უექსპონატო: თუთის ხეებზე მედიტაცია

უექსპონატო: თუთის ხეებზე მედიტაცია

„აბრეშუმის პარკის“ შიგნით, ირგვლივ აბრეშუმის შრეა, რომელშიც პეპლებისა და დიდი პარკების გამოსახულებები გამოჭვივის. სახურავზე მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული საარქივო სურათებია – თუთის ხე და ფოთლები, აბრეშუმის ჭიები, პარკები, ჭუპრი, პეპლები.

თუთის ხეებით მოხიბლული, მათ ყოველთვის მეაბრეშუმეობის საწყის წერტილად მოვიაზრებ. სხვა თუ არაფერი, მისი ფოთლები აბრეშუმის ჭიის ძირითადი საკვებია. მგონია, რომ გარკვეულწილად, ქეროლენ პეტერსონისთვისაც საწყისი წერტილი თუთის ხე იყო, საიდანაც შექმნა ინსტალაცია „აბრეშუმის პარკის ოთახი“, სადაც ახლა მედიტაციას ვცდილობ. 

გვერდები ქეროლენ პეტერსონის სამუშაო რვეულიდან.

თავდაპირველად, ეს ინსტალაცია ჩაფიქრებული იყო ხის ირგვლივ, გარე სივრცეში, როგორც მოსაშუშებელი წრე, სამედიტაციო ოთახი. ამჟამად ის დაცარიელებულ ვიტრინებსა და კედლებს, შეფუთულ ექსპონატთა ყუთებსა და რიგებს შორის დგას, რამდენადაც აბრეშუმის მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით, პროექტი „უექსპონატო“ მუზეუმის სპეციფიკასა და მის გარდამავალ ფაზას ეხმიანება. ახლა, როდესაც მთავარი დარბაზის ექსპონატები შეფუთულია, „აბრეშუმის პარკის ოთახი“ საშუალებას გვაძლევს, რომ ცოტათი განვცალკევდეთ გარე ხმაურისა და რუტინისაგან და დავფიქრდეთ, ან უბრალოდ, შევისვენოთ.[1]„აბრეშუმის პარკის ოთახი“ მუზეუმში განთავსებული იქნება 2021 წლის ოქტომბრის … Continue reading      

ინსტალაციის გახნილი მხრიდან აღმაშენებლის გამზირის პატარა ნაწილსა და მასზე მიმავალ მანქანებს ვამჩნევ, თუმცა, ძირითადად ხეებს ვხედავ – კვიპაროსების კედელი, რომელიც მუზეუმს იცავს, მათში არის რაღაც ჯადოსნური, ყველა ხეს აქვს რაღაც ჯადოსნური; ოდნავ მოშორებით ჭადრებია, ოქტომბრის მზეზე ისევ მწვანეა, ჩემთვის ეს ხეები ყოველთვის თბილისთან იქნება დაკავშირებული; ასევე, თუთის ხეებს ყოველთვის გავაიგივებ ამ ქალაქთან და განსაკუთრებით, დიდუბესთან, სადაც გავიზარდე და რომელსაც თუთის ჭამის ბავშვობის ძვირფასი მოგონება უკავშირდება, იმ პერიოდიდან, რომელიც ქვეყნაში საკმაოდ მძიმე იყო. ამ უბნის ტერიტორიაზე ადრე კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურიც დაარსდა, რომელსაც 25 შენობა და ირგლივ თუთის სანერგეები ჰქონდა, მათ შორის, მეზობლად არსებულ მუშტაიდის ბაღშიც. თუმცა, დღეს შემორჩენილია აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც წარსულის ამ ნაწილის შესახებ ობიექტებს, ფოტოსურათებსა და ცოდნას ინახავს. ასევე, ქუჩის მეორე მხარეს სადგურის კიდევ ერთი ყოფილი შენობა და ირგვლივ თუთის მრავალი ხეა შემორჩენილი, ამას კი ცალკე აღმოჩენა სჭირდება.[2]იხილეთ: Dirker, O., and van der Kooy, K. (2019). Mulberry Tree Route in the Didube District of Tbilisi. In D. Chigholashvili, N. Palavandishvili, and M. Splint (eds.). Tbilisi – … Continue reading

დღეს ისიც კი რთულია, რომ მუზეუმთან ახლოს ისეთი თუთის ხე ნახო, რომლის ირგვლივაც „აბრეშუმის პარკის ოთახს“ დროებით განათავსებ – ზოგი მათგანი ღობეებთან ან გზასთან ახლოსაა; ან თუ გადაწყვეტ, რომ ნამუშევარი მუზეუმთან ისტორიულად დაკავშირებულ ბაღში დადგა, ყველაფერი ბაღის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენადაც მათ ამ საჯარო სივრცეზე დროებითი მმართველობა აქვთ და ამჟამად, ამას მხოლოდ კომერციულად უყურებენ.

მაგრამ ახლა მინდა, რომ ასეთი პრობლემები დავივიწყო, მხოლოდ რამდენიმე წუთით და აქ, დროებით ცარიელ მუზეუმში არსებულ აბრეშუმის პარკში დავრჩე. უბრალოდ მინდა, რომ აქ არსებულ გამოსახულებებს ვუყურო, განსაკუთრებით, თუთის ტოტის სურათს. ეს შავ-თეთრი ფოტოსურათებია, რომლებიც მუზეუმის კოლექციაში არსებული შუშის ნეგატივების ციფრული ვერსიებიდანაა დაბეჭდილი. როდესაც თუთის გამოსახულებას ვუყურებ, მრავალფეროვნება მახსენდება. მუზეუმში ხშირად გაიგონებთ, რომ კავკასიურ თუთას ერთ ხეზე, ან თუნდაც ერთ ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი შეიძლება ჰქონდეს.   

მრავალფეროვანი. ქართულ ენაში ეს „მრავალი ფერით“ შედგენილი სიტყვა მახსენდება. შემდეგ მახსენდება ქალაქი, რომელსაც ვუყურებ – თუ როგორი მრავალფეროვანია ის და ამავდროულად, პარადოქსულად, მასში როგორ ხდება მრავალფეროვნების მიუღებლობა, დაჩაგვრა, დისკრიმინაცია… ამ ზაფხულს ეს ძალიან ცხადად და ცუდად გამოჩნდა, კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრი იარაა მოსაშუშებელი. მინდა, რომ მუზეუმში მშვიდ ადგილს დავუბრუნდე. მინდა, რომ ტრავმული მოგონებებისგან გავთავისუფლდე. მრავალი ფერი. 

მუზეუმის საღებავების კოლექცია და მასში შემავალი ფერები მახსენდება. ახლა ისინი შეფუთულია, ვიტრინები ცარიელი დგას და ჩემთვის ვფიქრობ – რეაბილიტაციის შემდეგ როგორი იქნება ეს სივრცე და რა იდგება, ან რა იქნება ნაჩვენები დარბაზის ცენტრში, სადაც ახლა ვზივარ? ყველა ფერი თუ იქნება წარმოდგენილი და დაფასებული? მრავალფეროვნება. 

მუზეუმის თუთის ოთახში სხვადასხვა ფორმის თუთის ფოთლებით სავსე ჩარჩო მახსენდება. ის ოთახი ჰერბარიუმით იყო სავსე, რაც ახლა შეფუთულია. ამჟამად, იქ ჩარჩოების კვალი შეიძლება შეამჩნიოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ოთახში, ერთ-ერთ კედელზე არსებული ჩარჩოების ნაკვალევის შთაგონებით შეიქმნა „უექსპონატო“ და მისი პირველი გამოფენა „ფოთლისმჭამელები“, რომელიც იქვე გაიმართა. ახლა იქ სხვა ფოთლებია, რომლებზეც მუზეუმის ფოტო კოლექციაში არსებული ადამიანთა პორტრეტებია გამოსახული, მათ შორის ის ფოთლებიც, რომლებიც მუზეუმის რეზიდენციაში ქეროლენ პეტერსონის სამუშაო პროცესის საცდელი მასალა იყო.

გამომშრალ ფოთლებზე ლაზერით გრავირება ისეთივე მსხვრევადია, როგორც წარსულის პორტრეტები და მოგონებები ადამიანთა შესახებ. მუზეუმის ფოტო კოლექციაში ზოგიერთი პორტრეტის იდენტიფიცირება შედარებით ადვილია. ის უსახო სხეულები მახსენდება, რომლებიც ნინო ელიაშვილმა „ფოთლისმჭამებელის“ გამოფენისთვის შექმნა – სხვადასხვა ობიექტისა და ფორმის აკვარელის შრეებით გაერთიანებულნი, ისინი ქვიარ საკითხებსაც უკავშირდება. ეს ამ ზაფხულს იყო, იმავე პერიოდში, როდესაც საშინელი თავდასხმები მოხდა – ყველა, ვინც ცოტა განსხვავებულად გამოიყურებოდა, სამიზნე გახდა, კიდევ ერთხელ. როგორ აჩვენებენ მუზეუმები მრავალფეროვნებას? როგორ ვიზეიმებთ მას გარეთ, გადატვირთულობასა და ხმაურში?

ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით მედიტაციის მერე, ამ ტექსტს გარეთ დავწერდი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ინსტალაციის შიგნით დავრჩენილიყავი, კიდევ მხოლოდ ცოტა ხნით, რათა ბაღის და კარუსელების ბავშვობის მოგონებებზე მეფიქრა, რომლებიც აქეთ-იქით მოხტუნავე აზრებსა და დარდებს შორის ჩნდებოდა; ასევე – დამეწერა ჩემი აზრები, ცნობიერების ნაკადივით და შემდეგ გავსულიყავი ჩემი დროებითი პარკიდან, შევერთებოდი ქალაქს, მის ხმაურსა და რუტინას, სადაც იმედი მაქვს, მომავალში ეს ინსტალაციაც აღმოჩნდება, და ისევ მჯერა, რომ შევძლებთ აღმოვაჩინოთ ტრავმების მოშუშების გზები.   

P.S. რეზიდენციის დროს, ქეროლენ პეტერსონი პერიოდულად მცენარეებით აფორმებდა მუზეუმის ბაღს, რომელიც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისადაა შეცვლილი.

ტექსტის ავტორი: დათა ჭიღოლაშვილი


„აბრეშუმის პარკის ოთახი“ არის ქეროლენ პეტერსონის ინსტალაცია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში შექმნა და მუზეუმს გადასცა. ინსტალაციის ტექნიკური უზრუნველყოფა: ფაქტორი.   

„უექსპონატო“ არის ღონისძიებათა სერია, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პერიოდს, გარდამავალ ეტაპს, განახლების პროცესში არსებულ სივრცეებსა და ექსპოზიციის საკითხებს ეხმიანება. პროექტის იდეის ავტორი და კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ქეროლენ პეტერსონის რეზიდენცია განხორციელდა Art Prospect-ის ქსელის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში. მხარდამჭერები: CEC ArtsLink, the Trust for Mutual Understanding, the Kettering Family Foundation.

Footnotes

Footnotes
1 „აბრეშუმის პარკის ოთახი“ მუზეუმში განთავსებული იქნება 2021 წლის ოქტომბრის ბოლომდე. თუ გსურთ, დაჯავშნოთ ვიზიტი და ინსტალაციაში მედიტაცია ცადოთ, წინასწარ დაუკავშირდით მუზეუმს მისამართზე silkmuseum.tbilisi@gmail.com
2 იხილეთ: Dirker, O., and van der Kooy, K. (2019). Mulberry Tree Route in the Didube District of Tbilisi. In D. Chigholashvili, N. Palavandishvili, and M. Splint (eds.). Tbilisi – It’s Complicated (pp. 89-98). Eindhoven: Onomatopee.