(ტატიანა ფიოდოროვას რეზიდენციის დროს აბრეშუმის მუზეუმში ხელოვანის წიგნის ვორქშოფის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების მიმოხილვა)
დინამიკური და კომპლექსურია თანამედროვე სახელოვნებო მიმართულებები, სადაც ხშირად ექსპერიმენტი რეალურ ფაქტს, წარსულზე შემოქმედებით დაკვირვებასა და რეფლექსიურ ანალიზს ეფუძნება. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მრავალგვარობაში ხელოვანის წიგნი სინთეზური მოდელია, რომელიც სხვდასხვაგვარ დისკურსს ავტორის სუბიექტური ხედვით წარმოაჩენს. წიგნი, როგორც სახელოვნებო ობიექტი, მრავალმხრივად შეიძლება იყოს აღქმული და გაგებული, თუმცა ხელოვანის წიგნი ინტერდისციპლინური მიდგომით აყალიბებს “შემოქმედებით ზონას” (მკვლევარ ჯოანა დრაქერის განსაზღვრება). წიგნის სახელოვნებო ობიექტად წარმოჩენას ხანგრძლივი ისტორიული წინაპირობები გააჩნია და დასავლურ კულტურაში ჩამოყალიბებული Livre’ de artist ამის ერთერთი მკაფიო მაგალითია. აღსანიშნავია, რომ რიგ სამეცნიერო კვლევებში შინაარსობრივად გამიჯნულია სახელოვნებო წიგნები (art book) და ხელოვანის წიგნი (artist’s book). ხელოვანის წიგნი, როგორც თავად განმარტება გვკარნახობს, ნამუშევარს განიხილავს, როგორც ხელოვანის ინდივიდუალურ ჩანაფიქრს, სადაც შემოქმედებითი აზროვნების პროცესი ინტიმური დისტანციით აღიქმება და ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტით, უნიკალურობით გამოირჩევა, გამოიცემა მცირე ტირაჟით, ან სულაც ერთადერთი ხელნაკეთი ნიმუშია. ამ მახასიათებლებთან ერთად, ხელოვანის წიგნის ფენომენის განხილვისას მკვლევარი ჯოანა დრაქერი აღნიშნავს, რომ livres d’artistes საინტერესოა თავისთავად, მაგრამ ეს ნიმუშები არის წარმოება და არა შემოქმედებითი პროდუქტი. livres d’artistes-ის ფორმალური ძიებებში ნაკლებად იკვეთება მხატვრული ხედვა, ხელოვანის წიგნისთვის აუცილებელი კონცეპტუალური, ფორმისეული და მეტაფიზიკური პოტენციალი. დრაქერისვე დამკვიდრებული და ზემოთნახსენები ტერმინი “შემოქმედებითი ზონა”კი სწორედ ხელოვანის წიგნის კონტექსტუალურ ანალიზსა და მხატვრული პროცესის მიზეზ-შედეგობრივ სინთეზურ ფორმირებას შეეხება.
თეორიული ასპექტების განხილვის კვალდაკვალ საინტერესოა მიმოვიხილოთ კონკრეტული პროექტი, რომელიც ხელოვანის წიგნზე მუშაობის განსხვავებულ მიდგომებს წარმოაჩენს. 2018 წლის ივნისში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა გეოეართან თანამშრომლობით, პროექტის Platform Art Prospect ფარგლებში, უმასპინძლა მოლდოველი ხელოვანის – ტატიანა ფიოდოროვას რეზიდენციას. მუზეუმის ზრდასრულთა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტატიანამ უხელმძღვანელა ვორქშოფს ოთხი ადგილობრივი ხელოვანის (თამარ ბოჭორიშვილი, ნაილი ვახანია, ნინო ზირაქაშვილი, ნინი ჯინჭარაძე) მონაწილეობით, რომელიც შეეხებოდა ხელოვანის წიგნის შექმნას.
რეზიდენციის თემა
რეზიდენციის თემატიკა შინაარსობრივად უკავშირდებოდა აბრეშუმის მუზეუმს და, ამასთანავე, განაზოგადებდა ადამიანურ შრომას კონკრეტული რეჟიმის პირობებში, კერძოდ, შეეხებოდა აბრეშუმის წარმოების საკითხს საბჭოთა პერიოდში. ტატიანა ფიოდოროვა თავის სახელოვნებო პრაქტიკაში ამ თემებს მუდმივად იკვლევს და განსხვავებულ მედიაში წარმოადგენს. მუზეუმის რეზიდენციის დროს მისი კვლევის ფორმირება საგანანათლებლო მოტივაციით ხელოვანის წიგნის მედიუმში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის წარმოება საქართველოში ისტორიულად აქტიურად ვითარდებოდა. მუზეუმი, როგორც მეაბრეშუმეობის ცენტრი, მე-19 საუკუნის ბოლოს კავკასიის რეგიონში ამ დარგის სამეცნიერო-პრაქტიკულ განვითარებას ისახავდა მიზნად. ეს მისია გასაბჭოების შემდეგ ტრანსფორმირდა, თუმცა სამეცნიერო კვლევები გრძელდებოდა ადგილობრივი მასშტაბით და მთელი აქცენტი ინდუსტრიული წარმოების პროცესზე კეთდებოდა. ამდენად, საქართველოში მეაბრეშუმეობა პრიორიტეტულად ვითარდებოდა და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული საწარმოები წარმატებულად ფუნქციონირებდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის ბოლო ეტაპამდე. რეჟიმის კოლაფსი, ეკონომიკური კრიზისი და 90-იანი წლების განუკითხაობა მძიმედ აისახა, როგორც ქვეყნის ზოგად განვითარებაზე, ასევე მეაბრეშუმეობის ინდუსტრიაზე. გაუქმებული წარმოება დღესაც ერთგვარი მტკივნეული ნოსტალგიაა უფროსი თაობის კოლექტიურ მეხსიერებაში, რასაც აღნიშნული რეზიდენციის ფარგლებში განხორციელებული გამოკითხვებიც ადასტურებს.
რეზიდენციის სამუშაო პროცესი:
სამუშაო პროცესი მონაწილე ხელოვანთა მცირე ჯგუფთან ერთად რამდენიმე მთავარ მეთოდს ეფუძნებოდა:
1. იდეების ფორმირება – მუზეუმის სივრცის, კოლექციების და თემატურად საბჭოთა წარმოების ქსოვილების გაცნობა, ჯგუფური დისკუსიების ორგანიზება და მონაწილეთა სახელოვნებო მიდგომების წარდგენა/გაზიარება
2. დამუშავება – პრაქტიკული უნარების განვითარება – წიგნის დასამზადებელად სხვადასხვა მასალაზე მუშაობა
3. რეფლექსირება – კვლევითი ასპექტი: ინფორმაციის მოძიება, ყოფილი საწარმოების მონახულება, აბრეშუმის წარმოების ინდუსტრიაში მომუშავე პირების იდენტიფიცირება, ინტერვიურება და ამ მასალის დამუშავება
4. ფინალური პრეზენტაცია – ჯგუფური გამოფენის ორგანიზება
ტატიანა ფიოდოროვას რეზიდენციის სამუშაო პროცესში გამოიკვეთა თუ რამდენად შეიძლება ხელოვანის წიგნის შექმნისას ერთიანმა სამუშაო გარემომ ხელი შეუწყოს ინდივიდუალურ იდეათა განხორციელებასაც. გაზიარებისა და თანამშრომლობის ეს ფორმა ტატიანა ფიოდოროვას მენტორობით ადგილობრივ ხელოვანთა ინტენსიურ ჩართულობას გულისხმობდა და მათი პირადი პროექტების განხორციელების შესაძლებლობად იქცა. ხელოვანის წიგნზე მუშაობის პროცესმა გამოკვეთა, რომ შთაგონება და შესრულების ფორმა მრავალგვარი შეიძლება იყოს – საერთო თემის ირგვლივ და განსაზღვრული ფორმატში.
ინდივიდუალური პროექტები და ფინალური პრეზენტაცია
პროცესის აქტუალობა და ძიება გადამწყვეტი აღმოჩნდა ტატიანა ფიოდოროვასთვის სახელოვნებო რეზიდენციის ყველა ეტაპზე. ხელოვანი საკუთარი ხედვის შემუშავებას “მოზაიკური პრინციპით” შეუდგა და ეცნობოდა როგორც აბრეშუმის მუზეუმის ბიბლიოთეკის არქივს (განსაკუთრებით საბჭოთა ჟურნალებსა და პერიოდიკას), ასევე მუზეუმში დაცულ კოლექციებს. პარალელურად, იკვლევდა საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებს. ეს ბეჭდვითი გამოცემები ფაქტობრივ მასალასთან ერთად ხელოვანისთვის იყო წყარო, რათა აღექვა დრო იდეოლოგიასთან კავშირში. ტატიანა ფიოდოროვა დაინტერესდა თბილისის ყოფილი აბრეშუმის ქარხნის თანამშრომლებთან შეხვედრით. მან რეალურ პირებთან გასაუბრებისა და ინტერვიუების საფუძველზე შეიტყო როგორც კოლექტიური, ასევე პერსონალური, დამოკიდებულება წარმოების, რეჟიმისა და საბჭოთა პერიოდში შრომის რეგულირების, სოციალური საკითხებისა და პიროვნების აღქმის შესახებ. ერთთვიანი რეზიდენციის პერიოდი, ინტენსიური მუშაობის რეჟიმით, ხელოვანს საშუალებას აძლევდა მიღებული ინფორმაცია დაეხარისხებინა. მან ძიების მოზაიკური პრინციპით ხუთი სხვადასხვა ნამუშევარი ერთი თემის ირგვლივ წარმოადგინა. ზოგიერთ ნამუშევარი კვლევის პროცესის დოკუმენტაციას წარმოადგენდა, მაგალითად ხელოვანის წიგნი „საქმე“ . ამ შემთხვევაში ტატიანამ გააერთიანა თანამშრომელთა ინტერვიუები სხვადასხვა პერსონალური გამოცდილების, განსხვავებული ასაკისა და სქესის გათვალისწინებით. პერსონალური გამოცდილებები წინააღმდეგობრივ საკითხებს გამოკვეთდა ფორმალურ საარქივო დოკუმენტებთან შედარებისას. საარქივო ანგარიშებში წარმოების ფაქტები რეჟიმის დაკვეთას შეესაბამებოდა და მოთხოვნილ ლოგიკას ექვემდებარებოდა. ფიოდოროვას მეორე ნამუშევრში “აბრეშუმის პროპაგანდა” გამოიკვეთა ის, თუ როგორ შეიძლება სისტემის იდეოლოგიური პროპაგანდა წარმოების ჟურნალებში დაუფარავად და ღია მესიჯებად იყოს გაჟღერებული. ეს ნამუშევარი 1940 წელს გამოცემულ, ჟურნალის “Шелк” [აბრეშუმი] მეცამეტე გამოცემას ეფუძნებოდა. იდეოლოგიის ამგვარად ტირაჟირება საბჭოთა ფსევდოიდეალიზებული რეალობის ინფორმაციულ იარაღად შეიძლება წარმოვიდგინოთ. ინფორმაციასთან ერთად გამოსახულების მნიშვნელობა, აბრეშუმის წარმოების ინდუსტრიაში ჩართული მშრომელი ქალის სახე-ხატის ფორმირების კონცეპტუალური გააზრება ტატიანა ფიოდოროვას მესამე ნამუშევარში გამოიკვეთა. ეს ნამუშევარი, პროცესის მხატვრული დოკუმენტაციის ნაცვლად, ხელოვანის წიგნის დასრულებულ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც ლეპორელოს პრინციპზეა აწყობილი. „ტექსტილის ინდუსტრიის სხეულის ძიებაში“ წიგნი აკორდეონია და შედგება 1930-დან 1960 წლამდე გამოცემულ ჟურნალ „ტექსტილის ინდუსტრიის“ წინა ყდებისგან. ნამუშევარი ხაზს უსვამს ქალთა შრომას საბჭოთა ეპოქაში. ძლიერი, მშრომელი და ბედნიერი ქალის სახე-ხატი საბჭოთა მითოლოგიზირებული ნარატივის ინტერპრეტაციად ისახება და კითხვებს წარმოშობს ქალის გენდერულ აღქმასა და ფემინისტურ გააზრებაზე .
ტატიანა ფიოდოროვამ სხვადასხვა თემატური აქცენტის შეკავშირებითა და ფაქტების დეკლარირებით ხელოვანის წიგნი სოციალური დისკურსით წარმოაჩინა, სადაც ვიზუალური ექსპერიმენტი მინიმალური გადაწყვეტით ითავსებდა დოკუმენტაციისა და შემოქმედებითი ინტერპრეტაციის ორმხრივობას. ეს ყოველივე კი პროექტ Nusquam-ის ზოგად კონცეფციაში გაერთიანდა. პროექტის ფინალური შედეგი აბრეშუმის მუზეუმში ჯგუფური გამოფენის ფორმატში იხილა დამთვალიერებელმა. გამოფენა “ისუნთქე” ხელოვანის წიგნის ნამუშევრებთან ერთად წარმოადგენდა ტატიანა ფიოდოროვას სივრცულ ინსტალაციებს – ქსოვილზე ექსპერიმენტულად ნაბეჭდ ფოტოგადიდებისა და ხელით ნაქარგ ნიმუშებს, სადაც ქსოვილის ხლართის ტექნიკური ვიზუალიზაცია გაზრდილ მასშტაბში იდეური კავშირების მთავარ მეტაფორად იქცა.
სოციალური თემატიკისა და კოლექტიური მეხსიერების ფენომენი საინტერესო აღმოჩნდა პროექტის სხვა მონაწილეებისთვისაც. ნაილი ვახანიას ნამუშევარი „აბრეშუმის ფაბრიკა ∞“ ვორქშოფის ფარგლებში შექმნილი ხელოვანის წიგნია, რომელიც ეფუძნება რეალურ ინტერვიუებსა და აბრეშუმის ჭიის ბიოლოგიის სარკისებურ შეკავშირებას. პარალელური ინფორმაციის ამგვარ რეპრეზენტაციას ხელოვანის მიერ მოძიებული საბჭოთა ქსოვილები აფორმებს და ნამუშევრის ყველაზე მნიშვნელოვან ვიზუალურ აქცენტს წარმოადგენს. ასევე, პარადოქსულია, რომ აღნიშული პროექტის მსვლელობისას, საქართველოს მთავრობამ აბრეშუმი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ დადგენილების ჩარჩოში ჩასმული ასლი ნაილის წიგნის ყდას წარმოადგენს. ამგვარი ინტერპრეტაცია წარსულის იდეალიზაციასა და სტატუსის მინიჭების პარადოქსულობას ირონიულად გამოხატავს, მით უფრო იმ ქვეყანაში სადაც წარმოება სრულებით შეწყვეტილია.
სოციალური კონტექსტი ხელოვანის წიგნის მედიუმში საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტით წარმოადგინა თამარ ბოჭორიშვილმა, რომელმაც წიგნი-ობიექტი გამოსახულებისა და დიზაინის სინთეზით შექმნა. „კვარტირა” – ეს ნამუშევარი ხელოვანის მიერ საბჭოთა ოთახის დიზაინის ხელნაკეთი მიკრო რეკონსტრუქციაა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში ჯერ კიდევ აქტიურად შემორჩენილ ავეჯს, ქსოვილსა თუ ინტერიერის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. დროითი დისტანციის მხატვრული გადააზრება თამარ ბოჭორიშვილის სახელოვნებო პრაქტიკას ეფუძნება და ნარჩენების სრულიად ახლებურ ინტერპრეტაციას წიგნი ობიექტის ფორმატში წარმოაჩენს. ბოჭორიშვილის ხელოვანის წიგნი, მაყურებლის თვალწინ გადაშლილი მოდელი – ნივთიერი მიკრო სამყაროა, სადაც მეხსიერებაში დალექილი მოგონებები უახლეს წარსულზე გვაფიქრებს თავისი საგნობრივი, ხელშესახები ფაქტურით.
ხელოვანის წიგნი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თავისი ფორმით ინდივიდუალური რეპრეზენტაციით გამოირჩევა. განხილულ ნამუშევრებში სოციალური დისკურსის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ხელოვანის წიგნის ერთერთი მიმართულებაა. მეორე მიდგომა, რომელიც ასევე აღნიშნულ მედიუმზე მუშაობისას იკვეთება, არის წიგნი, როგორც გზავნილი. ამ კატეგორიაში პროექტის ორი მონაწილის – ნინო ზირაქაშვილისა და ნინი ჯინჭარაძის ნამუშევრებს განვიხილავთ.
ნინო ზირაქაშვილი ვორქშოფის ფარგლებში მუზეუმის ენტომოლოგიურ კოლექციაზე კონცენტრირდა, კერძოდ კი გამქრალი პეპლების წარწერების სამუზეუმო ექსპონატზე. მინიმალური ვიზუალური გადაწყვეტით ზირაქაშვილის ხელოვანის წიგნი აღნიშნულ კოლექციას ინტერპრეტაციული მიდგომით განავრცობს. ნამუშევარი ადამიანის წარმოსახვისა და ისტორიული ცოდნის გაზიარების საკითხს შეეხება. გამქრალი პეპლების ლათინური სამეცნიერო დასახელებები, მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში შექმნილი ხელნაკეთი ნიმუშებია, რომელიც ხელოვანის ხელწერით, დიზაინითა და მხატვრული გადაწყვეტით “ცოცხლდება”. წიგნის მიზანმიმართულად მინიმალისტური გაფორმება – სიტყვა, ჩარჩო, ფურცლების შეუვსებლად დატოვებული არეები – მნახველს იწვევენ რომ დაფიქრდეს და თავად წარმოიდგინოს დროთა განმავლობაში გამქრალი პეპლების სახეობები. წარმოსახვის ამ თამაშში ინტუიციის, ფანტაზიისა და შემეცნების სურვილი ემოციური მგრძნობელობით მძაფრდება ხელოვანის წიგნის ტაქტილური – ხავერდის – ყდის შეხებისას. ამგვარი ფორმით ნინო ზირაქაშვილის წიგნი კონცეპტუალურად აღქმის ინდვიდუალურ შრეებს შეეხება, ნამუშევრის “წაკითხვის” პერსონალურ გამოცდილებას ეფუძნება და დროის წარმავალობის ფენომენს სუბიექტური შეცნობის აქტად გარდაქმნის.
წიგნი, როგორც გზავნილი, ნინი ჯინჭარაძის ნამუშევრის ამოსავალ წერტილად აბრეშუმის ძაფის სიმტკიცეს წარმოაჩენს და ტრანსფორმაციის სენსუალურ აღქმასთანაა დაკავშირებული. ნინი ჯინჭარაძის ნამუშევარი „რაი აბრეშუმი“ მეტაფორული ამბავია აბრეშუმის ჭიაზე, რომელმაც ვერ მოასწრო პეპლად გარდაქმნა და პარაშუტად იქცა. ცნობილი ფაქტია, რომ მტკიცე, მაღალი ხარისხის აბრეშუმის ძაფის მისაღებად ჭიის პეპლად გარდასახვამდე ჭუპრის ორთქლზე ჩახშობა ხდება, ერთერთი ყველაზე მტკიცე ნაწარმი კი რომელსაც აბრეშუმისგან ამზადებენ პარაშუტია. ხელოვანის წიგნი თეთრი შიფონის ქსოვილისა და ძაფის გამოყენებით სწორედ ამ რეალური ფაქტის სახელოვნებო ინტერპრეტაციას გვთავაზობს.
ხელოვანის წიგნი – გაზიარებისა და თანამშრომლობის შემოქმედებითი ფორმა – ზემოთ განხილულ ნამუშევრებში სინთეზურ და კომპლექსურ შემოქმედებით მიდგომებს გამოკვეთს, სადაც ხელოვანის წიგნი შემოქმედებითი კომუნიკაციის პროცესზე დაფუძნებულ მოდელს ავითარებს. ამგვარი ვიზუალური ენა ეხმიანება ბახტინის ჰეტეროგლოსიურ გაგებას. მეცნიერი, თეორეტიკოსი და ფილოსოფოსი მიხეილ ბახტინი “დიალოგიზმი და ჰეტეროგლოსია” – ამ თეორიის მიხედვით, ლინგვისტურ, ტექსტუალურ შრეებს სუბიექტის გამოხატვის მრავალხმიან, გარემოს მიმართ რეფლექსირებად უნართან აკავშირებს. ბახტინის მოსაზრებით შინაგანი ხმა დიალოგისკენ, ურთიერთობისკენ არის მიდრეკილი და თავისთავადად მრავალხმიანია, თუნდაც მთხრობელი იყოს ტრადიციული გაგებით მონოლოგის ავტორი, ის მაინც საკუთარ თავთან დიალოგისკენაა მიდრეკილი. აღნიშნული თეორია ხელოვანის წიგნის იდეურ-კონცეპტუალურ გადაწყვეტასთან კავშირით წარმოაჩენს ხელოვანის როლს და შემოქმედებით მიდგომას, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ ნამუშევრებშიც გამოვლინდა. ზემოაღნიშნული პროექტით გამოიკვეთა, დროის, ისტორიის, კოლექტიური მეხსიერებისა და პირადი გამოცდილებების კვლევის მნიშვნელობა, ერთი შეხედვით თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასთან არც ისე ახლოს მყოფი დარგის – აბრეშუმის ინდუსტრიული წარმოების პროცესში.
ავტორი: მარიამ შერგელაშვილი