რას გვიყვება ქსოვილი?

რას გვიყვება ქსოვილი?

რას გვიყვება ქსოვილი? ამ მარტივი შეკითხვით შეგვიძლია ვისაუბროთ ეპოქებზე, სხვადასხვა კულტურაზე, პირად მოგონებებსა და საზოგადოების ფორმირებაზე. ქსოვილს, ბუნებრივია, განსაკუთრებული ადგილი უკავია აბრეშუმის მუზეუმის კოლექციაში. მუზეუმში დაცული კონკრეტული ობიექტების განხილვითა და თანამედროვე ხელოვნებიდან პარალელების მოხმობით, ტექსტილით თხრობის განსხვავებულ პრაქტიკებს წარმოვადგენ. „ქსოვილის ამბები“ ერთგვარი დროის კალეიდოსკოპიც არის, სადაც პირადი მიმართება კოლექტიური მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილად წარმოგვიდგება. 

აბრეშუმის მუზეუმის ისტორია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დაარსებიდან იწყება. სადგურის დამაარსებლის, ნიკოლაი შავროვისა და პირველი თანამშრომლების ექსპედიციებიდან შემორჩენილი მასალა დღეს გვაცნობს კავკასიაში ქსოვილის წარმოების ტრადიციებს. ამ ექსპედიციებიდან სადგურის თანამშრომლებმა მუზეუმის კოლექციისათვის ჩამოიტანეს შინამრეწველობის ქსოვილის სხვადასხვა ნაწარმი. მათ შორის გამორჩეულია XIX საუკუნის ბოლოს მოქსოვილი კავკასიური ჯეჯიმი. ჯეჯიმი ხალიჩური ნაწარმის ერთ-ერთი სახეობაა და მას ქსოვდნენ ძირითადად აღმოსავლეთ დაღესტანში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჯეჯიმი აბრეშუმისა (ქსელი) და შალის ძაფებით (მისაქსელი) მიღებული კომბინირებული ნაქსოვია, რომელსაც ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. ჯეჯიმის მხატვრულ გაფორმებაში გვხდება, როგორც სადა ზოლიანი მოტივები, ასევე, გეომეტრიული და სტილიზებული ფორმები. საინტერესოა, რომ ჯეჯიმის ამგვარი გაფორმება ფოლკლორულ კოლექტიურ ხედვას ეფუძნება და ორნამენტის უნივერსალურ ხასიათს წარმოგვიდგენს. 

კავკასიური ჯეჯიმი. აბრეშუმის მუზეუმის შინამრეწველობის ქსოვილების კოლექცია.
XIX საუკუნის ბოლო.

ორნამენტის მიღება ქსოვილზე სხვადასხვა ტრადიციული ტექნიკით ხდება. საგულისხმოა, რომ ხშირად ქსოვილის დამუშავების ტრადიციული მეთოდი, ეთნოგრაფიულ ყოფაში ბუნებრივად განვითარებული ორნამენტი თანამედროვეობაში შინაარსისგან დაცლილ დიზაინის სახით გადმოდის. სწორედ, ლურჯი სუფრის ბეჭდვის ტრადიციული ტექნიკის გადააზრებასა და ტექსტილით თხრობის კონცეპტუალურ მიდგომას გვთავაზობს ხელოვან თამარ ჭაბაშვილის ნამუშევარი „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“, რომელიც მან 2016 წლის გამოფენაზე აბრეშუმის მუზეუმში წარმოადგინა. ხელოვანი მოსაჩით ნიმუშებს თანამედროვე სოციუმიდან, ინტერნეტ სივრცეში მოძიებული გამოსახულებების მიხედვით ქმნის. ნამუშევარში არა ლურჯი სუფრის ტრადიციული ორნამენტი, არამედ ინდივიდუალური ისტორიები ექცევა ფოკუსში. „მოსაჩითი ნიმუშების წიგნის“ სოციალური პერსპექტივა ყოველდღიურობას ეფუძნება და გამოსახავს ჩვენ ირგვლივ არსებულ ქალებს, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, სოციალურ პრობლემატიკას. ხელოვანი სწორედ მათზე ფოკუსირებით ქმნის ქსოვილის ტაქტილურ წიგნს, რომელშიც დათვალიერების ინტიმური სიახლოვე იმ უხილავ შრეებზე გვაფიქრებს, რაც კოლექტიური თანაარსებობის განუყოფელი ნაწილია. 

ფეიქარი ქალის საოჯახო ბიზნესის ისტორიასა და იძულებითი მიგრაციის საკითხზე „გვიამბობს“ მუზეუმში დაცული XIX საუკუნის მაქმანის კოლექცია. ამ შემთხვევაში მაქმანი, როგორც არტეფაქტი, თავის მაღალესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, ისტორიულ მეხსიერებასა და პირად მტკივნეულ გამოცდილებაზე გვაფიქრებს. მიუნხენში წარმოებული მანუფაქტურის ნიმუშები ებრაელი ფეიქრის, როზა კლაუბერის, საწარმოში ლივერსის დაზგაზეა შესრულებული. როზა კლაუბერის ოჯახი ნაცისტური რეჟიმის დევნის გამო ოჯახთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში ამერიკაში წასულიყო. ემიგრაციაში კლაუბერებმა მაქმანის წარმოება თავიდან დააფუძნეს და დღესაც მათი შთამომავლები როზა კლაუბერის წამოწყებულ საქმიანობას ავითარებენ.

აბრეშუმის მაქმანები. როზა კლაუბერის მანუფაქტურა. მიუნხენი, გერმანია.
XIX საუკუნის ბოლო. ფოტო: ნინო წითურიშვილი

ქალთა შრომითი მიგრაციის თემაზე „საუბრობს“ ტექსტილის ხელოვანის, ნინო ზირაქაშვილის, ნამუშევარი „გრძელი დაუსრულებელი გზა“. ხელოვანი იკვლევდა  საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტი ქალების პირად ისტორიებს. მათთან უშუალო დიალოგით ხელოვანი თავის ემპათიას დეტალიზებული, სენსუალური ფორმით ნამუშევრის ვიზუალში გარდაქმნის. ქვილთის ტექნიკით მუშაობისას ნინო ზირაქაშვილი პირადი ისტორიების ფონზე აკვირდებოდა ემიგრანტი ქალების სამოსს და ვიზუალურ თხრობაში ფაქიზად განავითარა ორნამენტული მოტივები, რომლებიც შთაგონებულია ინდუსტრიული ქსოვილის დიზაინით (ხელოვანი მუშაობისას მუზეუმში დაცულ საბჭოთა პერიოდის ქსოვილებს იკვლევდა). ნინო ზირაქაშვილი ნამუშევრით ერთგვარ განგრძობად ოდას უძღვნის იმ ქალებს, რომლებიც ურთულეს სამუშაოს ასრულებენ, იღებენ პასუხისმგებლობას ოჯახის რჩენაზე და ხშირად უწევთ საკუთარი პირადი სურვილების უარყოფა.

ნინო ზირაქაშვილი. გრძელი, დაუსრულებელი გზა. ნამუშევრის დეტალი, 2020. ფოტო: კატარინა ჰუდაჩინოვა.

ქსოვილით პირადი ისტორიის კოლექტიურად განზოგადების პირდაპირ და მძაფრ ვიზუალიზაციას გვთავაზობს თომა სუხაშვილისა და მაია სუხაშვილის ერთობლივი ნამუშევარი „მკერავი“. ინსტალაცია ამჟამად ტამპერეს მშრომელთა მუზეუმშია გამოფენილი და საქართველოს 90-იანი წლების ქაოტურ, მძიმე რეალობაზე ერთი ქალის ისტორიით გვიყვება. ის ოჯახის ისტორიას და დედამისის ხელნაკეთ ნივთებს დროითი დისტანციიდან ახალი კონტექსტით წარმოადგენს. ნამუშევარი პირადი ამბით გვიჩვენებს, როგორ ტრანსფორმირდება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლო – დროშა ფუნქციურ კაბად და შემდგომ ჩანთად, რომლითაც მკერავს (მაია სუხაშვილს) ოჯახის სარჩენად პროდუქტი ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. ქსოვილი ამ შემთხვევაში არა უშუალოდ სახელოვნებო ობიექტია, არამედ რეალური არტეფაქტია, რომლის ინსტალაციად წარმოდგენის კონტექსტი კრიტიკულად გვაფიქრებს 90-იანი წლების საქართველოში ცხოვრების სირთულეებზე. 

თომა სუხაშვილი, მაია სუხაშვილი. მკერავი. ინსტალაციის ხედი. 2021.
ფოტო: სუსანა მილი

ქსოვილის ამბებით, როგორც კოლექტიური მეხსიერების ქსელით, შეგვიძლია განვიხილოთ პირადი ისტორიები, რომლებიც სოციო-პოლიტიკურ კონტექსტებში თანაარსებობს. ამ შრეებს სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს აბრეშუმის მუზეუმის ონლაინ ვორქშოფი „რას გვიყვება ქსოვილი?“

ავტორი: მარიამ შერგელაშვილი

ტექსტი არის ონლაინ პროგრამის „რას გვიყვება ქსოვილი?“ ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენების ადაპტირებული ვერსია. პროგრამას ახორციელებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.