ფაქტი… დრო… და ვიზუალური მეტაფორა

ფაქტი… დრო… და ვიზუალური მეტაფორა

PEJVAK (რუზბე ახბარის და ფელიქს კალმენსონის) გამოფენა “მის ადგილას მხოლოდ ფოლადია”

შავი თუთით დალაქავებული თეთრი ქსოვილი… თექაზე “ამოტვიფრული” ნეონი… ამწე რკინის ჯაჭვით… შიფონის მსუბუქი ორნამენტირებული წითელი, მწვანე და ყვითელი ფარდები ფანჯრებზე…თარი – ამგვარ ცალკეულ ობიექტებად და ამ ობიექტთა ერთიანობის ზოგადი სურათით, ვიხსენებ გამოფენას “მის ადგილას მხოლოდ ფოლადია”.

2019 წლის 20-29 ივნისს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ვუმასპინძლეთ  PEJVAK-ის (რუზბე ახბარისა და ფელიქს კალმენსონის) გამოფენას “მის ადგილას, მხოლოდ ფოლადია”. 2019 წლის 20 ივნისი, გამოფენის გახსნის დღე, საქართველოს უახლეს ისტორიაში “გავრილოვის ღამედ” მოინათლა. დარბეულმა საპროტესტო აქციამ  20 ივნისის საღამო ერთერთ იმ საბედისწერო მოვლენად აქცია, რომელიც რეფრენად გასდევს საქართველოს უახლესი დროის პოლიტიკურ რეალობას. ამდენად, ცოტა ადამიანისთვის თუ იყო შესაძლებელი იმ პერიოდში მუზეუმში გამოფენის დასათვალიერებლად მოსვლა. ეს თარიღი და ფაქტი შემთხვევით გადაიკვეთა აღნიშნულ გამოფენასთან, რომელიც თავის მხრივ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სოციო-კულტურული ასპექტების მხატვრულ გადააზრებას სთავაზობდა მნახველს.

გამოფენის იდეა და ექსპოზიცია, ერთიანი მხატვრული ხედვითა და შემოქმედებითი მიდგომით, აკავშირებდა განსხვავებულ დროით ფაქტებს, მოვლენებსა და პროცესებს. გამოფენისთვის შექმნილი ახალი ობიექტები, სამუზეუმო ექსპონატები და წარსულის არტეფაქტები ერთმანეთთან სინთეზით, ვიზუალურ მინიშნებებსა და იდეურ აქცენტებს ქმნიდნენ სივრცეში. სწორედ ამ პოზიციით, გამოფენის კონცეფცია შეეხებოდა თარის (აღმოსავლური ინსტრუმენტი) განვითარებასა და აზერბაიჯანული ფოლკლორის ისტორიას, ქალაქ შუშას პრეინდუსტრიულ და ინდუსტრიულ წარსულს. გამოფენის ავტორებმა ფაქტობრივ და ისტორიულ ინფორმაციებზე რეფლექსიით წარმოგვიდგინეს თავიანთი მხატვრული ხედვა. ისტორიული მოვლენების ამგვარი არასწორხაზოვანი, კომპლექსური ინტერპრეტაცია  PEJVAK-ის სახელოვნებო პრაქტიკის ნაწილად შეგვიძლია განვიხილოთ.

თარი ირანული წარმომავლობის აღმოსავლური მუსიკალური ინსტრუმენტია, რომელიც თუთის ხის მერქნისგან აბრეშუმის სიმებით მზადდებოდა. გამოფენის ტექსტი განიხილავს აზერბაიჯანული თარის განვითარებას, რაც შუშელი მუსიკოსის, მაესტრო სადიქიანის, სახელთან არის დაკავშირებული. ქალაქი შუშა ცნობილი იყო სამუსიკო ტრადიციით, აქ ასწავლიდნენ აზერბაიჯანულ ფოლკლორულ მუსიკასა და ცეკვას ე.წ. “ყარაბაღულ მუღამს”. ამასთანავე, შუშა იქ არსებული თუთის პლანტაციებით აბრეშუმის წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრი იყო. საბჭოთა კავშირის დროს შეიცვალა ადგილობრივი წარმოება, დაარსდა ინდუსტრიული ქარხნები, მათ შორის ერევნის აბრეშუმის ფაბრიკა. საბჭოთა კავშირის დაშლა და მოულოდნელად დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, კრიტიკულად შეეხო ქალაქ შუშას, რამაც გამოიწვია, როგორც  აბრეშუმის ინდუსტრიის, ისე  მუღამის მუსიკალური აკადემიის განადგურება.

© PEJVAK

“მის ადგილას მხოლოდ ფოლადია”, ყარაბაღის თუთის ხეებით შთაგონებული გამოფენა, უნიკალურ შეგრძნებით გამოცდილებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში. კონტრასტული მასალები – ფაქიზი ქსოვილი (ერევნის აბრეშუმის ფაბრიკის ბოლო პარტია) და ფოლადის ბრუტალური, სამანქანო წარმოების დეტალები, გამოფენის დრამატურგიას და ერთგვარ სცენოგრაფიასაც ქმნიდა სივრცეში. თითოეული დეტალი, როგორც მიკრო-ამბავი, მომნუსხველი ძალით ასხივებდა; განათების, შუქ-ჩრდილის, ფერისა და ქსოვილის ფაქტურა დამატებით ინტენსივობას სძენდა ექსპოზიციას. ამგვარი ესთეტიკური მომხიბვლელობა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გამოფენის გახსნის დღეს აზერბაიჯანელი მუსიკოსის, რამინ პირმამადოვის, შესრულებამ. 

მუღამის ჰანგების ფონზე გამოფენის ცენტრალური ობიექტი – თექაზე ნეონით შესრულებული აბრეშუმის ფაბრიკის ემბლება და წარწერა უსასრულო ფიქრის საბაბად შეიძლება ქცეულიყო. პირადად მე, ახლაც მაღელვებს ეს გამოფენა, როგორც დროითი კავშირების ვიზუალური მეტაფორა, როგორც წარმოსახვითი “ოდა” – ხელშესახებ და არახელშესახებ მოგონებებზე, ადგილსა და ისტორიაზე.  იქნებ ფაქტების ციკლურ დინამიკაში წამით შეჩერებულები ახლაც დავფიქრდეთ… იქნებ “მის ადგილას მხოლოდ ფოლადია” იმაზე მეტს ამბობს ვიდრე ისტორიის მატიანე?…

PEJVAK (რუზბე ახბარის და ფელიქს კალმენსონის) გამოფენის ვიდეო-დოკუმენტაცია, “მის ადგილას მხოლოდ ფოლადია”, 2019

ავტორი: მარიამ შერგელაშვილი