რას გვიყვება თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა?
ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან

რას გვიყვება თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა?

ბევრს გვსმენია თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის შესახებ, რომელიც 1928 წელს, თბილისში ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის შენობაში დაარსდა. შენობა 1883 წელს იყო აგებული და წარმოებისთვის ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა. მეტი სინათლისთვის, როგორც ვიცით, მხოლოდ სარკმელების ზომების შეცვლა გახდა სავალდებულო.

საქსოვი ფაბრიკის დაარსებას მოჰყვა თბილისის საფეიქრო ტექნიკუმის გახსნაც, რომელიც ფაბრიკას მეტნაკლებად კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფდა.

პარალელურად, თელავში, სამტრედიასა და ზუგდიდში არსებობდა ძაფსახვევი ქარხნები, რომლებიც ფაბრიკას ძაფით ამარაგებდნენ.

ისტორიულმა საქსოვმა სახელოსნოებმა, რომლებიც თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე (კერძოდ, დღევანდელი გ. ჩიტაიას მოედნის ტერიტორიაზე) მდებარეობდა, გადმოინაცვლა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელ მ. კოსტავას ქუჩაზე.

რა იქმნებოდა ფაბრიკაში?

ნიმუში აბრეშუმის მუზეუმის საბჭოთა პერიოდის ტექსტილის კოლექციიდან

ფაბრიკა წლების განმავლობაში უშვებდა ნატურალ და ხელოვნურ ქსოვილებს. 1960-იანი წლებიდან ფაბრიკამ მთლიანად აითვისა ხელოვნური აბრეშუმის წარმოება, დაიწყო კაპრონის ქსოვა. ცნობილია, რომ 1964 წელს წმინდა კაპრონისგან დამზადდა წყალგაუმტარი ქსოვილი. პნევმატური დაზგებით იქსოვებოდა სასარჩულე ქსოვილი. დიდი მოწონებით სარგებლობდა ლავსანის ტიპის ქსოვილები სახელწოდებით: „მელანო“, „ნარინჯი“, „ვაჟა“, „ირმა“ და სხვა.

ვინ ქმნიდა ქსოვილს?

ტექსტილის ინდუსტრიები მსოფლიოში ყოველწლიურად აწარმოებენ ასობით ათას მეტრ ქსოვილს, რომელიც მოსავს ჩვენს სხეულს და ალამაზებს ჩვენს გარემოს. მხატვრები, ვინც  ქმნიან ნიმუშებს და ცდილობენ დააკმაყოფილონ ჩვენი, ასევე, საბაზრო მოთხოვნები, ხშირად უცნობებად რჩებიან.

თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის მხატვრები, დესინატორები და ოსტატები ქმნიდნენ  სხვადასხვასახოვან ქსოვილს, უფრო ხშირად გეომეტრიულსა და მცენარეულს. ქსოვილზე ნაკლებად ვხვდებით ფიგურატიულ გამოსახულებას, რომელიც უარყოფილი იყო გეომეტრიულის სასარგებლოდ. ის მოკლებული იყო რომელიმე სოციალური კლასის გავლენას. წინასწარ განსაზღვრული ფერთა პალიტრით შექმნილი ქსოვილის ესკიზები სამხატვრო საბჭოს მიერ მტკიცდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ფაბრიკაში საჭირო გახდა სამხედრო ქსოვილის ღებვა. კადრების ომში გაწვევის გამო, სამღებრო საამქრო მუშახელის ნაკლებობას განიცდიდა. ფაბრიკამ დაიწყო საპარაშუტე ქსოვილის შექმნა.  

მოგვიანებით, 70-იანი წლების შემდეგ შეიქმნა აბრეშუმის საწარმოო გაერთიანება, რომელმაც მოიცვა სამი საწარმო – აბრეშუმსაქსოვი, ჟაკარდული და ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკები. 

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის შემდეგ, 1977 წელს, გაერთიანებამ გამოუშვა დიდი რაოდენობთ, 16,3 მილიონზე მეტი მზა პროდუქცია. 

90-იანი წლებიდან ფაბრიკამ შეამცირა წარმოება და საბოოლოოდ შეწყვიტა მუშაობა.

რა ისტორიას გვიყვება ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა? 

გამოფენა „საბჭოთა ცისარტყელა – მაღაზიიდან მუზეუმამდე“ 2016 წელს აბრეშუმის მუზეუმში განვახორციელე კურატორ ირინა პოპიაშვილთან თანამშრომლობით, პროექტის „არტ ინტერვენცია მუზეუმში“ ფარგლებში. გამოფენის თემა შეეხებოდა ქართული აბრეშუმისა და ზოგადად  ქსოვილის ინდუსტრიას. საბჭოთა პერიოდის ქსოვილებითა და სხვადასხვა ნივთით შექმნილი ახალი ნამუშევრები მუზეუმის სივრცეში მთავარ ექსპონატებთან ერთად იყო გამოფენილი. 

ექსპოზიციის პარალელურად, გამოფენის ბანერები თბილისის იმ ადგილებში  განთავსდა, სადაც ყველასთვის ნაცნობი ქსოვილის მაღაზიები მდებარეობდა: რუსთაველის გამზირი, ცნობილი „გიგლას ქსოვილების მაღაზია“, სადაც ყველასთვის სასურველი ქართული აბრეშუმი იყიდებოდა; ყოფილი თბილისის ცენტრალური უნივერმაღი, დღევანდელი გალერია თბილისი. ბანერების ქალაქში გამოფენით, თითქოს, თავიდან მოხდა მოსახლეობისთვის იმ ადგილების შეხსენება, რომლებიც მათი მეხსიერების ნაწილს წარმოადგენდა.  

Incidents of Travel – Tbilisi

2020 წლის ივნისში, კურატორ ტარა მაკდოუელთან თანამშრომლობით განვახორციელე ერთდღიანი დიალოგი – ტური თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც თბილისის აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკის ირგვლივ განვითარდა.

http://incidents.kadist.org/tbilisi/

ავტორი: ნინო ქვრივიშვილი

ტექსტი არის ონლაინ პროგრამის „რას გვიყვება ქსოვილი?“ ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენების ადაპტირებული ვერსია. პროგრამას ახორციელებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.