იზოლაცია და კავშირები: ექსპონატები, როგორც მეტაფორები

იზოლაცია და კავშირები: ექსპონატები, როგორც მეტაფორები

აბრეშუმის მუზეუმში დაცულია ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია – გრენის (აბრეშუმის ჭიის კვერცხების) გადასატანი მუყაოს ყუთები. ამ კოლექციის ამბავი პირდაპირ უკავშირდება მუზეუმის დაარსებას, რომელიც მაშინდელი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს წარმოადგენდა. 2020 წლის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის ფონზე, საინტერესოა მუზეუმის ისტორიისა და კოლექციის გარკვეული ასპექტების გახსენება. 

საუკუნენახევრის წინ ევროპაში გაჩნდა აბრეშუმის ჭიის დაავადება – პებრინა. აბრეშუმის წარმოება თითქმის შეჩერდა, ხოლო აბრეშუმის ჭიის უნიკალური ადგილობრივი ჯიშები გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ევროპელმა მეცნიერებმა გაერთიანებული ძალებით დაიწყეს ამ დაავადებასთან ბრძოლის ხერხების ძიება. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა ფრანგმა მეცნიერმა ლუი პასტერმა, რომლის სახელიც, ალბათ, ყველას სმენია მისი სხვადასხვა აღმოჩენის გამო. 

ლუი პასტერი

პასტერმა შეიმუშავა დაავადების პრევენციის ხერხი, რომელიც ცნობილია უჯრედული (ცელულარული) სელექციის ან პასტერის მეთოდის სახელით: ყოველი ცალკეული პეპელა პატარა, ჰაერგამტარ კონტეინერში თავსდებოდა, რომელსაც უჯრედს უწოდებდნენ და შიგნით სხვებისგან განცალკევებით დებდა კვერცხებს.

შემდეგ პეპელა გადიოდა ორმაგ მიკროსკოპულ შემოწმებას: თუ მას პებრინას მიმართ იმუნიტეტი აღმოაჩნდებოდა, მაშინ მისი კვერცხებიც ჯანსაღად მიიჩნეოდა და აღიბეჭდებოდა, როგორც უპებრინო.

ლუი პასტერს ამ აღმოჩენამ უბიძგა გაეგრძელებინა კვლევა ინფექციური დაავადებების მიმართულებით და მან უდიდეს წარმატებებს მიაღწია. პასტერის მოღვაწეობის და იმუნიზაციაში მისი როლის შესახებ, იხილეთ ინფორმაცია მოცემულ ბმულზე.

გრენის დახარისხება, კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური.
1890-იანი წლები.

1870 წელს გორიციაში (მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერია) ჩატარდა მეაბრეშუმეობის პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომლის შედეგადაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო პასტერის შესანიშნავი აღმოჩენის შესახებ და შეიქმნა მთელი რიგი დაწესებულებები, რომლებიც პასტერის სისტემით მუშაობდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გორიციის, პადუის, კავკასიისა და ტოკიოს მეაბრეშუმეობის სადგურები.  

თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური დააარსა ნიკოლაი შავროვმა, რომელმაც მანამდე ევროპაში იმოგზაურა და იქაურ სადგურებში გაეცნო პასტერის მეთოდს. თბილისის სადგურის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა ლაბორატორიული კვლევები და ფერმერებში ჯანსაღი გრენის გავრცელება. სწორედ ამ პროცესს ასახავს გრენის გადასატანი მუყაოს კონტეინერები, რომლებიც მუზეუმში სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვდა. 

ყუთებზე ვხვდებით წარწერებს არაერთ ენაზე, თუმცა პასტერის სახელი თითქმის ყველა მათგანში ფიგურირებს. ეს კოლოფები გამოირჩევა თავიანთი დიზაინითაც – აქვთ სხვადასხვა ფორმა, ნახატი და ემბლემა. მათი საერთო ნიშანია მცირე ნახვრეტები, რომლებიც გრენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფდა.

სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიიდან შემოსული გრენა მოწმდებოდა, რის შემდეგაც ყუთს გარშემო აკრავდნენ შესაბამის ბანდეროლს წარწერით – უპებრინო. 

დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, დღეს ეს კოლოფები ერთგვარი მეტაფორებიცაა. შთამბეჭდავი დიზაინისა და ფორმების გარდა, მუზეუმის ისტორიულ ვიტრინებში განთავსებული კონტეინერები გვიყვება მეაბრეშუმეობაში ფართოდ გავრცელებული დაავადების დამარცხების, თანამშრომლობის და ასევე, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ისტორიას.

ავტორი: სალომე ფაჩუაშვილი