ზაფხულის ტანსაცმლით გატენილ ჩემოდანში ნაპოვნი ქსოვილები დედაჩემმა რამდენიმე კვირის წინ გადმომცა და თან დააყოლა – „აჰა, იქნებ, რამე ნამუშევრისთვის გამოგადგეს“.
რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი ბამბის მივიწყებულ ქსოვილებს, ჩემი განსაკუთრებული ინტერესი სამმა ნაჭერმა გამოიწვია. აქედან ორს, „კლასიკური საბჭოური“ ყვავილებიანი ნახატი ამკობს, ისეთი, როგორიც აცვიათ ხოლმე ძველ ფილმებში. ერთი, უფრო პრიალა ნაჭერი, ჰარმონიულ ფერთა გამითაა გადაწყვეტილი, მეორე – ძალიან კონტრასტული და გრაფიკულია. მესამე ქსოვილი ცოტა განსხვავდება, როგორც მასალით, ასევე გამოსახულებითაც. თეთრი ბამბის ქსოვილი ბადეს მახსენებს. ბოჭკოს სხვადასხვა სიხშირით შექმნილი ხაზების მონაცვლეობა თავისებურ ნახატს ქმნის. ქსოვილზე დატანილია გეომეტრიული კომპოზიცია, რომელიც ფეიერვერკების აფეთქებებს ჰგავს. უცნაურად, თითოეულ ნაჭერს ხასიათით ვაკავშირებ ჩემი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელთან: ბებიაჩემთან, დედაჩემსა და ჩემს თავთან.
მთელი გულით მინდოდა ეს ნაჭრები ნამუშევარში გამომეყენებინა, ან თუნდაც, რამე შემეკერა, მაგრამ უცნაური გრძნობა ამის უფლებას არ მაძლევდა. გრძნობა, რომ ეს ერთადერთი, საკრალური და ხელშეუხებელი რამაა, რაც მაკავშირებს წარსულთან, ისტორიასა და ჩემს ოჯახთან. არ მინდა ეს კავშირი გავჭრა, დავხარჯო, ან გავაფუჭო. ბებიაჩემმა საერთოდ, მითხრა, ტილოდ გამოიყენეო, რა ნახე ასეთი განსაკუთრებულიო. მისთვის ეს ფერადი ნაჭრები „ბნელი პერიოდის“ გადმონაშთია, ის არაფერს უკავშირდება, ცუდი ასოციაციების გარდა. ახალგაზრდობის მოგონებები ბებიაჩემს ამ ნაჭრებივით ძველ ჩემოდანში აქვს ჩამალული, და მათ სამუდამოდ მივიწყებაზე მეტად, არაფერი სურს.
სოფია მესხი
ვიზუალური ხელოვნების სტუდენტი