ყვავილებიანი ბამბის ქსოვილი, რომელზეც გიამბობთ, საბჭოთა პერიოდისაა. ის დედამ მაჩუქა, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, თუმცა, მისი ისტორია ჩემი ბავშვობიდან იწყება.
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი კოჭებამდე ქვედაბოლოები მომწონდა, მუხლთან გვერდულად ჩაჭრილი. გადავწყვიტე, რადგან ასეთ კაბას ბავშვს არავინ მიყიდდა, თავად შემეკერა. დედამ უფლება არ მომცა გამომეყენებინა ქსოვილები, რომლებიც კარადაში სათუთად დაუთავებულ თეთრეულთან ერთად დაელაგებინა და ძალიან უფრთხილდებოდა – ამბობდა, საკაბე ნაჭერიაო და ინახავდა. მეც ამ დანიშნულებით მაჩუქა, თხელი ზაფხულის კაბა გამოგივაო და ისე იღიმებოდა, თითქოს, უკვე ჩემ ტანზე ხედავდა. საჩუქარი კარადაში დავაბინავე. ასე იდო დიდხანს და ახლაც, როცა დამჭირდა, იქ მეგულებოდა, მაგრამ ვერსად ვნახე. საბოლოოდ დავასკვენი, რომ იმ გაცვეთილ ხარახურასთან ერთად წავაბარგე სოფელში, რომელთა ადგილიც სახლში აღარ მაქვს. გული დამწყდა, რადგან ახლა, დედას გარდაცვალების მერე გავიგე, რომ თურმე, დედას ახალგაზრდობაში ასეთ ქსოვილებს დაბადების დღეებსა და სხვა მნიშვნელოვან დღეებზე ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ახლა გავიაზრე, რომ დედასთვის ასეთი ღირებული ქსოვილი და საჩუქარი, ჩემთვის როგორ არაფერს წარმოადგენდა და უფრო დამაინტერესა ახლიდან მენახა. ბოლოს, ეს ქსოვილი სოფელში ვიპოვე. ის ჩემთვის ღირებული გახდა, რადგან მიყვება დედაზე, მის გემოვნებაზე, დამოკიდებულებასა და ჩემს ბავშვობაზე. მიდევს ნაჭერი მაგიდაზე და ვფიქრობ: ახლა რაში შეიძლება გამოვიყენო? ამ დროს ჩემი ხუთი წლის შვილი შემოვიდა ოთახში, დაინახა ახალი ქსოვილი და მეკითხება: დე, ეს შეიძლება გამოვჭრა?
მარიამ ქართველიშვილი
ხელოვნებათმცოდნე