ამბობენ, პირველი, რაც ადამიანის შესახებ გავიწყდება, არის ხმა. დრო გადის და ნელ-ნელა მის გამოსახულებასაც ივიწყებ. დავიწყების პროცესს ფოტო და ვიდეო მასალა ანელებს. ყველაზე მძაფრ მოგონებებს მისი ნივთები აღვიძებს: ის მასალები და ნაჭრები, რომლებთანაც ყოველდღიური შეხება ჰქონდა.
ტრაპეციის ფორმის მომდგარი, ბოლოში ოდნავ გაშლილი, მოყვითალო ტილოს ნაჭრის კაბა ეკუთვნოდა ჩემს ბებოს. მან ის 1960-იან წლებში შეკერა განსაკუთრებული დღისთვის, თავისი ნათესავის ქორწილისთვის, სადაც ის მეჯვარე იყო. ბებოს თაობაში ბევრ ქალს შეეძლო ჭრა-კერვა და ქსოვა. ითვლებოდა, რომ ქალი ამ ხელობას აუცილებლად უნდა დაუფლებოდა- ასეთი დაუწერელი კანონი არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სპეციალური ატელიეები, ხელსაქმე უფრო მეტად იყო დაფასებული. მაღაზიებში ტანსაცმლის დეფიციტი იყო, თუმცა, თუ იპოვიდით, ეს იქნებოდა მასობრივი წარმოების პროდუქტი. ადამიანებს კი რაღაც ინდივიდუალური, გამორჩეული სურდათ. სწორედ ამიტომაც, საკუთარი გემოვნებით კერვას ამჯობინებდნენ. რაც შეეხება თავად ნაჭერს, ტილო ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდში, ასევე – ეკოლოგიურად სუფთა, ამიტომაც ზაფხულის ცხელ საღამოს ეს ნაჭერი სხეულს სუნთქვის საშუალებას აძლევდა. თანამედროვეობაში, უმეტესად სინთეტიკური ნაჭრებია გავრცელებული. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ნატურალური ნაჭრები ადვილად იკუჭება, დაუთოვება კი საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს. ეს კი შეთანხმებაში არ მოდის ჩვენი ცხოვრების სწრაფ რიტმთან.
ჩემთვის გამაოგნებელია, თუ რამდენ განსხვავებულ ფაქტორზე მეტყველებს და რაოდენ მრავალფეროვან თემებს ეხება ერთი კაბა, რომელიც ეკუთვნის ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანს და ყოველ ჩვენგანს რაღაც შორეულ და გამორჩეულ, ან თუნდაც, ძალიან ნაცნობ და ინტიმურ ისტორიას უყვება. ახლა, როდესაც ბებო გვერდით აღარ არის, ეს ძალიან ძვირფასი ნივთი გამახსენებს მას, მის ცხოვრებას, შრომისმოყვარე ბუნებასა და დაუღალავ ხელებს, რომლებსაც ყველაფერი შეეძლოთ.
ელისაბედ დიასამიძე
ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი