რას გვიყვება ქსოვილი? – ასე ერქვა ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც 2021 წლის მარტში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა ონლაინ ფორმატით განახორციელა. ვორქშოფი ყურადღებას ამახვილებდა ქსოვილთან დაკავშირებულ პირად ისტორიებზე, რაც კოლექტიურ მეხსიერებასთანაც სხვადასხვაგვარ ბმას პოულობს.
ოთხი შეხვედრის განმავლობაში, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები და ჩაერთნენ მუზეუმის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში.
მომხსენებელთა შორის იყვნენ: მარიამ შერგელაშვილი (აბრეშუმის მუზეუმის საგამოფენო პროგრამების კურატორი), ანა შანშიაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), სოფო ტაბატაძე (ხელოვანი) და ნინო ქვრივიშვილი (ხელოვანი). მოხსენებები შეეხებოდა ქსოვილთან დაკავშირებულ ეთნოგრაფიულ, სახელოვნებო, ტექნოლოგიურ და სხვა ასპექტებს. წარმოდგენილი თემების ადაპტირებულ ვერსიებს აბრეშუმის მუზეუმის ბლოგზე იხილავთ.
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეები წარადგენდნენ საკუთარ იდეებს და ჯგუფური განხილვის შედეგად, ამუშავებდნენ ქსოვილთან დაკავშირებულ პირად ამბებს. ყოველდღიურობაში მივიწყებული, თუ კარგად შენახული ქსოვილები/ამბები, ეტაპობრივად მეტ მნიშვნელობას იძენდა და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, კოლექტიური მეხსიერების სხვადასხვა მიმართულებაც იკვეთებოდა. ეს იმ ქსოვილებივითაა, რომლებიც ოდესღაც, სადღაც კარგად შეინახეს, ერთ დღეს რამის შესაკერად, ან თაობებისთვის გადასაცემად – ვორქშოფის ფარგლებში, ამას „ჩემოდანში შენახული ამბებიც“ ვუწოდეთ.
მონაწილეთა თემები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შეეხება საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიულ ნაწარმს, ქსოვილის შეგრძნებას, არქეტიპებსა და გაფორმებას, წარმოების სისწრაფესა თუ ეთიკურ საკითხებს. ამ ბლოგ პოსტის გვერდებზე ეტაპობრივად განთავსდება პირადი დამოკიდებულებები, მოგონებები, თუ წარმოდგენები, რომლებიც იმ ამბებს ეხმიანება, რაც ქსოვილმა ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ შეიძლება გაგვახსენოს. ამავდროულად, ისინი იმ მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, რაც დასაწყისში, პროექტის დასახელებაში შეკითხვით იყო წარმოდგენილი და კონტექტის მიხედვით გადააზრებას მოითხოვს.
კურატორები: დათა ჭიღოლაშვილი და მარიამ შერგელაშვილი
პროგრამა განახორციელა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა CEC ArtsLink-ის პროგრამა Art Prospect-ის გრანტის ფარგლებში.