ქსოვილი გვიყვება…

ქსოვილი გვიყვება…

რას ამბობს ქსოვილი… მეხსიერების ფრაგმენტები 

დაბადება_ რაც ერთ დღეს კანზე და სხეულზე შემეხო – ქსოვილია, პირველი შეხება მასთან ჩემს მეხსიერებაში არ არსებობს, თუმცა, შემიძლია წარმოვიდგინო ბამბის ქსოვილი, რომელშიც გამახვიეს, თბილი, თხელი ფანელი, წვრილი ცისფერი რომბებით… (მომწონს) 

ზღვა_ მაცვია ბატისტის საცურაო კოსტუმი პანტალონი, სალათისფერი, ხშირი ყვავილებით მოჩითული. მახსენდება როგორ მეკვროდა კანზე წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ოდნავ მძიმდებოდა და ადვილად არ შრებოდა… (ღრუბლიანი დღე იყო ზღვაზე)

სოფელი_ ტილოს ხაკისფერი კაბა, რკინის ღილებით და თეთრი ბადისებრი ჯიბეებით. კაბა ხშირად მეცვა, თვალები ხაკისფერი მიხდებოდა, დანახვისთანავე ვუყვარდებოდი ადამიანებს… (დავიღალე)

სანატორიუმი_ ჩავიცვი თეთრი თხელი პირსახოცის ორეული ბოლოკაბა და ზედა, ცისფერი სამკუთხედით გულთან, ხელში მიჭირავს ჩოგნები. უნდა ვითამაშო, სუნთქავს ქსოვილი, მეც… (ჟანგბადი)

გამოფენა_ 8 მარტი. კრეპდეშინის კარამელისფერი ვინტაჟური კაბა მაცვია, უცხო ადამიანები მოდიან, მილოცავენ, მეცნობიან, მაჯასთან მიჭერს ქსოვილი, თითქოს, მარტო მანჟეტი მაცვია… (გამოვიქეცი)

მყინვარი_ ორნი მივდივართ, გვაქვს ერთი წყვილი სინთეტიკური წყალგაუმტარი ხელთათმანი, თითო თითოს. სხვაობა არ არის თითქოს. შიშველ ხელს და ხელთათმანიანს შორის… (მიზანი)

სიზმარი_ აბრეშუმის თეთრ თეთრეულში მუდმივად ახალგაზრდა ვარ, მჭირდება ენერგიების გაცვლა სამყაროსთან, შეხება, მოდუნება… (გასვლა)

ქეთი სიამაშვილი 

ხელოვანი