*პოსტში გამოყენებულია ფოტოები აბრეშუმის მუზეუმის კოლექციიდან. განმარტებები მინიჭებულია ავტორთა ინტერპრეტაციით.
პრინცესა და აბრეშუმის ჭია
იყო და არა იყო რა, იყო ერთი სასახლე, რომელშიც ცხოვრობდა პრინცესა სახელად თუთა. გოგონას უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. იზრდებოდა სასახლის თვალუწვდენელ ეზოში, სადაც მრავალი ნაგებობა იდგა. წლები გადიოდა და პრონცესა ყოველ წელს უფრო და უფრო ტკბებოდა ცხოვრებით.
თუმცა მალე მიხვდა, რომ დაბრკოლებებთან გამკვლავებაც დასჭირდებოდა. დაიწყო ომი და სამეფო ნელ-ნელა დასუსტდა. ერთ ცუდ ამბავს მეორე ემატებოდა. ერთი ნაგებობის შემდეგ, მეორე ნადგურდებოდა. სიტუაციას გამოსწორების არაფერი ეტყობოდა. საბოლოოდ პრინცესამ, დიდი ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ სასახლის ტერიტორიის შენაჩუნება მოახერხა. სასოწარკვეთილმა უსაფრთხოებისთვის ყველა ძვირფასი ნივთის შეფუთვა ბრძანა. დიდებულმა სასახლემ ხიბლი დაკარგა, დაცარიელდა და წარსულის მოჩვენებებით აივსო. ეს ამბავი პრინცესას ძალიან ადარდებდა.
სევდით შეპყრობილმა სასახლის ეზოს მიაშურა, ისეირნა და თუთის ხეების ჩრდილში მოსასვენებლად ჩამოჯდა. ცოტა ხანში პრონცესას ყურადღება თეთრმა პარკებმა მიიპყრო. იფიქრა, მსახურებს ჩემი შეფუთული ძვირფასეულობა ეზოში დარჩენიათო და ხიდან ჩამოტანა ბრძანა, თუმცა ხელში აბრეშუმის ჭია შერჩა.
გაოგნებულმა ცრემლები მოიწმინდა და უცნაურ არსებას მიესალმა.
-რამ დაგამწუხრა?- ჰკითხა აბრეშუმის ჭიამ.
პრინცესამ თავისი გასაჭირისა და ბნელი პერიოდის შესახებ უამბო. მოუყვა სამეფოს უიმედობის შესახებ და დახმარება სთხოვა.
აბრეშუმის ჭიამ პარკის ქსოვა შეწყვიტა და პრინცესას მიუბრუნდა: “ – მე ერთ უცნაურ ამბავს მოგითხრობ ჩემი ცხოვრების შესახებ და შემიძლია შენი სამეფოს ბედიც ვიწინასწარმეტყველო. ჩვენ, აბრეშუმის ჭიები, ძალიან პატარა კვერცხებიდან ვიბადებით. თავიდან თითქმის შეუმჩნევლები ვართ. უდარდელად ვცხოვრობთ, ხის ქორფა ფოთლებზე და ნელ-ნელა ვიზრდებით. როდესაც ზრდას ვამთავრებთ, აბრეშუმის ნაზი ძაფით ჩვენს გარშემო მტკიცე ქსოვილს ვქსოვთ და მასში ვეხვევით, რაღაც ახლისთვის ვემზადებით. ჭია, რომელსაც შენ ახლა უყურებ, ცოტა ხანში თეთრ პეპელად გადაიქცევა. შენი სამეფო ახლა აბრეშუმის პარკშია გახვეული, მაგრამ ის მალე გაარღვევს პარკს და ლამაზ პეპლად გადაიქცევა.”
მაშ ასე, ამ ეტაპზე დაემშვიდობნენ ერთმანეთს პრინცესა და აბრეშუმის ჭია. ჩვენი ზღაპრის შემდგომი ფურცლები ამჟამად ცარიელი რჩება, თუმცა აბრეშუმის ჭიის წინასწარმეტყველების შაბლონს თუ გავყვებით, ვიცით როგორ შევავსოთ წიგნის შემდგომი თავები. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც შეგვიძლია მივყვეთ და ერთად გამოვიყვანოთ მუზეუმი აბრეშუმის პარკიდან – გავხადოთ რაღაც ახალი, უკეთესი.
ავტორები: ნანუკა ნანობაშვილი და ოლო ჭელიძე