აბრეშუმის მუზეუმში სტაჟირებისას პირველი კოლექცია, რომელთანაც შეხება მომიწია, იყო საღებავები. მინის კოლბებში დაცული ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალფეროვანი ნიმუშები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ინახავენ როგორც მუზეუმისა და მეაბრეშუმეობის, ისე ბუნების ისტორიის კუთხით. ამ პოსტში მოკლედ გაგაცნობთ კოლექციის გამორჩეულ ნიმუშებს და მუზეუმის ბიბლიოთეკაში დაცულ საინტერესო მასალას.
საღებავების კოლექცია მუზეუმის დაარსების თანადროულია და მოიცავს 97 სხვადასხვა სახის საღებავს. მათი ნაწილი შექმნილია სადგურის ლაბორატორიაში, ხოლო უმრავლესობა შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნიდან.
კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის რიგით მეორე დირექტორი – ვლადიმერ ივანოვი – თავის 1902 წლის ნაშრომში ასე აღწერს აბრეშუმის ღებვის პროცესს:
“ძაფის ღებვას წინ უსწრებს მოსამზდებელი ეტაპი, რომელსაც ეწოდება აბრეშუმის ხარშვა. ეს პროცესი გულისხმობს აბრეშუმის ძაფიდან წებოს (სერიცინის) მოშორებას. მიუხედავად იმისა, რომ სერიცინი საკმაოდ ადვილი მოსაშორებელია, ეს პროცესი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგანაც პროცესის დროს უნდა შენარჩუნდეს ის თვისებები, რაც უშუალოდ აქვს ფიბრიონის (აბრეშუმის) ძაფს: სიმტკიცე, ელასტიკურობა, ბზინვარება, სითეთრე და სირბილე. არსებობს ხარშვის რამდენიმე მეთოდი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება ხანგრძლივობითა და ხსნარის შემცველობით, მაგრამ უმეტესად გამოიყენება საპონი (მარსელის ან 72% სარეცხის საპონი) და სოდა. თუმცა ამ პროცესის შემდეგ აბრეშუმი დახლოებით 30%-ით იკლებს წონაში, რაც განაპირობებს მის კიდევ უფრო გაძვირებას. ამიტომაც არსებობს წონის მოსამატებელი ნაერთები, თუმცა მათი გადაჭარბებული რაოდენობა მნიშვნელოვანწილად აქვეითებს აბრეშუმის ხარისხს.”
მუზეუმის კოლექციაში დაცულია წონის მოსამატებელი რამდენიმე ნივთიერება:
მუხის კაკლები (იგივე მუხის ყურძენი, მუხის ვაშლი, მელნის კაკლები, მთრიმლავი კაკლები. Lat. Galla (tumor plantarum), რომლებიც წარმოიქმნება მწერების ფოთოლზე ჯდომის შედეგად (მცენარე გამოყოფს სპეციალურ სითხეს, რომელიც შემოეხვევა მწერს). ღებვისას მუხის კაკლებს იყენებენ, როგორც წონის მოსამატებელსა და ფერმჭერს, აგრეთვე გამოიყენება მედიცინაშიც.
კაშუ (იგივე კატეხუ, იაპონური მიწა. ოსტ-ინდური მცენარე Acacia catechu-ს ფხვნილი), რომელსაც ღებვისას იყენებენ, როგორც წონის მოსამატებელს, ფერმჭერსა და ყავისფერ ან მწვანე საღებავს.
თუთუბო (იგივე სუმახი, შმაკი. Lat. Rhus corriaria), რომელსაც ღებვისას იყენებენ, როგორც წონის მოსამატებელს და, აგრეთვე, როგორც პრეპარატს ნახევრადმოხარშული აბრეშუმის მოსამზადებლად. თუთუბო მიეკუთვნება თუთუბოსებრთა (Lat. Anacardiaceae) ოჯახს და ძირითადად იზრდება აფრიკასა და ჩრდილო ამერიკაში. მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს წითელს.
ხარშვის პროცესის შემდეგ ხდება აბრეშუმის გათეთრება, რისთვისაც მუზეუმში დაცული ნესვის თესლი (Lat. Cucumis melo) გამოიყენებოდა:
“თესლის ნახარშში ათავსებენ აბრეშუმს. შემდეგ გულდასმით რეცხავენ და აშრობენ. მაგალითად, კახეთში ამისათვის ნაცრის ხსნარს და შემდგომ საპონსაც იყენებენ. იმ შემთხვევაში, როცა ძაფის კიდევ უფრო გათეთრებაა საჭირო, მას ახრჩოლებენ გოგირდის გაზით. ამ მიზნით, ახლადგარეცხილი აბრეშუმი, ჯერ კიდევ ტენიანი, უნდა დაიკიდოს ჯოხზე ცალკე ოთახში, სადაც დაინთება გოგირდი. შეხრჩოლება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ არასაცხოვრებელ შენობაში, მაგრამ ჯობია ეს მოხდეს სპეც კამერაში.
ამ პროცედურების შემდეგ იწყება ღებვის პროცესი, რომელიც გულისხმობს ძაფის ან ქსოვილის მოხარშვას მღებავ ნივთიერებასთან ერთად.”
მუზეუმში დაცული საღებავები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: ბუნებრივ და ქიმიურ საღებავებად. პირველ მათგანს მიეკუთვნება მცენარეული, ცხოველური და მინერალური საღებავები, ხოლო მეორე მათგანი წარმოდგენილია ანილინის საღებავებით.
მცენარეული საღებავებიდან შესაძლებელია რამდენიმეს გამოყოფა:
თუთის ფოთლები (Lat. Morus alba Folium) ძირითადად ცნობილია, როგორც აბრეშუმიის ჭიის საკვები, თუმცა ისინი ასევე შეიცავენ მღებავ ნივთიერებას, რომელიც ყვითელ ფერს გვაძლევს.
საფლორი, ალისარჩული (Lat. Carthamus tinctorius) კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი საღებავია. მისი ნარჩენები აღმოჩენილია მე-2 ათასწლეულის (მე-12 დინასტიის) ეგვიპტურ სამარხებში დაცულ ქსოვილებზე. გარდა ამისა, ის აღმოჩენილია ტუტანხამონის სამარხშიც. 1850-იან წლებამდე საფლორი ერთ-ერთი წამყავნი ყვითელი საღებავი იყო, ხოლო ანილინის საღებავების გამოგონების შემდეგ მას სხვა დანიშნულებით იყენებენ: საფლორისგან ამზდებენ მცენარეულ ზეთს, რომელიც გამოიყენება საკვებად და კოსმეტიკაში. საფლორი ფართოდ გამოიყენება მედიცინაშიც, როგორც ინსულინის შემცვლელი.
ბაყმის ხე (იგივე ლაქაშის ხე, შავი სანდალოზი. Lat. Haematoxylum campechianum) გავრცელებულია მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში. მას განსკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა მე-17- მე-19 საუკუნეებში, როდესაც გაჰქონდათ ევროპაში, როგორც საღებავი ნივთიერება. მისი ბერძნული სახელწოდება ქართულად ითარგმნება, როგორც „სისხლიანი ხე“, რადგან ხის მერქნის ანათალი შიგნიდან წითელი შეფერილობისაა, თუმცა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნის შედეგად იცვლის ფერს და ჯერ მუქი იისფერი ხდება, შემდეგ კი – შავი. საღებავი ნივთიერება მზადდება მერქნის შიგთავსისაგან მუქი ყავისფერის ან შავის მისაღებად. მისგან აგრეთვე მზადდება ჩინური მუქი იისფერი მელანი. თავად მერქანი გამოიყენება ავეჯისა და პარკეტის დასამზადებლად.
ენდროს ფესვი (Lat. Rubia iberica. Rubia tinctorum). ენდროს 55-მდე სახეობა გავრცელებულია აზიის ზომიერ სარტყელში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე ნაწილი — შუა ევროპასა და აფრიკაში, 15 სახეობა კი — სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში გვხვდება ენდროს რამდენიმე სახეობა. ძველთაგანვე აშენებდნენ მღებავ ენდროს (Lat. Rubia tinctorum), რომელსაც იყენებდნენ აბრეშუმის, ბამბეულისა და შალის (ნოხების) ქსოვილების შესაღებად. ენდროში შეღებილი ქსოვილის ყველაზე ადრეული ნიმუშები დაფიქსირებულია ინდოეთში, მოხენჯო-დაროს ნამოსახლარზე (ძვ.წ. მე-3 ათასწ.). ასეთივე ნაშთები აღმოჩენილია ტუტანჰამონის სამარხში და, აგრეთვე, პომპეისა და კორინთოს გათხრებისას. ენდროს იყენებენ, აგრეთვე, ხალხურ მედიცინაში რაქიტის სამკურნალოდ.
წითელი ხე (იგივე ბრაზილიური ხე, ფერნამბუკი, ხასყირმიზი. Lat. Caesalpinia echinata; Guilandina echinata) აღმოაჩინეს პორტუგალიელმა მკველვარებმა სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე. შეიცავს მღებავ ქიუმიურ ნივთიერება ბრაზილინს, რომელიც უფეროა, მაგრამ მცირედ დაჟანგვის შედეგად ყვითლდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ გადადის მოწითალო ტონალობაში, ხოლო 5% NaOH (ნატრიუმის ჰიდროქსიდის) დამატებით მიიღება წითელი ფერის საღებავი.
ბრაზილიური ხე აქტიურად გამოიყენებოდა, ასევე, ავეჯისა და სიმებიან ინსტურმენტთა ხემის დასამზადებლად, თუმცა დღესდღეობით იგი მიეკუთვნება საფრთხეში მყოფ სახეობებს ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით (IUCN).
ინდიგოს (Lat. Indigofera tinctoria) სამშობლო ინდოეთია და მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. საქართველოში ისტორიულად ეს მცენარე არ მოჰყავდათ და ახლაც მხოლოდ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იზრდება. ინდიგო ძალიან გავრცელებული იყო მთელ აზიაში. მას იცნობდნენ შუამდინარეთში, ეგვიპტეში, საბრძნეთსა და რომში. მაღალი ღირებულების გამო ინდიგოს ხშირად ლურჯ ოქროსაც უწოდებდნენ. საქართველოში ის ისტორიულად სპარსეთიდან შემოჰქონდათ. ჩვენთვის ტრადიციული ლურჯი სუფრა სწორედ ინდიგოში იღებებოდა.
ინდიგოს დამუშავება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან ის ტოქსინებს შეიცავს. ბენგალში ამის გამო მონათა აჯანყებაც კი მოხდა 1859 წელს. დღევანდელ დღეს ათასობით ტონა ხელოვნურ ინდიგოს აწარმოებენ მსოფლიოში ყოველწლიურად, რომლის ძირითადი ნაწილი ჯინსის შესაღებად გამოიყენება.
ცხოველური წარმოშობის საღებავებიდან გამორჩეულია კაკტუსის კოშენილი, იგივე ჭიაფერი (Lat. Dactylopius Coccus; Coccus cacti). კოშენილი არის მწერი, რომელიც ცხოვრობს ოპუნციის ჯიშის კაკტუსზე და მისგან მოიპოვება მღებავი ნივთიერება – კარმინმჟავა. კოშენილი ძირითადად გავრცელებულია არარატის მთის მიდამოებში და, ასევე, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აცტეკებისა და მაიას ტომები მისგან საღებავს ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-2 საუკუნიდან ამზადებდნენ. დღეს კოშენილი წითელ წიგნშია შეტანილი. ის გამოიყენება სამედიცინო დანიშნულებითაც (ჰომეოპათიაში).
როგორც აღინიშნა, ბუნებრივი საღებავების გარდა მუზეუმში წარმოდგენილია ქიმიური (ანილინის) საღებავები, რომელიც პირველად აღმოაჩინა ინგლისელმა ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი პერკინმა 1856 წელს. ანილინი მალე გავრცელდა და ჩაანაცვლა კიდეც ბუნებრივი საღებავები. დღეს ანილინის საღებავი ძალიან მრავალფეროვანია – გვხვდება 8 000-მდე გრადაციით.
ამ ტიპის საღებავებიდან საქართველოში ყველაზე ცნობილია ბრილიანტის მწვანე (Lat. Viridis nitens). ამ საღებავს უფრო მეტად ანტისეპტიკურ საშუალებად ვიცნობთ, რომელიც უაღრესად პოპულარულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ხოლო დანარჩენი მსოფლიო მას მავნე და არაპრაქტიკულ ნივთიერებად თვლის.
აბრეშუმის ღებვისას ერთერთი სირთულე ფერის სიმდგრადეა. ცნობილია, რომ სხვადასხვა საღებავი სხვადასხვანაირი გამძლეობით გამოირჩევა და ამიტომ მათი უმრავლესობისთვის საჭიროა ფერმჭერის დამატება. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა სახის ფერმჭერი: ღვინის ქვა (Lat. Potassium bitartrate (cream of tartar) +Potassium tartrate); შაბიამანი (Lat. Cupric sulfate, Chalcocyanite); შაბი (Lat. potassium Alum) და რკინის აჯასპი (Lat. Ferrous sulfate). აგრეთვე, ზემოთ ნახსენები მუხის კაკლები და კაშუ.
P.S. ისიამოვნეთ ჩვენი ქვიზით აბრეშუმის მუზეუმის საღებავების კოლექციის შესახებ.
ავტორი: სალომე ფაჩუაშვილი