„პოპ-აპის“ შემდგომი საუბარი / ნინო ქვრივიშვილი და დათა ჭიღოლაშვილი

„პოპ-აპის“ შემდგომი საუბარი / ნინო ქვრივიშვილი და დათა ჭიღოლაშვილი

„პოპ-აპი: ქსოვილები“ – ასე ერქვა ადგილის სპეციფიკურ გამოფენას, რომელიც 2022 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისში, ქსოვილების მაღაზიაში (თამარ მეფის გამზ. 17) თიბისის მხარდაჭერით გაიმართა. ეს პროექტი ნინო ქვრივიშვილის და დათა ჭიღოლაშვილის სახელოვნებო-კვლევითი თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგი იყო, რომელიც ზოგადად, ტექსტილის წარმოების, ცვალებადი ადგილების, დროისა და მეხსიერების საკითხებს შორის კავშირებს ქმნის და ამ გზით, საქართველოს ქსოვილის ინდუსტრიის ისტორიას ეხმიანება. გამოფენის შემდეგ, ხელოვანმა და კურატორმა ისაუბრეს საკუთარ პრაქტიკებსა და მიდგომებზე, ასევე, ქსოვილის მნიშვნელობაზე ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში.

„პოპ-აპი: ქსოვილები“, 2022. ფოტო: ნინა ჟორჟოლაძე

დათა: რატომ დაინტერესდი ინდუსტრიული ქსოვილით და ზოგადად, ამ თემით შენს სახელოვნებო პრაქტიკაში?

ნინო: თბილისის სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინზე სწავლის დროს, ვეცნობოდი ტექსტილის წარმოების ტექნოლოგიას და ისტორიას საქართველოში, ინდუსტრიალიზაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის შემოსავლის დიდი ნაწილი საფეიქრო მრეწველობას ეკავა.

როგორც ტექსტილის დიზაინერი, მეც ამ საფეიქრო პროცესის ნაწილი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ირგვლივ მხოლოდ ფუნქციადაკარგული ინდუსტრიები და გაყიდვაში იშვიათად შემორჩენილი ქსოვილები იყო.

შექმნილმა რეალობამ, რომელშიც იმ პერიოდის ტექსტილის ხელოვნება მთლიანად გამოყენებითი ხელოვნების მემკვიდრედ გვევლინებოდა, მე წინააღმდეგობრივი ინტერესები გამიჩინა, დამაინტერესა, მომეძებნა უფრო მეტი, არაერთგვაროვანი და საწინააღმდეგო. სწორედ აქედან მოყოლებული, დახურული წარმოებების მასალით დავინტერესდი.

შენ მუშაობ ანთროპოლოგიასა და ხელოვნებას შორის, რა არის ქსოვილი ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან? ამ თემაში შენი ინტერესი?

დათა: ქსოვილი, როგორც ადამიანის შექმნილი და გაფორმებული, ასევე, ტანსაცმლის სახით ყოველდღიურად გამოყენებული მასალა, საზოგადოებასა და კულტურაზე ძალიან ბევრს გვიყვება. თუმცა ხშირია ერთგვარი გამიჯვნა, განსაკუთრებით სამუზეუმო ან აკადემიურ კონტექსტში ვხვდებით ხოლმე, რომ მეტი ყურადღება ეთმობა უფრო ტრადიციულ, ხელნაკეთ ქსოვილს, ვიდრე ინდუსტრიულ ქსოვილს, რაც მგონია, რომ თანამედროვეობის გასაანალიზებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია. აქ იკვეთება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას შეეხება – წარმოების და ცხოვრების ტემპი, შრომა, ეთიკური საკითხები, ისტორიული ქსოვილის და ნიმუშების გამოყენება თუ გამეორება დღეს, ამის გადააზრება თანამედროვე ხელოვნებაში და ა.შ.

ამ შემთხვევაში, ძალიან საინტერესოა ქსოვილის ინდუსტრია საქართველოში, რომელიც ბევრი სხვა წარმოების მსგავსად, გაქრა და ამით გარდაქმნის მრავალ საკითხზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს საინტერესოდ უკავშირდება შენს ნამუშევრებს და პროექტებს. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც აქ გამოვყოფდი, არის ადამიანების ჩართულობა და როლი, რაც გამოიკვეთა ჩვენს პრეზენტაციებსა და საუბარში სახელწოდებით „ისინი იქ არიან, ზოგჯერ“ (They Are There, Sometimes), რომელიც 2022 წლის 25 მარტს, ბერლინში, HKW-ში გამართული კონგრესის The Whole Life. Archives & Imaginaries ფარგლებში შედგა.

რას იტყოდი ქსოვილის ინდუსტრიაში ადამიანების როლის შესახებ? შენ მუშაობ ამ წარმოების ყოფილი თანამშრომლების ბიოგრაფიების პროექტზე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოდ უკავშირდება ეთნოგრაფიას და ანთროპოლოგიას. რატომ გადაწყვიტე ამაზე მუშაობა?

ნინო: პროექტზე „ქართული აბრეშუმი 1950-90-იან წლებში“ მუშაობა დავიწყე აბრეშუმის მუზეუმის კვლევითი რეზიდენციის ფარგლებში, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში მიმდინარეობდა და შეეხებოდა კოლექციების და არქივის საკითხებს, კონკრეტულად, საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიულ ქსოვილს თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკიდან, რაც მუზეუმის კოლექციაშია დაცული.

ქსოვილის ნიმუში, XX საუკუნე, თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან

დახურულ წარმოებაზე დღეს აღარავინ საუბრობს. არავინ ახსენებს ადამიანებს, ვინც წარმოებაში მუშაობდა. თბილისის აბრეშუმის წარმოება, სხვა საფეიქრო ინდუსტრიებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო საქართველოში, მისი ისტორიული შენობა, დღევანდელ მ. კოსტავას ქუჩაზე, დღეს უკვე სხვა ფუნქციას ატარებს. აქ მუშაობდა ბევრი მხატვარი, დესინატორი, ინჟინერი და სხვა. ისინი წარმოების დახურვამდე ქმნიდნენ უნიკალურ ნიმუშებს. 

მე დღესაც მაინტერესებს მათი სოციალური როლი, ხელოვნება ყოველდღიურობაში, მუშაობის ტრადიცია და ისტორიული პერსპექტივა, რომელიც დაკარგეს და გამოვიდნენ ცხოვრების დინამიკიდან. სწორედ, ამ ადამიანების ცხოვრებით და მუშაობით დაინტერესებული შევხვდი თბილისში მცხოვრებ ელენე სეფიაშვილს, წარმოების მთავარ კონსტრუქტორს და მხატვრებს, ნათელა თაქთაქიშვილს და მთვარისა მარკოზიას. მათი მთავარი საწარმოო საქმიანობა შეჩერდა მაშინ, როდესაც ინდუსტრია დაიხურა.

ქალებს ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდათ წარმოებაში. ომის დაწყებიდან, უამრავი მამაკაცი ფრონტის ხაზზე გაუშვეს, სწორედ, ისინი იყვნენ ძირითად სამუშაო ძალა.

ინდუსტრიული ქსოვილის კვლევის პროექტში შენთვის რა იყო საინტერესო? 

დათა: აბრეშუმის მუზეუმის კოლექციაში დაცულია ფაბრიკის ნაწარმის ძალიან ბევრი ნიმუში, რომლებიც საინტერესოა თავისი წარდგენით – სპეციალური ფორმები იყო, მეტ-ნაკლებად A4 ზომის ქაღალდზე, სადაც უნდა შევსებულიყო ინფორმაცია ვინ იყო მხატვარი, დესინატორი და ა.შ., მთელი რიგი დეტალები უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი და ასევე, ქსოვილის ნიმუში უნდა ყოფილიყო დართული. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ არის შევსებული, ხშირად მხოლოდ სახელის ინიციალებს ვხვდებით და ეტაპობრივად იცვლებოდა ეს წარდგენის ფორმაც. არის ნიმუშები, რომლებიც ზოგჯერ ცარიელ ქაღალდზე ქინძისთავებითაა დამაგრებული, საერთოდ ქრება ეს ფორმაც, თითქოს, იკარგება და წინასწარმეტყველებს, რომ ეს ყველაფერი უნდა გაქრეს.

აქ ერთ-ერთი საინტერესო საკითხი კვლევისთვის ამის ორგანიზება იყო. გადავწყვიტეთ, რომ დავახარისხებდით ავტორების მიხედვით. იყო ნაწილი, როდესაც არ იყო მითითებული ავტორი და მე მგონი, ყველაზე მოცულობითი ეს გამოვიდა. თავიდან, როგორც მახსოვს, ამის აღსანიშნად ჩავინიშნე სიტყვა „უავტორო“ და მერე გადავაკეთე იმიტომ, რომ პრინციპში, უავტორო არცერთი იყო, უბრალოდ, ავტორი ჩვენთვის იყო უცნობი.

ჩემთვის საინტერესო იყო, პირველ რიგში, ორგანიზება და იმის შეხედვა, როგორ შეიძლება დახარისხდეს მასალა, კვლევა რომ დაიწყო და აქედან გამომდინარე, რა უნდა გაანალიზდეს? რა დამატებითი მასალა უნდა შეგროვდეს? პროცესში რომ შევხედოთ ამას და შემდეგ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამაზე სამომავლოდ მუშაობა. პრინციპში, მე და შენ, რაღაც კუთხით, გავაგრძელეთ აქ არსებულ საკითხებზე თანამშრომლობა.

ნინო: როგორ შეიძლება ამის ორგანიზება და ჩვენება?

დათა: ერთი მხარეა, რაც მუზეუმების კოლექციებშია დაცული. მეორე საკითხია, რომ ეს ძალიან დიდი ინდუსტრია იყო, მარტო აბრეშუმი არ იყო, ამაზე შენც ძალიან ბევრი გიმუშავია, მთელ საქართველოში ძალიან ბევრი ფაბრიკა და საწარმო იყო და ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ძალიან მასშტაბური, სხვადასხვა ქსოვილზე მუშაობდნენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატოს უკვე პირადი ისტორიები, პირადი კოლექციები და ამბები. ზოგადად, დიდ წარმოებაშიც ასეა და საბჭოთა ინდუსტრიაში ეს საერთოდ ქრებოდა, კარგავდა პიროვნულ სახეს, პროპაგანდისთვის თუ არ იყენებდნენ წარმატებული თანამშრომლების ამბებს. შესაბამისად, დღეს უნდა მივანიჭოთ ამას უფრო ანთროპოლოგიური მნიშვნელობა და დავურთოთ უკვე შესაბამისი ისტორიები. ზუსტად, ამ კუთხით მუშაობა იქნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, რადგან მგონი, ამის დროც იწურება. სხვაგვარად, დაიკარგება ისტორიის დიდი ნაწილი. ამიტომ მგონია, რომ შენი მიდგომა, იგივე ბიოგრაფიების შეგროვება, ფაბრიკაზე რაც დაწერე და ზოგადად, რასაც აკეთებ, ძალიან დროულიც არის და ამავდროულად, ძალიან ანთროპოლოგიურიც. ეს შეიძლება, შენი ამომავალი წერტილი არ იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ შენს სახელოვნებო პრაქტიკაში, გარკვეულწილად, ეთნოგრაფიულ და ანთროპოლოგიურ საქმიანობასაც ასრულებ ამ საკითხთან კავშირში.

აქ ერთი საკითხია სხვისი ისტორიების შეგროვება და დამუშავება, მეორეა საკუთარი გამოცდილების გადააზრება, ამიტომ მაინტერესებს, შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია თვითრეფლექსია? შენს ნამუშევრებში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბებიაშენის ამბავს. რატომ გადაწყვიტე შენი და შენი ოჯახის ისტორიის ნამუშევრებში გადმოტანა?


ნინო: როდესაც წარმოებაზე ვსაუბრობ, ბებიაჩემის, რაისა ზატიუკოვას ისტორია პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც მე დღეს ვაკეთებ. ბებიაჩემი ქ. გორის ბამბეულის კომბინატში მუშაობდა და იგივე ისტორიის ნაწილია, რაზეც ქალბატონებთან კავშირში ვსაუბრობდით. მან ინდუსტრიალიზაციის დროს, 1950-იან წლებში, ქ. ივანოვოდან (რუსეთი) ტექსტილის ოსტატებთან ერთად ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო კომბინატში მუშაობა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, 1990-იან წლებში, როდესაც გორის ბამბეულის კომბინატმა არსებობა შეწყვიტა, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი თავის გადასარჩენად პარალელურ საქმეს ეძებს.

სწორედ ამ დროს, ბევრმა ტექსტილის ოსტატმა საქართველოდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. ბებიაჩემი საქართველოში დარჩა და დღემდე აქ ცხოვრობს. ის ინდუსტრიის თემაზე ბევრს საუბრობს, შეიძლება ითქვას, ამ ისტორიას არსებობას უხანგრძლივებს.

ეს ინფორმაცია ჩემს ნამუშევრებშიც დაილექა. ქსოვილებში, რომლებსაც წლებია მე თვითონ ვქმნი, ხშირად ჩანს სიმბოლოები და ნიშნები, რომლებიც სწორედ, ინდუსტრიალიზაციის პერიოდის ქსოვილებს უკავშირდება და ხშირად, დაკარგულ მომენტებზე საუბრობს. ტექსტილთან ერთად შემოდის ყოველდღიური ნივთების ისტორიები, რომლებიც ამ ადამიანების, პერიოდის და ისტორიის შესახებ ერთგვარ სახეს ქმნიან.

ნამუშევარი „ნაკვალევზე“ წარმოადგენს ყოველდღიური ნივთებისგან შემდგარ ვიტრინას, რომელიც ჰყვება იმ ადამიანების ისტორიას, რომლებმაც 90-იან წლებში დატოვეს ქ. გორი და დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. ამ ადამიანების ცხოვრება ომმა საგრძნობლად დააზარალა, საქართველო კი მათთვის პირადი არჩევანი არასოდეს ყოფილა. სწორედ, საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, ისინი იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლი, პირადი ნივთები კი ბებიაჩემთან დატოვეს იმ იმედით, რომ ოდესმე დაბრუნდებოდნენ.

„ნაკვალევზე“, 2017, ნინო ქვრივიშვილი. ფოტო: გურამ კაპანაძე.

იგივე თემის გაგრძელებაა ნამუშევარი „გინდა იცხოვრო სამოთხეში?“, რომელიც ორაზროვან კითხვას სვამს იმ ადამიანების მისამართით, ვინც გასულ დროზე დღემდე მხოლოდ მონატრებით საუბრობენ. ნამუშევარში ყოველდღიური ნივთები წარმოდგენილია როგორც უბრალო მუყაოს ყუთებით, ასევე, მყარი ბეტონის და ხის პედესტალებზე, რაც ერთგვარად, სახლის შენების მეტაფორაა. ჩემი ინტერესია მშრომელი ხალხის საზოგადოებრივი როლის, მათი ყოველდღიურობის დანახვა და არა ნოსტალგია, ან მათი სოციალური კრიტიკა.

„გინდა იცხოვრო სამოთხეში?“, 2019, ნინო ქვრივიშვილი, კუნსტჰალე თბილისი. ფოტო: გურამ კაპანაძე.

აბრეშუმის ქსოვილების სერია „მიღმა“ ქ. ციურიხში შევასრულე. აბსტრაქტული გამოსახულებები, რომლებიც აბრეშუმის ქსოვილებზეა გადატანილი, ჰყვება იმ ქალების ისტორიას, რომლებიც ქ. ციურიხის აბრეშუმის წარმოებაში მუშაობდნენ. ქსოვილები ერთგვარი ფარდებია, რომლის მასშტაბი ინდუსტრიის დასახლების ფანჯრების ზომების ანალოგიურია და მათ მიღმა, ქალის რეალური ცხოვრება იმალება.

ქალაქის და ქსოვილის კავშირს როგორ უყურებ? როგორი შეიძლება იყოს ამ საკითხის ანთროპოლოგიური კვლევა?

სერია „მიღმა“, 2017, ნინო ქვრივიშვილი, BINZ39, ციურიხი, შვეიცარია.

დათა: ქალაქის გარდაქმნასთან დაკავშირებით ბევრ საკითხზე ვმუშაობ, სადაც ქსოვილის და ქალაქის კავშირი ბოლო წლებში უფრო აქტიურად გამოიკვეთა. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად თბილისის და ქსოვილის კავშირზე თუ ვსაუბრობთ, აქ უკვე წარსულზე გვიწევს აქცენტის გაკეთება, რადგან გამქრალია ტექსტილის ინდუსტრია და ძალიან ცოტა არის შემორჩენილი, საკითხს უკვე ვუყურებთ პოსტინდუსტრიული ქალაქის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ქსოვილის წარმოება ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეს არის კიდევ უფრო დიდი ინდუსტრიული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრინციპში, გვიყვება იმ ისტორიას, თუ რა მოხდა თბილისში და ზოგადად, საქართველოშიც ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე, მაგრამ ამ თხრობისთვის საჭიროა ადამიანების ისტორიების, გამოცდილების შეგროვება, ამის ანალიზი დღევანდელობასთან კავშირში და წარდგენა. უნდა შევხედოთ, როგორ გარდაიქმნა და პრინციპში, როგორ გარდაიქმნება თბილისი პოსტინდუსტრიულ კონტექსტში. მე მგონი, ეს საკმაოდ საინტერესოდ გამოჩნდა ჩვენი კვლევის და მორიგი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც იყო პროექტი „პოპ-აპი: ქსოვილები“, სადაც ეს XXI საუკუნის სწრაფი, „პოპ-აპ“ ტემპი კონცეფციაში ჩავაბრუნეთ და გამოფენა წარმოვადგინეთ ქსოვილების მაღაზიაში, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არსებობს. ჩვენი თანამშრომლობაც და ამ ფორმატის გამოფენის ფარგლებში სტუმრებთან საუბარიც, შენი ნამუშევრების და ინსტალაციის საშუალებით, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო, მგონი, ბევრი რამე გავიხსენეთ და გავიგეთ ქალაქში ინდუსტრიული ქსოვილის ისტორიის შესახებ.

შენთვის როგორი გამოცდილება იყო ეს სამუშაო პროცესი, გამოფენა ქსოვილების მაღაზიაში და სტუმრებთან ინტერაქცია?

ნინო: ყოველთვის მაინტერესებდა ქსოვილების მაღაზია, მისი როლი და ესთეტიკა ქალაქის ყოველდღიურობაში. 2016 წელს აბრეშუმის მუზეუმში გამართული გამოფენა „საბჭოთა ცისარტყელა: მაღაზიიდან მუზეუმამდე”, თბილისის ქსოვილების მაღაზიის თემასაც უკავშირდებოდა. გამოფენის ერთ-ერთი ინსტალაცია, ბეტონის და ხისგან შექმნილი თავისუფლად მდგარი ქანდაკებები, ძველ აბრეშუმის ქსოვილებთან ერთად, მაღაზიის გარემოს ქმნიდა.

2020 წელს კურატორ თარა მაქდაუელთან ერთად და Incidents (of Travel) და Latitudes-თან თანამშრომლობით, თბილისში ჩავატარე ტური. ჩემი მიზანი იყო კურატორისთვის მეჩვენებინა ქალაქის ის ადგილები, რომლებიც მე ყველაზე მეტად მიყვარს და იკვეთება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. ტური ყოფილი აბრეშუმის წარმოების შენობიდან დავიწყე, შემდეგ იყო ყოფილი ქსოვილების მაღაზია რუსთაველის გამზირზე, მოგვიანებით კი ერთ-ერთი შეჩერება მოქმედი ქსოვილების მაღაზია იყო.

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირზე ალექსანდრე უთმაზიანის ქსოვილების მაღაზია ყველამ იცის. იქ დღემდე შემორჩენილია ძველი წარწერა „ქსოვილები“. ეს ქსოვილების მაღაზია ის იშვიათი კომერციული ადგილია ქალაქში, რომელიც დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს და ფუნქციას.

გამოფენა „პოპ-აპი: ქსოვილები“ ჩემთვის დროებითი გამოფენაც იყო და ერთგვარი ციკლურობა – მუდმივი გამეორება იმისა, რასაც ვაკეთებ. ორი დღე მოვლენებს ხანგრძლივ, განგრძობით დროში ვაკვირდებოდი. გამოფენაზე ძველ, საქართველოში ნაწარმოებ აბრეშუმის ქსოვილთან ერთად, დაკარგული ინდუსტრიის თემაზე შექმნილი ნახატები ვაჩვენე. ჩემთვის ეს ნახატები, თითქოს, სხვა დროში მოექცა და კარგი იყო ამის დისტანციიდან დანახვა.

დათა, შენთან სხვადასხვა პროექტზე მიმუშავია. უნდა აღინიშნოს ჩვენი დიალოგი HKW-ში 2022 წელს, სადაც ვისაუბრეთ არქივზე, ინდუსტრიის კონტექსტზე, ადამიანის როლზე და ა.შ. შენი, როგორც განათლებით ანთროპოლოგის ინტერესები და გამოცდილება ორმხრივად საინტერესო იყო „პოპ-აპის“ გამოფენაზე მუშაობისას. როგორც ვიცით, ხელოვნება ხშირად არის დაკავშირებული ადგილებთან, კონტექსტთან, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ. ვფიქრობ, ჩვენ ორივე ამ გარემოს წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენი გამოფენის მიზანი არ ყოფილა წარსულის პირდაპირი რეპრეზენტაცია. ორი დღე მაღაზიის გარემოში გამოფენამ, სამუშაო საათებში იქ ყოფნამ და ხალხთან შეხვედრამ, უფრო შორიდან დაგვანახა ეს ისტორია, რაც ხანგრძლივი პერსპექტივისთვის ძალიან კარგია.

პოპ-აპი: ქსოვილები

28-29.10.2022 / 10:00 – 18:00

ქსოვილების მაღაზია, თამარ მეფის გამზ. 17, თბილისი

ხელოვანი: ნინო ქვრივიშვილი 

კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი

პროექტის მხარდამჭერი: თიბისი

გამოფენის დოკუმენტაცია ვირტუალური რეალობის ფორმატში შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: datach.me