პოეტური პერსპექტივიდან განიხილავს. აქ მცენარე არამხოლოდ რესურსი არამედ კვლევის ობიექტი, შთაგონების წყარო, ვიზუალური ფიქრის დასაწყისი და თანამედროვე ცნობიერების ნაწილია.

01 
02 
03 
04
ამ თვალსაზრისით, გამოფენის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი დაკვირვების იდეაა. მცენარეებს ჩვენს ირგვლივ ფართოდ შეგვიძლია შევხედოთ და ადამიანის ცხოვრებაში ბუნებასთან კავშირის მნიშვნელობაც უფრო მეტად გავითავისოთ.




