ალაგ-ალაგ ნამდვილი ამბები

ალაგ-ალაგ ნამდვილი ამბები

მარია შავალეს ისტორია

სურათზე გამოსახული ქალბატონი მარია შავალეა – შანელის სახლის დიზაინერი. ალბათ, ცოტამ თუ იცის რომ ის მარიამ მაჭავრიანია, ქართველი გოგო დიდი ოცნებებით.

ახალგაზრდა მარიამი საქართველოში აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდა და ხშირად ქსოვილების ნარჩენებს აგროვებდა. ამ პატარა ნაკუწებით კი თოჯინებისთვის ქმნიდა სამოსს და ოცნებობდა იმ დღეზე, როცა გრძელ, ლამაზ აბრეშუმის კაბებს შეკერავდა.

ერთ დღესაც თანამშრომელთა ჯგუფი, მათ შორის მარიამი, სამუშაოდ ლიონში – ევროპის აბრეშუმის დედაქალაქში გაგზავნეს. გოგონას ბევრი არაფერი ებადა, მაგრამ მისთვის ყველაზე ძვირფასი განძი – თოჯინები – თან წაიღო.

1919 წლის ერთ მშვენიერ დღეს შანელის სახლის ახალგაზრდა დიზაინერი ანრი შავალე ლიონის ფაბრიკაში ქსოვილის შესარჩევად მივიდა. როგორც ამბობენ: „ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო“. უამრავი საერთო ინტერესითა და დიდი სიყვარულით, ანრიმ მალევე მოიგო ქართველი გოგონას გული. როგორც კი მარიამმა თავისი ყველზე ძვირფასი საიდუმლო და ოცნებები გაუმხილა, ანრიმ მისი ნამუშევრები შანელის სახლში წაიღო, სადაც ნიჭს ძალიან აფასებდნენ, და მარიამიც მაშინვე მიიწვიეს სამუშაოდ.

1922 და 1926 წლებში მარიამ შექმნა შანელის ორი გამორჩეულად ლამაზი აბრეშუმის კაბა, რომლებიც დღეს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმშია დაცული.

მარიამი და ანრი მალევე დაქორწინდნენ. ასე გახდა მარიამ მაჭავარიანი – მარია შავალე, შანელის სახლის წარმატებული დიზაინერი. მათი შთამომავლები კი დღემდე აქტიურად მოღვაწეობენ მაღალ მოდაში.

ავტორები: ნინო არაბიძე და მანო ბალიაშვილი