გადასახლებაში შექმნილი ნაქარგები

გადასახლებაში შექმნილი ნაქარგები

იასამნის ამ ნაქარგობას რომ შეხედავ, გაზაფხულის სურნელს იგრძნობ. თითქოს, გვამცნობს წლის ყველაზე ფერადი დღეების მოსვლას. ვათვალიერებ ალბომს, სხვადასხვა ნამუშევრით, რომლებიც თავიანთი სიფაქიზით მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ალბომი დღეს აბრეშუმის მუზეუმშია, ბიბლიოთეკის იმ ნაწილში, სადაც შესვლა ყველას არ შეუძლია. ოთახის ბოლოს კარია, რომლის მიღმაც თაროებს საცავის წიგნები ავსებს. ამ ადგილას, დღის რა მონაკვეთშიც არ უნდა შეიხედო, აუცილებლად დაინახავ საქმეში გართულ დადას, რომელიც წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უვლის და უფრთხილდება აბრეშუმის მუზეუმის უძველესი და უძვირფასესი წიგნების კოლექციის თითოეულ ეგზემპლიარს.

ალბომი, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენე, ჩვეულებრივი წიგნებისგან სრულიად განსხვავდება. აქ სიტყვების ნაცვლად ქსოვილებს ნახავთ, რომლებიც ერთ ისტორიას უკავშირდება და იმ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობი იყოს, თუმცა, ამგვარი ფორმით იშვიათად თუ შევხვედრივართ. სწორედ ეს ქსოვილები, ყაისნაღით ნაქსოვი მაქმანები, კაბის სამაგრები, დეკორატიული ჯიბეები და ნაზი ნაქარგები გახდა წარსულის მემატიანე, რომლის თანაზიარიც დადას მოყოლილი ისტორიით გავხდი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებს.

ამ ქსოვილების ავტორი, დადას ბებია ნინა ქურდოვანიძეა, სარკინიგზო ინჟინერისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ვასილ დემეტრაშვილის მეუღლე. ცოლ-ქმარს ცხოვრება საბჭოთა მმართველობის იმ რთულ დროს მოუხდა, როცა „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის“ უამრავი ადამიანი გადაასახლეს, ბევრს კი სიკვდილი მიუსაჯეს. საბჭოთა რეპრესიების მძიმე ტალღას ვერც მათი ხუთშვილიანი ოჯახი გადაურჩა. 1937 წელს, „სამშობლოს მოღალატის“ ბრალდებით ვასილს გადასახლება მიუსაჯეს, რვა თვის შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, საბჭოთა რეჟიმმა არც „სამშობლოს მტრის მეუღლე“ დაინდო და ციმბირში გადაასახლა.

გადმოცემის თანახმად, 51 წლის ნინას თავდაპირველად ძალიან მძიმე პირობებში მოუხდა ცხოვრების გაგრძელება და ახალ რეალობასთან შეგუება. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მორდოვეთში, პოტმას ბანაკში აღმოჩნდა, სადაც საშუალება მიეცა სხვა გადასახლებულ ქალბატონებთან ერთად ხელსაქმით დაკავებულიყო. ქარგვა, კერვა და ქსოვა, მისი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ურთულესი ექვსი წლის განმავლობაში, მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით ნინა ქურდოვანიძემ შექმნა ის ნამუშევრები, რომლებიც დღეს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მაკავშირებელი ძაფებია არც ისე შორეულ წარსულთან. ალბომი მისი შემოქმედების ერთგვარი გამოფენაა, სადაც ფლორისტულ მოტივებზე მოქარგულ სხვადასხვა ორნამენტს ნახავთ. ძალიან საინტერესო და უჩვეულოა სარკესთან მისამაგრებელი, შავი ფერის ქსოვილზე წითელი და ყვითელი ყვავილებით მოქარგული ჯიბე, რომელიც სავარცხლისა და ტანისამოსის საწმენდი ჯაგრისის ჩასადებად გამოიყენებოდა. ასევე – ხელნაკეთი სამკუთხა საყელო და რომბის ფორმის ღილები, რომელთა ფონი თეთრი და ცისფერი ძაფებითაა ამოქარგული. საყელოს შავი კანტი დაჰყვება, რომელსაც იმავე ფერის ელვისებრი ფორმა ყოფს. შესაძლოა, სამოსის ეს სწორკუთხა დეტალები კონკრეტული ადამიანისთვისაც კი იყო განკუთვნილი.

1944  წელს ნინა ქურდოვანიძე საქართველოში დააბრუნეს, რის შემდეგაც ის კვლავ განაგრძობდა ქარგვას, კერვას და ხელსაქმეს უკვე სხვებსაც ასწავლიდა. ის 1982 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი მისმა შთამომავლებმა დღემდე სათუთად შემოინახეს. ნაქარგები, რომლებიც ერთი შეხედვით, თავისუფლების, ესთეტურობის, დადებითი ემოციების განცდას ბადებს, დახვეწილი კონტურებითა და ფორმებით სიცოცხლით სავსე ნამუშევრებს ქმნის.

დასაფიქრებელია, როგორ შეძლო მან ასეთი ნატიფი ნაქარგების შექმნა მისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდში. იქნებ, ეს საქმიანობა აძლევდა შესაძლებლობას გამოეხატა საკუთარი თავი და არ დაევიწყებინა სილამაზის აღქმის უნარი გადასახლების პერიოდის უფერულ დღეებში. განსაკუთრებულია შავ ქსოვილზე ფერადი ძაფებით ამოქარგული ყვავილები, რაც მკაფიო კონტრასტს ქმნის და ამ კონტექსტში, თითქოს, იმ პერიოდის სირთულეს და ადამიანის შინაგანი თვითგამოხატვის ძლიერ სურვილს ასახავს.

რაც შეეხება ნინა ქურდოვანიძის მეუღლეს, მისი ადგილსამყოფელი რეაბილიტაციის პერიოდამდე ბურუსით იყო მოცული. 1956 წლის შემდეგ, როცა დაფარული ინფორმაცია გაცხადდა, გაიგეს ისიც, რომ ვასილ დემეტრაშვილისთვის არა გადასახლება, არამედ, სასჯელის უმკაცრესი ზომა – დახვრეტა მიუსჯიათ, რაც დაკავებიდან ათ დღეში აღასრულეს.

საბჭოთა რეპრესიებს უამრავი ადამიანი და ოჯახი ემსხვერპლა. ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ნაწილია, რომლის ცოდნა და შემდეგი თაობებისთვის გადაცემა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ შემთხვევაში, ამ პროცესის თანამონაწილე წლების წინ შექმნილი ნამუშევრებია. ისინი კი მნიშვნელობას იმ ადამიანების დახმარებით ინარჩუნებენ, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დაუღალავად გვესაუბრონ ამ ამბების შესახებ.

ავტორი: მარიამ ჩაჩანიძე

ნინა ქურდოვანიძის ნამუშევრები შეგიძლიათ დამატებით იხილოთ მოცემულ ციფრულ ალბომში: