უექსპონატო: უწყვეტი დინება

უექსპონატო: უწყვეტი დინება

მონაწილე ხელოვანები: ლიზა კვანტალიანი, თამა კვანტალიანი, ლევან მანჯავიძე, სავლე შუბლაძე, დავით ჩიხლაძე.

კურატორი: მარიამ შერგელაშვილი

უწყვეტი დინება შემოქმედებითი ნაკადი და შენაერთებია, რომელთაც შეგრძნებების, თვითრეფლექსიის, საზღვრებისა და დაუსაზღვრავის აღმოჩენისკენ მივყავართ. ნახატის, ხმის, ციფრული გამოსახულებისა და ტექსტის შრეების გამოკვლევით, ეს ექსპერიმენტი სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მქონე ხელოვანებს შემოქმედებითი დინების შეგრძნებით არეალში აერთიანებს.

უწყვეტი დინება სხეულის თავისუფლების, შეხებისა და შეგრძნების, სიცარიელისა და განმარტოების, გადალახვისა და გაუცხოების იმპულსებია. აზრობრივი და ემოციური მდგომარეობის ნაკადები მუზეუმის დროებით დაცარიელებულ სივრცეებში, ოთახიდან ოთახში გადაედინება. აბრეშუმის მუზეუმი თავისი მრავალწლიანი ისტორიით დღეს „ცოდნის სახლად“ შეგვიძლია აღვიქვათ, ამჯერად კი რეაბილიტაციის ეტაპზე, ის „უექსპონატოდ“, შეფუთული არტეფაქტებითა და კოლექციებით წარდგება მნახველის წინაშე. მუზეუმის გარდამავალ პერიოდში, ეს მიდგომა სიცარიელის სივრცით-ემოციურ გააზრებას, ბზარებისა და ნახეთქების „ამოვსებასა“ თუ დროებით სახეცვლას ხელოვნების უწყვეტი დინებით ცდილობს.

როგორ წარმოიქმნება და გარდაიქმნება შემოქმედებითი ენერგია? როგორ უკავშირდება ერთმანეთს ფიზიკური, სივრცითი და მხატვრულ-წარმოსახვითი რეალობები? ამ კითხვებით სივრცეში წარმოდგენილ ინდივიდუალურ მხატვრულ ძიებასა და მათ სხვადასხვა შრეს ვუახლოვდებით.

ექსპრესიული ნამუშევრებით, გამძაფრებული ინტუიციით, შინაგანი ძიების დაუოკებელი სწრაფვით, ლიზა კვანტალიანი საკუთარ ხედვებსა და პირად დრამატულ დაფიქრებებს ავლენს.

თამა კვანტალიანის კოლაჟები და ციფრული გამოსახულებები აბსტრაქციისა და გამოგონილი სამყაროების, ციტირებისა და თვითანალიზის თანაკვეთაზეა შექმნილი, რაც დაცარიელებულ სამუზეუმო დარბაზს თამაშობრივი მუხტით ავსებს.

გაუცხოების, ადამიანის სახლთან, ბუნებასთან და გარემო რეალობასთან კავშირის სენსიტიური აღქმა სავლე შუბლაძის ინსტალაციაში ვლინდება.

შეხებისა და ციკლური მოძრაობის გადადინებადი ვიბრაციები ლევან მანჯავიძის ვიდეო პროექციებით განივრცობა.

ექსპოზიციის ხედი. ლევან მანჯავიძის ვიდეო პროექციები

დავით ჩიხლაძის პოეზია მუზეუმის ბიბლიოთეკაში ხმის მგრძნობიარე ნაკადად მოედინება. ჰაიკუს ფრაზებში, ცალკეულ სიტყვებსა და ამ სიტყვებიდან გარდაქმნილ ხმებში, მოძრავ და უძრავ გამოსახულებებში მონაცვლეობა შემოქმედებითი დინამიკის თავისუფალ, უწყვეტ პროცესებზე გვაფიქრებს.

ხმის ინსტალაცია მარიამ შერგელაშვილი დავით ჩიხლაძესთან თანამშრომლობით

საგამოფენო სივრცის ექსპერიმენტი არის ნაწილი პროექტისა „უექსპონატო“, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პერიოდს, გარდამავალ ეტაპს, განახლების პროცესში არსებულ სივრცეებსა და ექსპოზიციის საკითხებს სხვადასხვა ღონისძიების საშუალებით ეხმიანება. პროექტის იდეის ავტორი და კურატორი: დათა ჭიღოლაშვილი. „უწყვეტი დინების“ ავტორი და კურატორი: მარიამ შერგელაშვილი.

ინიციატივა ეხმიანება და პარალელური ღონისძიების ფარგლებში განავრცობს Oxygen-ის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს 2021 წლის კონცეფციას  „გადანაცვლების რიტუალები“ – კურატორები: ქეთი (ქეთევან) შავგულიძე, სერ სერპასი. 

ავტორი: მარიამ შერგელაშვილი