ალაგ-ალაგ ნამდვილი ამბები

ალაგ-ალაგ ნამდვილი ამბები

თუთის ამბავი

ეს ჩვენ ვართ – პირველ ფოტოზე, სიყვარულით გაბრუებულები.  

მეორე ფოტოზე კი – მხოლოდ მე, ამჯერად მარტოობით გაბრუებული.

კარგი იქნებოდა მეორე ფოტო პირველი იყოს და პირველი მეორე. მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა… სწორედ ისეა ჩემი ამბავი, როგორც ახლა თქვენ სურათზე ხედავთ.

თავიდან ჩვენ ერთად ვიყავით, შემდეგ კი ის წავიდა. ასე, უბრალოდ, ადგა და დამტოვა, არაფრისთვის, სრულიად არაფრისთვის. მაინც რა უცნაურები არიან ეს ქალები… 

და ყველაზე საინტერესო იცით რა არის? მისი ბოლო სიტყვები. და არ გაინტერესებთ მაინც რა მითხრა? – დაუმწიფებელი და მჟავე ხარო… მე მითხრა, თურმე დაუმწიფებელი და მჟავე ვარ, მაშინ, როდესაც ყველა ჭია ჩემს ფოთლებს ეხვევა, ისე როგორც ფუტკრები თაფლს. მაინც რამდენი არიან და რამდენს ჭამენ… დღე და ღამე არ ჩერდებიან. რა თქვენ გგონიათ ვხუმრობ? არაფერიც, ზუსტად ისეა, როგორც მე გეუბნებით.

სწორედ მაგათი ბრალია რაც მოხდა, მაგათ შემიჭამეს ის, რაც ყველაზე მეტად მამშვენებდა. აბა ვის ვენდომებოდი ახლა ასეთი შიშველ-ტიტველი? ჰოდა ადგა და დამტოვა, ეტყობა ვინმე ისეთი ნახა ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია ფოთლები ამათი გადამკიდე.

როდის იქნება ერთი რომ დაჭუპრდნენ და მეც თავი დამანებონ!

ავტორები: თეა ბოჭორიშვილი და დიანა მარქარაშვილი