უზარმაზარ კარადაში არსებული ტანსაცმლის გროვიდან გამოვაძვრინე ძველებური ჩემოდანი, თიხისფერი, უცნაური შესაკრავი ქამრითა და გამობერილი გვერდებით. ქამარი გავხსენი, ჩემოდანს თავი ავხადე. პირველად, ბამბის დაჩითული ქსოვილი მომხვდა თვალში. აქ შენახული ნაჭრები 1980 წლამდეა შეძენილი, საბჭოთა კავშირის დროს. ამ პერიოდის ქსოვილები ყველა ერთმანეთის მსგავსია. ამ ძველებურ ჩემოდანში 37 წლის მანძილზე გამომწყვდეული ქსოვილები, შეიძლება დღესაც ბევრ ოჯახში აღმოაჩინოთ. შეხებისას ყველა მათგანი სხვადასხვა ისტორიის მოყოლას იწყებს.
ჩემი თეთრი, ფითქინა ქსოვილი, რომელსაც თან დასდევს წვრილი კოპლები და ულამაზესი ლურჯი ყვავილები, იმ ადამიანზე მიყვება, რომელიც არასდროს მინახავს – ბებიაზე. ქალზე, რომელმაც ეს ქსოვილები წლების წინ მთელი გულით აარჩია და იყიდა. ვეხები ქსოვილს და წარმოვიდგენ იმ ხალათს, რომელიც ამ ქსოვილისგან უნდა შეეკერა, წარმოვიდგენ როგორ იცვამს მას და როგორ უხდება იმ სახეზე, რომელიც მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოებზე მაქვს ნანახი. ამ ჩემოდანში კიდევ ბევრი სხვა ქსოვილია. ისინი მიყვებიან ისტორიებს ბებიაჩემსა და იმ სამოსზე, რომელიც მას უნდა შეეკერა, თუმცა, მოულოდნელად ამ ჩემოდანში აღმოჩნდნენ. ვინ იცის, იქნებ, ერთ დღესაც დააღწიონ თავი და ახალი, სრულიად განსხვავებული ისტორიების შექმნა დაიწყონ?!
ნინო ბურდული
ტექსტილის დიზაინერი