სტეპის გზა კორეიდან საქართველომდე – ჰერიუნ კიმის გამოფენა

სტეპის გზა კორეიდან საქართველომდე – ჰერიუნ კიმის გამოფენა

ხელოვან ჰერიუნ კიმის გამოფენა “სტეპის გზა: კორეიდან საქართველომდე”  აბრეშუმის მუზეუმის სივრცეებში წარმოადგენს დროის და შემეცნების მაკავშირებელ დინამიურ ქსელს. ხელოვანის კვლევა პრეისტორიული სამყაროსა და ადრეული ცივილიზაციების შესახებ შემოქმედებითი მიდგომით განივრცო სხვადასხვა მედიუმში და მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ადგილზე მორგებულ ინსტალაციად გარდაიქმნა.

“სტეპის გზა” ისტორიულად აბრეშუმის გზაზე უფრო ძველი სავაჭრო მარშრუტი ძვ.წ. 2000 წლიდან, ბრინჯაოს ხანიდან ფუნქციონირებდა. მომთაბარე ტომებში გაცვლის, კავშირების, კომუნიკაციის ქსელი გადაჭიმული იყო ევრაზიის სტეპების ზონაში. ეს უძველესი ტრანსკონტინენტური, ადრეულ ცივილიზაციათა მაკავშირებელი მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კულტურებზეც დიდ გავლენას ახდენდა, (მაგ. თრიალეთის კულტურა). საქართველოს ტერიტორია იყო ერთ-ერთი იმ ბუნებრივი ხიდთაგანი, რომელიც ჩრდილოეთის მომთაბარე სტეპურ სამყაროსა და სამხრეთის განვითარებულ ცივილიზაციებს შორის მდებარეობდა. ნიშანდობლივია ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ინდოევროპული ენების გავრცელების ერთ-ერთი მარშრუტი სწორედ სტეპის გზას მისდევდა. ამ თეორიის მიხედვით, კავკასიის რეგიონი იყო ენობრივი დიფუზიის ზონა, სადაც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ პროტო-ინდოევროპული, კავკასიური და სემიტური ენები.

არქეოლოგი და ევრაზიული სივრცის მკვლევარი ფილიპ კოლი კავკასიას მოიხსენიებს, როგორც ევრაზიული სტეპისა და მესოპოტამიური – ახლო აღმოსავლური კულტურების მაკავშირებელ დერეფანს.

როგორი ფორმით შეიძლება განვითარდეს  ისტორიული ცნობები და თეორიები, როდესაც ამ საკითხებით ხელოვანი ინტერესდება? ჰერიუნ კიმის, ორ სხვადასხვა კულტურულ ველში – სამხ. კორეასა და გერმანიაში მოღვაწე ხელოვანის, გამოფენა ამ კითხვაზე მრავალშრიანი პასუხია. ხელოვანის სამნაწილიანი ინსტალაცია შთაგონებულია უძველესი დამწერლობების ფორმებით. არა იმდენად ქრონოლოგიური, რამდენადაც ვიზუალური მოგზაურობა შუმერულ (უძველეს), რუნებისა (ძველგერმანულ) და ქართულ დამწერლობებში არა ისტორიულ, არამედ კულტურულ-არქეტიპულ მხატვრულ ინტერპრეტაციას ეფუძნება. გეოგრაფიულად დაშორებული კულტურების დიფუზია და სემიოტიკურ-ლინგვისტური განსხვავებები ინსტალაციიაში სივრციდან სივრცეში ემოციურ მოგზაურობად შეგვიძლია აღვიქვათ.  თითოეული პიქტოგრამა თუ ასო-ბგერის ალფაბეტური მოხაზულობა ცალკეული მინიშნებაა – სამყაროს საერთო სიბრძნის შეცნობისკენ მოწოდება, რომელიც ერთიან მხატვრულ უნივერსალიზმს აყალიბებს.

დამწერლობა, კაცობრიობის უმთავრესი გამოგონება, აზროვნების უმაღლესი გამოხატულება – კიმის ინსტალაციით თვითრეფლექსიისა და გარემომცველ სამყაროსთან სიახლოვის, გაანალიზების ფუნდამენტურ მდგომარეობასთან გვაახლოვებს. ანალიზის ამგვარი მდგომარეობა ხომ ირეკლება ადამიანის საუკუნოვან მისწრაფებაში –  საზღვრების გადალახვის, კომუნიკაციის, შემეცნების  მოთხოვნილებაში? ესაა მისწრაფება, რომელიც ხელოვნების,  ქმნადობის  კავშირს კაცობრიობის სულიერ განზომილებას განაპირობებს. ჰერიუნ კიმის დამწერლობებით ინსპირირებული ინსტალაცია დროის მიღმა წარმოდგენილი ტრამალია, სადაც ახალი ფორმები და ჰორიზონტები იხსნება.




ფხვიერი მიწა დაქანებით – რძემოქაფული სიშავიდან იხმობს არარას:
ნაცნობ ზედაპირს, უცხო მხარეს,
შიშგადაძლეულ დეკადანსებს, ლილისფერ ჭაობს – 
ადგილის დედა შემოახვევს რკალისებრ ენას…
უცხო ტრამალებს გადაკვეთავს დროის მისანი,
მოქუფრულ კენტავრს ენის წვერზე მომდგარი სიტყვით, 
უწონადობის მირაჟები აიტაცებენ…
შეიცვლის აზრი დინებას და ღამის მწუხრს შთანთქავს…
ფერფლად ქცეული შლამებიდან სინათლის სხივი
ათასმეერთედ დააბრუნებს დროს ჰორიზონტზე.
 
ჰერიუნ კიმის ნამუშევრის პოეტური ალუზია. მარიამ შერგელაშვილი 20.07.2025

აღნიშნულ ინსტალაციასთან ერთად გამოფენა ხელოვანის მეორე გრძელვადიან სერიას “Mother Mobile” წარადგენს, სადაც უკვე ტრადიციული კორეული კოსტიუმი (Hanbok) უნივერსალურ ფორმად გარდაიქმნება. ქსოვილის ობიექტებით ხელოვანი მარად მოძრავ სიცოცხლეს, ქალის ღრმა კვალს, მის ფემინურ როლს განსაზღვრავს. ჰერიუნის ტექსტილის ნამუშევრებში სამგანზომილებიანი სკულპტურულობა სამოსის ძირითად დანიშნულებას (დაფაროს სხეული) უგულვებელყოფს. ობიექტები  ქსოვილს მეტაფორული მნიშვნელობით ახალ, თვითმყოფად და მოძრავ დინამიკას აყალიბებს. მოძრაობის და მონუმენტალობის ამგვარი თანაკვეთა ობიექტის სულიერ განზომილებას წარმოაჩენს. 

გამოფენა, უნივერსალური კოდირებული ფორმირებითა და ჰერიუნ კიმის კონცეპტუალური ხედვით, სამყაროს უნივერსალურ მისტერიაზე გვაფიქრებს. ხელოვანი კი სტეპების გადაშლილი ველიდან  (კორეიდან საქართველომდე) ათასწლოვან მივიწყებულ შეგრძნებებს თავიდან გამოიხმობს.

ტექსტის ავტორი: მარიამ შერგელაშვილი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი